იესო ნავეს ძე
41 და როცა დაასრულა მთელმა ერმა იორდანეს გადალახვა, უბრძანა უფალმა იესოს: 2 „ამოირჩიე ხალხიდან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან, 3 და უბრძანე მათ ასე: ‘აიღეთ აქედან, შუაგულ იორდანედან, სადაც მყარად იდგა მღვდლების ფეხები, თორმეტი ქვა, და თან წაიღეთ ისინი, და დადეთ ისინი სათევში, სადაც გაათევთ ამ ღამეს.’” 4 და მოუხმო იესომ თორმეტ კაცს, რომელნიც განაწესა ისრაელის ძეთაგან, თითო კაცს თითო ტომიდან; 5 და უთხრა მათ იესომ: „გაიარეთ უფლის, თქვენი ღმერთის, კიდობნის წინაშე, შუაგულ იორდანეში, და ზურგზე აიკიდოს თითოეულმა თქვენგანმა თითო ქვა, ისრაელის ძეთა ტომების რიცხვისამებრ, 6 რათა ეს იყოს ნიშანი თქვენს შორის. როცა გკითხავენ თქვენი ძეები: ‘ეს რა ქვები გაქვთ?’ 7 უთხარით მათ: ‘იორდანეს წყლები რომ გაიპო უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე; იორდანეზე მისი გადასვლისას გაიპო იორდანეს წყლები! და იქნება ეს ქვები სახსოვრად ისრაელის ძეთათვის უკუნისამდე.’” 8 და ასე მოიქცნენ ისრაელის ძენი, როგორც იესომ უბრძანა, და აიღეს თორმეტი ქვა შუაგულ იორდანედან, როგორც უთხრა უფალმა იესოს, ისრაელის ძეთა ტომთა რიცხვისამებრ, და გადაიტანეს ისინი თავიანთ სათევარში და დააწყვეს ისინი იქ. 9 და თორმეტი [სხვა] ქვა აღმართა იესომ შუა იორდანეში, იმ ადგილას, სადაც ფეხები ედგათ მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მტარებლებს, და იქ აწყვია დღემდე. 10 კიდობნის მტარებელი მღვდლები იდგნენ შუაგულ იორდანეში, ვიდრე არ შესრულდა ყველა სიტყვა, რომელიც უბრძანა უფალმა იესოს ხალხისათვის სათქმელად, რაც უბრძანა მოსემ იესოს; და ამასობაში გამალებული გადადიოდა. 11 და როცა დაასრულა მთელმა ხალხმა იორდანეს გადალახვა, აღთქმის კიდობანმა და მღვდლებმაც გადალახეს ხალხის წინაშე. 12 და გადალახეს რეუბენის ძეთ და გადის ძეთ, და მენაშეს ნახევარმა ტომმა –იარაღასხმულებმა, ისრაელის ძეთა წინ, როგორც უთხრა მათ მოსემ. 13 ორმოცი ათასამდე მოწინავე ჯარმა გადალახა უფლის წინ იერიხოს ველებზე საბრძოლველად. 14 იმ დღეს განადიდა უფალმა იესო მთელი ისრაელის თვალწინ და ეშინოდათ მისი, როგორც ეშინოდათ მოსესი, მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე. 15 და უთხრა უფალმა იესოს ასე: 16 „უბრძანე მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მტარებლებს, ამოვიდნენ იორდანედან.” 17 და უბრძანა იესომ მღვდლებს: „ამოდით იორდანედან.” 18 და როგორც კი ამოვიდნენ მღვდლები, უფლის აღთქმის კიდობნის მტარებელნი, შუაგულ იორდანედან, და როგორც კი მღვდლების ფერხთა ტერფებმა გადაინაცვლეს ხმელეთზე, დაბრუნდა იორდანეს წყალი თავის ადგილზე და იწყო დინება, როგორც უწინ, თავის მთელ სანაპიროზე. 19 და ამოვიდა ხალხი იორდანედან პირველი თვის მეათე დღეს, და დაბანაკდა გილგალში, იერიხოს აღმოსავლეთ მხარეს. 20 და თორმეტი ქვა, რომელიც აიღეს იორდანედან, აღმართა იესომ გილგალში. 21 და უთხრა ისრაელის ძეთ: „როცა შეეკითხებიან შენი ძეები მომავალში თავიანთ მამებს: ‘ეს რა ქვებიაო?’ 22 მაშინ ასწავლეთ თქვენს ძეებს ასე: ‘მშრალზე გადალახა ისრაელმა იორდანე’; 23 რადგან დააშრო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, იორდანეს წყლები თქვენს წინაშე, ვიდრე გადალახავდით მას, როგორც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მეწამულ ზღვას, რომელიც დააშრო ჩვენს წინაშე, ვიდრე არ გადავლახეთ, „რათა შეეცნო ქვეყნის ყოველ ხალხს ხელი უფლისა, რადგან ის ძლიერია, რათა გეშინოდეთ თქვენ დღენიადაგ უფლისა, თქვენი ღმერთისა.”