მიქა
61 ისმინეთ, რას ამბობს უფალი: „აღდექ, დავა გაუმართე მთებს და ასმინე შენი ხმა გორაკებს! 2 ისმინეთ, მთებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს. 3 ჩემო ერო, რა გაგიკეთე, და რითი დაგაღონე? გამეცი პასუხი. 4 ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიმძღვარე მოსე, აარონი და მირიამი. 5 ჩემო ერო, გაიხსენე, რას განიზრახავდა ბალაკი – მოაბის მეფე, და რა პასუხს სცემდა მას ბილყამ ბეყორის ძე, შიტიმიდან გილგალამდე, რათა გცოდნოდა უფლის წყალობანი.” 6 რით წარვდგე უფალთან და თაყვანივცე მაღალ ღმერთსო? სრულადდასაწველებით, წელგამოვლილი ხბორებით ხომ არ წარვდგეო? 7 ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილ? 8 ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე. 9 უფლის ხმა მოუწოდებს ქალაქს და, ვინც ნაცადია, შეეშინდება შენი სახელის: „გაუგონეთ კვერთხს და მის დამდგენელს. 10 თუ არის კიდევ უკეთურის სახლში უკეთური განძი და დამცრობილი საწყაო, დაწყევლილი? 11 როგორ გავამართლო უკეთური სასწორი და ქისა – მატყუარა საწონით? 12 რადგან ქალაქის მდიდრები აივსნენ დატაცებულით. მისი მცხოვრებნი ტყუილებს ლაპარაკობენ, და ცრუა მათი ენა მათ პირში. 13 და მეც სასტიკად დაგცხებ, გაგატიალებ შენი ცოდვების გამო. 14 შეჭამ და ვერ ვაძღები, შიმშილი გექნება მუცელში. გადამალავ, მაგრამ ვერ შეინარჩუნებ –მახვილს მივცემ. 15 დათესავ და ვერ მოიმკი, ზეთს გამოხდი და ვერ იცხებ, ღვინოს დაწურავ და ვერ შესვამ. 16 მოქმედებს თქვენში ყომრის წესები და ყოველი საქმე – ახაბის სახლისა; მისდევთ მათ თათბირს, რომ გაგატიალოთ და სასაცილოდ გავხადო მისი მცხოვრებნი, და ჩემი ერის სირცხვილი იტვირთოთ.”