2 მეფეთა 5

By
მაისი 11, 2015
ძველი აღთქმა
2 მეფეთა

51 და მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონს და ასე უთხრეს: „აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ ყველანი. 2 გუშინაც და გუშინწინაც, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ გამოგყავდა და მიგყავდა ისრაელი, და უფალმა გითხრა შენ: შენ უნდა იყო ისრაელის წინამძღოლი.’” 3 და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და დადო დავითმა მათთან აღთქმა ხეობრონში უფლის წინაშე; და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი. 4 ოცდაათი წლისა იყო დავითი, როცა გამეფდა, და იმეფა ორმოცი წელი. 5 ხებრონში შვიდ წელიწადს და ექვს თვეს მეფობდა იგი იუდაზე. იერუსალიმში მეფობდა ოცდაცამეტი წელი მთელს ისრაელზე და იუდაზე. 6 და გაილაშქრეს დავითმა და მისმა კაცებმა იერუსალიმზე, იებუსელთა, იმ ქვეყნის მკვიდრთა, წინააღმდეგ. და მათ ასე უთხრეს დავითს: „ვერ შემოხვალ, რადგან ბრმები და კოჭლები გაგაქცევენ უკან”, – ეს ნიშნავდა: „ვერ შემოვა დავითი.” 7 და აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. – ეს არის დავითის ქალაქი. 8 და თქვა იმ დღეს დავითმა: „იებუსელთა ყოველმა მძლეველმა სატევრით მოსრას კოჭლებიც და ბრმებიც, დავითის მოძულენი”. ამიტომაც ამბობენ: კოჭლი და ბრმა ვერ შევაო [უფლის] სახლში. 9 და დადგა დავითი ციხე-სიმაგრეში და უწოდა მას დავითის ქალაქი, და ააშენა დავითმა ირგვლივ მილოდან და შიგნით. 10 და წარემართებოდა დავითს და აღემატებოდა, და იყო [მასთან] უფალი ღმერთი ცაბაოთი. 11 და გამოუგზავნა ხირამმა, ცორის მეფემ, დავითს მოციქულები, ფიჭვის ძელები, ხუროები, ქვისმთლელები და აუშენეს სახლი დავითს. 12 და მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ და რომ აღამაღლა მისი მეფობა თავისი ერის, ისრაელის, გამო. 13 და კიდევ მოიყვანა იერუსალიმში დავითმა ხარჭები და ცოლები ხებრონიდან მოსვლის შემდეგ და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები. 14 ეს არის, მათი სახელები, ვინც იერუსალიმში შეეძინა მას: შამუაყი, შობაბი, ნათანი და სოლომონი. 15 იბხარი, ელიშუაყი, ნეფეგი და იაფიაყი, 16 ელიშამაყი, ელიდა და ელიფელეტი. 17 როცა შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი, და დაიძრნენ ფილისტიმელები დავითის შესაპყრობად. და შეიტყო დავითმა და ციხე-სიმაგრეში შევიდა. 18 და მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე განლაგდნენ. 19 და დაეკითხა დავითი უფალს: „გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ ხელში მათ?” უთხრა უფალმა დავითს: „გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.” 20 და მივიდა დავითი ბაყალ-ფერაციმში და იქ სძლია მათ და თქვა: „წალეკა უფალმა ჩემი მტერი ჩემს წინაშე, როგორც წყალი წალეკავს.” ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს ბაყალ-ფერაციმი. 21 და იქ მიატოვეს თავიანთი კერპები და დავითმა და მისმა კაცებმა წაიღეს ისინი. 22 და კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და ველზე განლაგდნენ. 23 და დაეკითხა დავითი უფალს, და მან უთხრა: „პირისპირ ნუ მიეჭრები, ზურგიდან მოუარე და ბალზამის ხეების ჭალის მხრიდან მიადექი. 24 როგორც კი ბალზამის ხის კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმწამსვე შეიმართე, რადგან სწორედ მაშინ წაგიძღვება უფალი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსრავად.” 25 ისე გააკეთა დავითიმა, როგორც დაარიგა იგი უფალმა და გებაყიდან გაზერამდე მუსრს ავლებდა ფილისტიმელებს.

თავი მეოთხე
                                                                                                                                            თავი მეექვსე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close