16 სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღმერთის შვილები ვართ. 17 ხოლო თუ შვილები – მაშინ მემკვიდრენიც, ღმერთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად განვდიდნეთ კიდეც. 18 რადგან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ. 19 რადგან მთელი ქმნილება იმედით მოელის ღმერთის შვილთა გამოცხადებას. 20 რადგან ქმნილება თავისი ნებით არ დამორჩილებია ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის ნებით, მაგრამ სასოებით, 21 რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღმერთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის. 22 რადგან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად გმინავს და იტანჯება აქამდე, 23 და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვგმინავთ ჩვენში, რადგან მოველით შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას. 24 რადგან სასოებით ვართ გამოხსნილნი. ხილული სასოება აღარ არის სასოება, რადგან, თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს? 25 ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას. 26 ასევე სულიც ეხმარება ჩვენს უძლურებას. რადგან არ ვიცით, როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით. 27 ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ რომ, იგი ღმერთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.