2 მეფეთა
61 და კვლავ შეკრიბა დავითმა ყველა რჩეული ისრაელში, ოცდაათი ათასი. 2 და ადგა და წავიდა დავითი მთელი ხალხითურთ, ვინც მასთან იყო, იუდას ბაყალედან, რომ ამოეტანათ ღვთის კიდობანი, რომელიც იწოდა ცაბაოთ უფლის სახელით, ქერუბიმებზე მჯდომარისა. 3 და დაასვენეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და გამოაბრძანეს აბინადაბის სახლიდან, ბორცვზე რომ არის. ყუზა და ახიო, აბინადაბის ვაჟები, მიუძღოდნენ ახალ ურემს. 4 და როცა მოაბრძანებდნენ აბინადაბის სახლიდან, ბორცვზე რომ არის. ახიო წინ მიუძღვოდა კიდობანს. 5 და დავითი და მთელი ისრაელის ძენი უკრავდნენ უფლის წინაშე კვიპაროსის ხის საკრავებს, ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, სანგებსა და წინწილებს. 6 და როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან გადახარეს ხარებმა. 7 და აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ სითამამისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან. 8 და შეწუხდა დავითი, რომ განგმირა უფალმა ყუზა. დღემდე ეწოდება ამ ადგილს ფერეც-ყუზა. 9 და შეეშინდა უფლისა დავითს იმ დღეს, და თქვა: „როგორ მოვა ჩემამდე უფლის კიდობანი?” 10 და არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის გადატანა თავისთან, დავითის ქალაქში, და გითელი ყობედ-ედომის სახლისკენ გაახვევინა. 11 და დარჩა სამ თვეს უფლის კიდობანი გითელი ყობედ-ედომის სახლში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომი და მთელი მისი სახლი. 12 როცა შეატყობინეს დავითს, რომ აკურთხა უფალმა ღვთის კიდობნის გამო ყობედ-ედომის სახლი და მთელი მისი საბადებელიო, წავიდა დავითი და სიხარულით ამოაბრძანა ღვთის კიდობანი ყობედ-ედომის სახლიდან დავითის ქალაქში. 13 და როცა უფლის კიდობნის მტვირთავნი ექვს ნაბიჯს გაივლიდნენ, ის მსხვერპლად სწირავდა ერთ ხარსა და ცხვარს. 14 და რაც ძალი და ღონე ჰქონდა როკავდა დავითი უფლის წინაშე. და სელის ეფოდი ემოსა დავითს. 15 ყიჟინითა და ბუკის ცემით მიაბრძანებდნენ უფლის კიდობანს დავითი და ისრაელის მთელი სახლი. 16 და როცა უფლის კიდობანი შებრძანდა დავითის ქალაქში, სარკმლიდან გადმოიხედა საულის ასულმა მიქალმა, დაინახა უფლის წინაშე მოხტუნავე და მროკველი დავითი და დასცინა მას თავის გულში. 17 და მიაბრძანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს თავის ადგილზე შუა კარავში, რომელიც დადგმული ჰქონდა მისთვის დავითს. და სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი შესწირა დავითმა უფალს. 18 და როცა მორჩა აღსავლენი და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვას, ცაბაოთ უფლის სახელით დალოცა ერი. 19 და ჩამოურიგა მთელს ერს, ისრაელის მთელს კრებულს, კაცსა და დედაკაცს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო ქადა. მერე თავ-თავის სახლებში წავიდა ხალხი. 20 და როცა დაბრუნდა დავითი თავისი სახლის დასალოცად, გამოეგება მიქალი, საულის ასული, და უთხრა: „როგორ განდიდდა დღეს ისრაელის მეფე, რომ გაშიშვლდა დღეს თავის მსახურთა და მხევალთა თვალწინ, როგორც შიშვლდება ხოლმე ქარაფშუტა ვინმე.” 21 და უთხრა დავითმა მიქალს: „უფლის წინაშე, რომელმაც გამომარჩია მამაშენისგან და მთელი მისი სახლიდან, დამადგინა რა უფლის ერის, ისრაელის, წინამძღოლად, უფლის წინაშე სიხარულით ვიროკებ. 22 და რაც უფრო დავმცირდები და დავმდაბლდები ჩემს თვალში, მით უფრო დიდებული გამოვჩნდები მხევალთა წინაშე, მათ წინაშეც კი, შენ რომ ახსენე.” 23 და მიქალს, საულის ასულს, შვილი არ ჰყოლია სიკვდილის დღემდე.