21 და მოუხმო მოსემ ისრაელის ყოველ უხუცესს და უთხრა მათ: „აარჩიეთ კრავები თქვენ თქვენი საგვარეულოებისათვის და დაკალით პასექი. 22 და აიღეთ უსუპის კონა და ამოაწეთ სისხლში, რომელიც თასშია, და წააცხეთ კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლს. არავინ გამოხვიდეთ სახლის კარიდან დილამდე. 23 და ჩაივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრად და იხილავს სისხლს კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლზე და გვერდს ჩაუვლის უფალი თქვენს კარს და არ შემოუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში შესამუსრად. 24 წესად დაიცავით ეს თქვენთვის და თქვენს შვილთათვის უკუნისამდე. 25 როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ უფალი, როგორც ამბობდა, იქაც დაიცავით ეს მსახურება. 26 და როცა გეტყვიან თქვენი შვილები, ეს რა მსახურება გაქვთო? 27 ეტყვით: პასექის მსხვერპლია-თქო უფლისადმი, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელიანთა სახლებს ეგვიპტეში, როცა მუსრავდა ეგვიპტეს და იხსნა ჩვენი სახლები.“ და მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა. 28 წავიდნენ და ზუსტად ისე გააკეთეს ისრაელიანთ, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს.