ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
491 ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსავლიდან მის დასავლამდე. 2 სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი. 3 მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია, და მის ირგვლივ – ძლიერი ქარიშხალი. 4 მოუწოდებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე: 5 „შემოიკრიბეთ ჩემი წმიდები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე.” 6 და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს, რადგან ღმერთია თვით მსაჯული. 7 „ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ: მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი. 8 მსხვერპლისათვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირავები ყოველთვის ჩემს წინაშეა. 9 არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი ფარეხებიდან ვაცებს. 10 რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში. 11 ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან. 12 თუ მომშივდა არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი. 13 ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ? 14 მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი. 15 და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.” 16 ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ ჩემს კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა, 17 გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები? 18 როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან გაქვს წილი. 19 პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს. 20 დაჯდები და შენი ძმის წინააღმდეგ ლაპარაკობ, და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ. 21 ეს ჩაიდინე შენ და მე ვდუმდი; გეგონა, რომ მეც შენსავით ვარ; გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ. 22 ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, რომ არ მოგსრათ და არ იყოს მშველელი. 23 მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე, და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას.”