2 მეფეთა 7

By
მაისი 11, 2015
ძველი აღთქმა
2 მეფეთა

71 როგორც კი დაიწყო მეფემ ცხოვრება თავის სახლში და მოასვენა იგი უფალმა გარშემო მტრებისგან, 2 მაშინ უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: „შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი სავანის ქვეშაა.” 3 და უთხრა ნათანმა მეფეს: „გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთან არის უფალი.” 4 და იმ ღამით იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა: 5 „წადი და უთხარი ჩემს მსახურს დავითს: ასე ამბობს-თქო უფალი; განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფლად? 6 მე ხომ არ დავმკვიდრებულვარ სახლში იმ დროიდან, რაც ისრაელის ძენი ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღევანდლამდე, მუდამ კარავში და სავანეში ვიმყოფებოდი მგზავრობისას. 7 აბა, ოდესმე თუ მითქვამს ისრაელის ძეთა შორის მოარულს ისრაელის რომელიმე ტომისთვის, ვისთვისაც ჩემი ერის, ისრაელის, მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი? 8 ახლა ასე უთხარი ჩემს მსახურს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ‘ცხვრის ფარიდან, წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლი ყოფილიყავი. 9 ყველგან შენთან ვიყავი, სადაც კი გივლია, და მინადგურებია შენი მტრები შენს წინაშე, და განმიდიდებია შენი სახელი, მსგავსად დიადთა სახელისა ამ ქვეყანაზე. 10 და ადგილს დავუდგენ ჩემს ერს, ისრაელს, და დავაფუძნებ მას, და იცხოვრებს იგი მშვიდად თავის ადგილზე, და მეტად აღარ შეშფოთდება, და ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ მას უწინდებურად, 11 მას შემდეგ, რაც მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრისგან. უფალი გაუწყებს შენ, რომ სახლს აგიშენებს უფალი. 12 და როცა დრო მოგივა და შენს მამებთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად შენს თესლს, რომელიც შენი საზარდულიდან გამოვა, და მის მეფობას განვამტკიცებ. 13 და ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისათვის და მე დავამტკიცებ მისი მეფობის ტახტს უკუნისამდე. 14 მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის. თუ შესცოდავს, გავწკეპლავ კაცთა წესით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით. 15 და არ წაერთმევა მას ჩემი წყალობა, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე შენი სახის წინაშე. 16 და მტკიცედ იდგება შენი სახლი და შენი სამეფო უკუნისამდე ჩემი სახის წინაშე. მყარი იქნება შენი ტახტი უკუნისამდე.’” 17 თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს. 18 და მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა: „ვინა ვარ მე, უფალო, ჩემო უფალო,და რა არის ჩემი სახლი, რომ ასე განმადიდე! 19 ესეც გემცირა თვალში, ჩემო უფალო, უფალო; და წინასწარ ილაპარაკე შენი მსახურის სახლზე. ადამის ძეთა წესია ეს, უფალო ჩემო, უფალო. 20 და კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა? შენ თავად იცნობ შენს მსახურს, უფალო, ჩემო უფალო! 21 შენი სიტყვისათვის და შენი გულის თანახმად სჩადიხარ ამ სიდიადეს და ამცნობ შენს მსახურს. 22 ამიტომაც დიდი ხარ შენ, უფალო ჩემო, უფალო! რადგან არავინაა შენი მსგავსი. არ არის ღმერთი შენს გარდა, ყველაფრის თანახმად, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ. 23 თუ არის ამქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის, მსგავსი, რომელსაც მოევლინა ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდა იგი, რომ ექცია თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საშინელი ამბები შენი ქვეყნისთვის ერის წინაშე, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, ხალხებისგან და ღმერთებისგან? 24 შენ განამტკიცე შენთვის შენი ერი ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო უკუნისამდე და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი! 25 ახლა უკუნისამდე განამტკიცე, უფალო, ღმერთო, ეგ სიტყვა, შენს მსახურზე და მის სახლზე რომ ბრძანე, აღასრულე, როგორც ნაბრძანები გაქვს. 26 იდიდოს შენმა სახელმა უკუნისამდე, რათა თქვან: ‘ცაბაოთ უფალი ღმერთია ისრაელზე!’ მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მსახურის, დავითის, სახლი! 27 რადგან შენ იყავი, ცაბაოთ უფალო, ისრაელის ღმერთო, რომ გამოუცხადე შენს მსახურს, სახლს აგიშენებო, ამიტომაც გაუწია გულმა შენს მსახურს ასეთი ლოცვით ელოცა შენს მიმართ. 28 ახლა, უფალო ჩემო, ღმერთი ხარ შენ და შენი სიტყვები ჭეშმარიტია, და შენი მსახურისათვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული. 29 ახლა ინებე და აკურთხე შენი მსახურის სახლი, რომ საუკუნოდ შენს წინაშე იყოს, რადგან ეს შენ წარმოთქვი, უფალო ჩემო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მსახურის სახლი საუკუნოდ!”

თავი მეექვსე                                                                                                                                                თავი მერვე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close