განწმენდის საშუალებები და შედეგები ბიბლიური ციტატები

1 კორინთელთა 6:11
ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი უწინ; მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.

რომაელთა 8:9-11
ხოლო თქვენ, ხორცში კი არ ხართ, არამედ სულში, თუ ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის. და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის. და რაკი თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.

რომაელთა 15:15-16
მეც მეტი გაბედულებით გწერდით აქა-იქ, როგორც თქვენდამი შეხსენებას ღვთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით, რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა მისაღები გახდეს წარმართთა შესაწირი, სულიწმიდის მიერ განწმედილი.

1 კორინთელთა 12:13
ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად – იუდეველნი თუ წარმართნი, მონები თუ თავისუფალნი; და ყველას ერთი სული გვისვამს.

2 კორინთელთა 1:21-22
ხოლო ის, ვინც თქვენთან ერთად გვაფუძნებს ქრისტეში და გვცხო, ღმერთია, რომელმაც დაგვბეჭდა და სულის საწინდარი მოგვცა ჩვენს გულებში.

ეფესელთა 1:13-14
მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით, რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია ქონების გამოსყიდვაში, ღმერთის დიდების საქებრად.

2 თესალონიკელთა 2:13
ჩვენ კი ყოველ ჟამს გვმართებს მადლიერება ღვთისადმი თქვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმებო, ვინაიდან დასაბამიდან ამოგირჩიათ ღმერთმა ხსნისთვის, სულით განწმედასა და ჭეშმარიტების რწმენაში,

ტიტეს 3:4-7
ხოლო, როცა გამოჩნდა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის სიკეთე და კაცთმოყვარეობა, მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, ჩვენ რომ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ; რათა მისი მადლით გამართლებულები, საუკუნო ცხოვრების მემკვიდრენი გავხდეთ, რისი იმედიც გვაქვს.

1 პეტრეს 1:1-2
პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული, პონტოში, გალატიაში, კაბადოკიაში, აზიასა და ბითვინიაში განთესილ რჩეულ ხიზნებს. მამა ღმერთის წინასწარი განჭვრეტით ამორჩეულებს და სულის მიერ განწმედით იესო ქრისტესადმი დასამორჩილებლად და მისი სისხლის საპკურებლად – მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ.

1 პეტრეს 2:2-3
როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი, სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის. რადგან იგემეთ, რომ კეთილია უფალი,

მეორე რჯული 11:18
ჩაიდეთ ეს ჩემი სიტყვები გულსა და სამშვინველში, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე მიიკარით თვალებს ზემოდან.

ფსალმუნები 118:12-18
კურთხეულ ხარ, უფალო! მასწავლე შენი წესები. ჩემი ბაგეებით ვაცხადებ შენი პირის ყველა სამართალს. შენი მოწმობების გზაზე ვხარობ, ვითარცა დიდ სიმდიდრეზე. ვიფიქრებ შენს დადგენილებებზე და დავუკვირდები შენს გზებს. შენი წესებით გავიხარებ და შენს სიტყვას არ დავივიწყებ. კეთილი უყავ შენს მსახურს, რათა ვიცოცხლო და დავიცვა შენი სიტყვა. ამიხილე თვალები, რომ დავინახო შენი რჯულის საოცრებები.

ფსალმუნები 142:4-5
ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, მივტირი ყოველ შენს საქმეს და ვფიქრობ შენი ხელის ნამოქმედარზე. შენკენ ვიწვდი ხელებს, გამოფიტული მიწასავით მოსწყურდი ჩემს სულს.

იოანეს 17:17
განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით; შენი სიტყვაა ჭეშმარიტება.

კოლოსელთა 3:16
უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.

იაკობის 1:25
მაგრამ ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და რჩება მასში, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარ არის, არამედ საქმის მქმნელი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.

1 ტიმოთეს 6:11-12
შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს. იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც ხარ მოწოდებული, და მრავალი მოწმის წინაშე აღიარე კეთილი აღსარება.

2 კორინთელთა 7:1
ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისგან და ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე.

გალატელთა 5:24
ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.

ეფესელთა 4:1
ამიტომ გემუდარებით, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს.

1 თესალონიკელთა 5:22
ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.

1 პეტრეს 2:9-12
თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ. ოდესღაც ხალხი რომ არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ; ოდესღაც – არაშეწყალებულნი, ახლა კი – შეწყალებულნი. საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს. განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც თქვენი სულის* წინააღმდეგ იბრძვიან. კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს.

რომაელთა 6:19-22
ადამიანურად ვამბობ, თქვენი ხორცის უძლურების გამო: როგორც გადასცემდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისათვის, ახლა ასევე გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს – განსაწმედად. რადგან, როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან. აბა, რა ნაყოფი გქონდათ მაშინ? საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, ვინაიდან მათი ბოლო სიკვდილია. ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ბოლო კი – მარადიული სიცოცხლე.

რომაელთა 8:5-14
ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა. იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია. ამიტომ, მათ, რომლებიც ხორცში არიან, არ ძალუძთ ასიამოვნონ ღმერთს. ხოლო თქვენ, ხორცში კი არ ხართ, არამედ სულში, თუ ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის. და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის. და რაკი თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული. ამიტომ, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ ძმებო, რომ ხორციელად ვიცხოვროთ; ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ. რადგან, ვისაც ღმერთის სული წარმართავს, ისინი არიან ღვთის შვილები.

გალატელთა 2:20
ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული! მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცხოვრობ, რწმენით ვცოცხლობ, ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის.

გალატელთა 5:16-24
აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს. ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი – ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ. და თუ სულს მიყვებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ. ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.

ფსალმუნები 144:18
ახლოსაა უფალი ყველასთან, ვინც მას მოუხმობს, ყოველთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას.

მათეს 7:7-8
ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს – ღებულობს, ვინც ეძიებს – პოულობს და ვინც აკაკუნებს – გაეღება.

1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.

ნეემია 1:6-9
მომაპყარი ახლა შენი ყური, ხოლო შენი თვალები გახელილი იყოს, რათა ისმინო შენი მსახურის ლოცვა შენ წინაშე, რომელსაც შენს მსახურებზე, ისრაელის ძეებზე აღვავლენ დღედაღამ. ვაღიარებ ისრაელის ძეთა ცოდვებს, რომლებითაც შეგცოდეთ შენ: მე და მამაჩემის სახლეულმაც შევცოდეთ. დანაშაულს ჩავდიოდით შენ წინაშე, არ ვიცავდით მცნებებს, წესებსა და სამართალს, რომელიც უბრძანე მოსეს, შენს მსახურს. გაიხსენე, გემუდარები, სიტყვა, რომელიც ამცნე მოსეს, შენს მსახურს: თუ მიორგულებთ, ხალხებში გაგაბნევთო. ხოლო თუ მომიბრუნდებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ მათ, ცის კიდემდე რომ იყოთ გაბნეულნი, იქიდან მოგაგროვებთ და მოგიყვანთ იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო!

ფსალმუნები 31:5
ცოდვა ჩემი ვაღიარე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა.

იგავნი 28:13
ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება, მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას ჰპოვებს.

ესაია 64:5-7
შენ ეგებები მას, ვინც სიხარულით იქმს სიმართლეს და ახსოვხარ შენი გზების მეშვეობით. აჰა, მრისხანებდი, რადგან გამუდმებით ვცოდავდით, როგორღა გადავრჩებით? უწმიდურივით გავხდით ყველანი და ყოველი ჩვენი მართალი საქმე ბინძური სამოსელივითაა; ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ქარივით წაგვიღებს ჩვენი უმართლობა. არავინაა შენს სახელს რომ მოუხმობდეს, თავს რომ იფხიზლებდეს, რათა მოგეჭიდოს, რადგან სახე დაგვიმალე და ჩვენსავე უმართლობას გადაგვეცი.

იერემია 14:20-22
ვიცი, უფალო, ჩვენი ბოროტება, ჩვენი მამების ურჯულოება, რადგან შენ წინააღმდეგ შევცოდეთ. ნუ უარგვყოფ შენი სახელის გულისთვის, ნუ შეარცხვენ შენი დიდების ტახტს, გაიხსენე და ნუ გააუქმებ ჩვენთან დადებულ აღთქმას. განა არის ხალხთა კერპების შორის წვიმის მომყვანი? განა ცა თავისით იძლევა თავსხმას? განა ეს შენ არა ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო? ამიტომ ვართ შენზე დაიმედებულნი, რადგან შენ მოიმოქმედე ეს ყოველივე.

მათეს 5:13
თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი გაუგემურდა, რითღა დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთა მიერ გასათელად.

იოანეს 15:6
ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ.

2 კორინთელთა 12:20-21
ვინაიდან, ვშიშობ, რომ როცა მოვალ, გპოვებთ თქვენ არა ისეთებს, როგორიც მე მსურს რომ იყოთ, და თქვენც ისეთს მპოვებთ, როგორიც არ გსურთ რომ ვიყო; მაშ, ნუ იქნება თქვენში შუღლი, შური, მძვინვარება, დავიდარაბა, ცილისწამება, ენატანიობა, სიამაყე და არეულობა. რათა კვლავ რომ მოვალ, არ დამამდაბლოს ჩემმა ღმერთმა თქვენს წინაშე და არ ვიგლოვო მრავალნი, რომელთაც ადრე შესცოდეს და არ მოინანიეს უწმიდურება, სიძვა და გარყვნილება, რასაც სჩადიოდნენ.

1 ტიმოთეს 1:18-19
ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე მოვლენილი უწინდელი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა მისი მეშვეობით იომო, როგორც კეთილმა მეომარმა, გქონდეს რწმენა და კეთილი სინდისი, რაც ზოგიერთმა უარყო და, რამაც დაამსხვრია მათი რწმენის ხომალდი.

ეზეკიელი 18:24
ხოლო, თუ მართალი შეაქცევს ზურგს თავის სიმართლეს და ჩაიდენს ყველა იმ უმართლობას, რასაც ბოროტი სჩადის, განა იცოცხლებს? აღარ გაუხსენებენ მთელ მის სიმართლეს, თავის დანაშაულში, რითაც მუხთლობდა და ცოდვაში, რასაც სცოდავდა – მოკვდება!

გალატელთა 1:6-7
მიკვირს, რომ ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე იმისგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით. თუმცაღა არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შემოაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება.

ებრაელთა 12:15
გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღვთის მადლი, რათა რაიმე მწარე ფესვი არ აღმოცენდეს, ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს;

გამოცხადება 2:4-5
მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ის მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული. ამიტომ გაიხსენე, სად დაეცი, მოინანიე და აკეთე პირვანდელი საქმეები. თორემ, მალე მოვალ შენთან და გადავწევ შენს სალამპრეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ.

1 პეტრეს 5:8-9
იყავით მღვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი ტანჯვანი თქვენს ძმებსაც ხვდებათ ქვეყნიერებაზე.

იაკობის 4:7
ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.

ლუკას 12:15
უთხრა: „იფხიზლეთ და დაიცავით თავი ანგარებისგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული”.

რომაელთა 13:13
მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა ღრეობითა და ლოთობით, არა გარყვნილებითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით,

მარკოზის 4:18-20
ეკალთა შორის დათესილი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას, მაგრამ ქვეყნიერების საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი შედიან მათში, აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება იგი. კარგ ნიადაგზე დათესილი კი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას, მიიღებენ და ნაყოფიც მოაქვთ: ერთი ოცდაათად, სამოცად და ასად”.

2 პეტრეს 2:14-18
მათი თვალები აღსავსეა მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით; ისინი უმტკიცო სულებს აცდუნებენ, ანგარებაში გაწვრთნილი გულები აქვთ და წყევლის შვილები არიან! სწორი გზა მიატოვეს, ცდუნდნენ და ბილყამ ბოსორელის გზას დაადგნენ, რომელმაც უკეთურობის საზღაური შეიყვარა; მაგრამ მხილებულ იქნა თავის ურჯულოებაში; უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის უგუნურება. ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები; საუკუნო წყვდიადია მათთვის გამზადებული. ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებსა და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, რომლებიც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ.

1 იოანეს 2:16-17
ვინაიდან ყოველივე, რაც წუთისოფელშია – ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და ამაო დიდება ცხოვრებისა – მამისგან კი არა, წუთისოფლისგან არის. წუთისოფელიც გადადის და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი უკუნისამდე რჩება.

2 კორინთელთა 9:8
ღმერთს კი ძალუძს სიუხვე მოგცეთ ყოველგვარ მადლში, რათა ყველაფერში ყოველივეს საკმარისად მქონენი, უხვნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისთვის.

ეფესელთა 2:10
ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი, კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებში ვიაროთ.

კოლოსელთა 1:10
რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ასიამოვნოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანით და ღვთის შემეცნებაში ზრდით;

კოლოსელთა 3:15-17
და ბატონობდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რომლისკენაც ერთ სხეულად ხართ მოწოდებულნი; და იყავით მადლიერნი. უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით. რასაც არ უნდა აკეთებდეთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ მადლობდეთ ღმერთს.

1 პეტრეს 2:21
ვინაიდან ამისათვის ხართ კიდეც მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და ნიმუშიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ;

1 კორინთელთა 11:1
მომბაძეთ მე, როგორც მე – ქრისტეს.

კოლოსელთა 1:28
რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა შევაგონოთ და ვასწავლოთ ყოველ ადამიანს ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარვადგინოთ სრულქმნილად ქრისტე იესოში.


მსგავსი თემები:

განწმენდის არსი და საფუძვლები

Close
Close