ძველი აღთქმა
2 მეფეთა
2 მეფეთა
241 კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ და ათქმევინა: „წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა.” 2 და უთხრა მეფემ იოაბს, თავის ლაშქრის სარდალს: „შემოიარე ისრაელის ყველა შტო დანიდან ბეერ-შებაყამდე და აღრიცხე ხალხი, რომ ვიცოდე ხალხის რიცხვი.” 3 და უთხრა იოაბმა მეფეს: „უფალმა, შენმა ღმერთმა შემატოს ერს ერთი ამდენი და კიდევ ასჯერ მეტი, და ამის მომსწრე გახადოს მეფე-ბატონი. მაგრამ რად ინება მეფე-ბატონმა ეს საქმე?” 4 და იძალა მეფის სიტყვამ იოაბზე და ლაშქრის სარდლებზე; და გავიდნენ მეფისგან იოაბი და ლაშქრის სარდლები ისრაელი ხალხის, აღსარიცხავად. 5 და გავიდნენ იორდანეს გაღმა და ყაროყერში დაიბანაკეს, ქალაქის მარჯვნივ, გადის ხეობაში რომ მდებარეობს, იაყეზერის პირდაპირ. 6 და მივიდნენ გილყადში და თახთიმ-ხოდშის მხარეში, აქედან წავიდნენ დანიაყანში და ციდონის მიდამოებში. 7 მივიდნენ ცორის ციხე-სიმაგრესთან და მოიარეს ხიველთა და ქანაანელთა ყველა ქალაქი და გავიდნენ იუდას სამხრეთით ბეერ-შებაყში. 8 და მოიარეს მთელი ქვეყანა და ცხრა თვისა და ოცი დღის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდნენ. 9 და მიართვა იაობმა მეფეს ხალხის აღრიცხვის გრაგნილი; და აღმოჩნდა ისრაელში რვაასი ათასი მებრძოლი, მახვილის მაშიშველებელი, და იუდაში ხუთასი ათასი კაცი. 10 და გულმა დაჰკრა დავითს მას შემდეგ, რაც აღრიცხა ერი. და უთხრა დავითმა უფალს: „დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა გევედრები შენ, უფალო, მიუტევე შეცოდება შენს მსახურს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.” 11 მეორე დღეს, როცა ადგა დავითი, უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველ გადს, დავითის მისანს: 12 „წადი და უთხარი დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: სამს შემოგთავაზებ, ერთ-ერთი აირჩიე, რომ დაგსაჯო.” 13 და მივიდა გადი დავითთან და გამოუცხადა ეს ამბავი: „რა გიჯობს, შვიდწლიანი შიმშილი შენს ქვეყანაში, სამი თვის ლტოლვილება შენი მტრებისგან და მათგან შენი დევნა, თუ შავი ჭირი სამ დღეს შენს ქვეყანაში? ახლა იფიქრე და აწონ-დაწონე, რა პასუხი მივუტანო ჩემს მომავლინებელს.” 14 და უთხრა დავითმა გადს: „მეტისმეტად დამწუხრებული ვარ, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება, ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.” 15 და მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში იმ დღიდან დათქმულ დრომდე. და გაწყდა დანიდან ბეერ-შებაყამდე სამოცდაათი ათასი კაცი. 16 და გაიწოდა ხელი ანგელოზმა იერუსალიმისკენ მის დასაღუპავად, მაგრამ უფალმა აკმარა უბედურება და უთხრა ხალხის დამღუპველ ანგელოზს: „კმარა! ახლა უკან წაიღე ხელი.” არავნა იებუსეველის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი. 17 და უთხრა დავითმა უფალს ხალხის შემმუსვრელი ანგელოზის დანახვისას: „აჰა, მე კი შევცოდე და დავაშავე, მაგრამ ამ ცხვრებმა რა გააკეთეს? ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი!” 18 და მივიდა დავითთან გადი იმავე დღეს და უთხრა: „წადი და აღუმართე უფალს სამსხვერპლო არავნა იებუსეველის კალოზე.” 19 და წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, როგორც უბრძანა უფალმა. 20 და გამოიხედა არავნამ და დაინახა მისკენ მომავალი მეფე და მისი მსახურნი, და გამოვიდა არავნა და მდაბლად თაყვანისცა მეფეს. 21 და თქვა არავნამ: „რისთვის მოსულა მეფე-ბატონი თავის მსახურთან?” უთხრა დავითმა: „შენგან კალოს საყიდლად და უფლის სამსხვერპლოს ასაგებად, რათა განერიდოს ხალხს ჟამიანობა.” 22 და უთხრა არავნამ დავითს: „აიღოს და აღავლინოს მეფე-ბატონმა, რაც ნებავს. აჰა, ხარები სრულადდასაწველად, აჰა, კევრი და ხარის უღელი შეშად.” 23 ყველაფერი მისცა მეფეს არავნამ. და უთხრა არავნამ მეფეს: „უფალი, შენი ღმერთი გწყალობდეს!” 24 და უთხრა მეფემ არავნას: „არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან. ვერ შევწირავ უფალს, ჩემს ღმერთს, მუქთ სრულადდასაწველს.” და იყიდა მეფემ კალო და ხარები ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად. 25 და აუგო დავითმა იქ უფალს სამსხვერპლო, აღავლინა აღსავლენი და სამშვიდობო მსხვერპლი, და შეიწყალა უფალმა ქვეყანა და განერიდა ჟამიანობა ისრაელს.