საქმეები 4:33
მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ უფალ იესოს აღდგომას, და დიდი მადლი იყო ყველა მათგანზე.
ესაია 55:10-11
რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და აღარ ბრუნდება უკან, თუ არ დაარწყულა დედამიწა, არ გაანაყოფიერა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური – მჭამელს; ასე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი ბაგიდან – ფუჭად არ დამიბრუნდება იგი, რადგან იმას მოიმოქმედებს, რაც მსურს და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე.
საქმეები 14:26-27
იქიდან უკან, ანტიოქიისკენ გასცურეს, სადაც ღვთის მადლს გადაეცნენ იმ საქმისთვის, მათ რომ აღასრულეს. ჩავიდნენ, შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რა მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად და როგორ გაუხსნა რწმენის კარი წარმართებს.
1 კორინთელთა 15:10-11
მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაცა ვარ; და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე; თუმცა არა მე, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა. და აი, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ და თქვენც ასე ირწმუნეთ.
1 კორინთელთა 1:17-25
რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ მოსანათლად, არამედ სახარებლად. არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი. ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა. რადგან წერია: ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე? და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღთაებრივ სიბრძნეში, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით. ვინაიდან იუდეველნი სასწაულებს მოითხოვენ, ხოლო ბერძნები სიბრძნეს ეძებენ, ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის – უგუნურებას, ხოლო მოწოდებულთათვის – იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც – ვქადაგებთ ქრისტეს, ღმერთის ძალასა და ღმერთის სიბრძნეს. რადგან ღვთის უგუნურება ადამიანებზე უბრძენესია, და ღვთის სისუსტე – ადამიანებზე უძლიერესი.
ლუკას 4:18-19
„უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად”.
ესაია 61:1-2
უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად. უფლის სასურველი წელიწადისა და ჩვენი ღმერთის შურისგების დღის გამოსაცხადებლად, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე.
საქმეები 10:44-48
პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ეს სიტყვა ესმოდა. მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ წარმართებსაც მოეფინათ სულიწმიდის ნიჭი, რადგან ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ თქვა პეტრემ: „ვის შეუძლია წყლით ნათლობა დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?” და უბრძანა მათ, იესო ქრისტეს სახელით მონათლულიყვნენ. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან.
კოლასელთა 4:3-4
ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა სიტყვის კარი გაგვიღოს ღმერთმა, ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც შებორკილი ვარ, რათა ისე გავაცხადო იგი, როგორც მმართებს, რომ ვაუწყო.
2 თესალონიკელთა 3:1
და ბოლოს, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა გავრცელდეს და განდიდდეს უფლის სიტყვა, როგორც თქვენ შორისაა,
ებრაელთა 4:2
რადგან კი გვეხარა, როგორც მათ, მაგრამ მოსმენილ სიტყვას სარგებლობა არ მოუტანია მათთვის, რადგან მსმენელთა რწმენას არ შეერწყა.
1 თესალონიკელთა 2:13
ამიტომ, ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა მიიღეთ, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა – როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნენო.
მათეს 12:41
ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და აჰა, აქ არის იონაზე დიდი.
მარკოზის 1:3-5
ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, გაუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”. მოვიდა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად. იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი გამოდიოდა მასთან, ინათლებოდნენ მის მიერ მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.
რომაელთა 16:25-27
ხოლო – მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება, ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც მიდუმებული იყო საუკუნეთაგან, ახლა კი გაცხადდა წინასწარმეტყველური წერილებით და მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას – ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ეფესელთა 4:11-16
და მან მოგვცა ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლებად, ზოგნი კი მწყემსებად და მასწავლებლებად, რათა აღჭურვონ წმიდანები მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას, რათა გარდავიქმნათ სრულქმნილ კაცად, ქრისტეს სისრულის ასაკის ზომისამებრ. რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და წარიტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით, არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე. ვის მიერაც მთელი სხეული, ერთად შერწყმული და შეერთებული ყოველგვარი სახსრით, რომლითაც არის აღჭურვილი, სხეულის თითოეული ასოს სათანადო მოქმედებით ახორციელებს სხეულის ზრდას, თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად.
კოლასელთა 2:6-7
ამიტომ როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში ფესვგადგმულებმა და მასში აღშენებულებმა, როგორც გისწავლიათ, რწმენით გულდაჯერებულებმა, და გარდამეტებული მადლიერებით.
მარკოზის 16:20
ისინი კი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი ნიშნებით.