დაბადება 28:11-22

By
აგვისტო 22, 2015
11 და მიადგა ერთ ადგილს, სადაც დარჩა ღამის გასათევად, რადგან მზე უკვე ჩაესვენა. აიღო ერთი ქვა და დაიდო სასთუმლად, და დაწვა დასაძინებლად. 12 ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება. ღვთის ანგელოზები ადიან და ჩამოდიან კიბეზე. 13 და უფალი იდგა ზედ და ამბობდა: „მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა, და ღმერთი ისააკისა. ეს მიწა, სადაც წევხარ, შენთვისა და შენი მოდგმისთვის მომიცია. 14 და ქვიშასავით გამრავლდება შენი მოდგმა, და განივრცობი დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. კურთხევა იქნებით შენ და შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ტომისათვის. 15 მე შენთან ვარ, და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ. და დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ, რაც გითხარი.“ 16 როცა გამოფხიზლდა იაკობი ძილისაგან, თქვა: „ჭეშმარიტად უფალია ამ ადგილზე და მე არ ვიცოდი!“ 17 და შეეშინდა და თქვა: „რა თავზარდამცემია ეს ადგილი! რა არის ეს, თუ არა სახლი ღვთისა და ცათა კარიბჭე.“ 18 და ადგა იაკობი დილაადრიან და აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, და აღმართა იგი ძეგლად და ზეთი დაასხა ზედ. 19 და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი. წინათ კი ლუზი ერქვა ამ ადგილს. 20 და აღთქმა დადო იაკობმა ამ სიტყვებით: „თუ იქნება ღმერთი ჩემთან და დამიფარავს ამ გზაზე, რომლითაც მე მივდივარ, და მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს – შესამოსად, 21 და მშვიდობით დამაბრუნებს შინ, მამაჩემთან, და უფალი იქნება ჩემი ღმერთი, 22 და ეს ქვა, ძეგლად რომ აღვმართე, იყოს ღვთის სახლი, და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი!“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close