მათეს 7:24-27
ამიტომ ყველა, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და აღასრულებს მათ, იმ კეთილგონიერ კაცს ჰგავს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს; ის კი არ დაეცა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული. ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა იგი – და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა.
მათეს 9:15
უთხრა მათ იესომ: „განა შეიძლება გლოვობდნენ მექორწილეები, ვიდრე მათთან არის ნეფე? მაგრამ დადგება დღე, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ.
მათეს 9:16
ძველ ტანისამოსს არავინ დაადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, რადგან ახლად დაკერებული მაინც მოიხევა სამოსელისგან და უარესად დაიხევა.
მათეს 9:17
არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, რათა ტიკები არ დასკდეს; ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაფუჭდება. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება”.
მათეს 12:43
როცა არაწმიდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში მოსვენების ძიებაში და ვერ პოულობს.
მათეს 13:3
მრავლად ელაპარაკა მათ იგავებით და ეუბნებოდა: „აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.
ლუკას 8:5
„გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად; თესვისას ზოგი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.
მათეს 13:24-30
სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა: „ცათა სამეფო ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. როცა ეძინათ ადამიანებს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ხორბალში და წავიდა. ჯეჯილი რომ აღმოცენდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები და ჰკითხეს სახლის პატრონს: ბატონო! განა კარგი თესლი არ დათესე ყანაში? ღვარძლი საიდანღა შეერია? მან კი უთხრა მათ: მტერი კაცის ნახელავია ეს. მონებმა უთხრეს: თუ გვიბრძანებ, წავალთ და გავმარგლავთ. მაგრამ მან უთხრა: არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოგლიჯოთ. გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ”.
მათეს 13:31-32
სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა მათ: „ცათა სამეფო წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში. იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როდესაც იზრდება, ყველა ბოსტნეულს აღემატება და ხედ იქცევა. მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებს შეაფარებენ თავს”.
ლუკას 13:19
მდოგვის მარცვალს ჰგავს იგი, რომელიც აიღო კაცმა და თავის ბაღში დათესა; გაიზარდა, იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს”.
მათეს 13:33
სხვა იგავიც უთხრა მათ: „ცათა სამეფო წააგავს საფუარს, რომელიც აიღო დედაკაცმა და ჩამალა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა”.
მათეს 13:44
ცათა სამეფო წააგავს მინდორში დაფარულ საუნჯეს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს.
მათეს 13:45-46
კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძიებს; როგორც კი ძვირფას მარგალიტს იპოვის, წავა, გაყიდის ყოველივეს, რაც აბადია და მას იყიდის.
მათეს 13:47-50
კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი ჯიშის თევზს იჭერენ. როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გადაყრიან. ასევე იქნება წუთისოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და გამოაცალკევებენ ბოროტებს მართლებისგან. ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
მათეს 15:10-15
მოუხმო იმ ხალხს და უთხრა: „ისმინეთ და შეიგნეთ: ადამიანს ბილწავს არა ის, რაც პირში შედის, არამეს ის, რაც პირიდან გამოდის; ეს ბილწავს ადამიანს”. მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს: „იცი, რომ ცდუნდნენ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით?” მან კი პასუხად მიუგო: „ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. მოეშვით მათ, ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. თუ ბრმას ბრმა გაუძღვება, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან”. პეტრემ უთხრა: „განგვიმარტე ეს იგავი”.
მათეს 18:23-35
ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან. ანგარიშსწორება რომ დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა. და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბრძანა ბატონმა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ებადა, რომ ვალი დაეფარა. მაშინ პირქვე დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო. პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა. მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და ყოველივე აუწყეს. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე? განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაუხდიდა. ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”.
მათეს 20:1-16
„რადგან ცათა სამეფო წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, დილაადრიანად რომ გავიდა თავისი ვენახისთვის მუშაკთა დასაქირავებლად. მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში. მესამე საათი იქნებოდა, რომ კვლავ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში რომ იდგნენ უქმად. უთხრა მათ: თქვენც წადით ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო; და ისინიც წავიდნენ. კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა. გავიდა თერთმეტ საათზეც, კიდევ ნახა უქმად მდგარნი და უთხრა მათ: რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად? უპასუხეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა. უთხრა მათ: წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო. რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მნეს: დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე. მივიდნენ თერთმეტ საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი. პირველად მისულებმა იფიქრეს, მეტს მოგვცემენო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს. როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს. ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა, მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე ავიტანეთო. მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ, განა დინარად არ მოგირიგდი? აიღე შენი გასამრჯელო და წადი; მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. ნუთუ არა მაქვს უფლება, რაც მე მეკუთვნის ჩემი ნებისამებრ მოვიხმარო? იქნებ შენს თვალს შურს, რომ კეთილი ვარ? ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი – უკანასკნელნი, რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა”.
მათეს 21:28-32
აბა, რა გგონიათ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში. მან უპასუხა: არ მინდა, ბატონო. მერე ინანა და წავიდა. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან უპასუხა: წავალ, ბატონო. მაგრამ არ წავიდა. იმ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?” მიუგეს: „პირველმა”. უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმერთის სამეფოში; რადგან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას, თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი.
მათეს 22:2-14
„ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გაუმართა. გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ არ ისურვეს მოსვლა. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და დააბარა: უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ნადიმი, ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში! მაგრამ მათ ყურად არ იღეს შემოთვლილი და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგიც თავის სავაჭრო საქმეზე. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა. მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ქორწილის სუფრა მზად არის, მაგრამ მოწვეულები უღირსნი აღმოჩნდნენ. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა შემხვედრი მოიწვიეთ ქორწილში. გავიდნენ მონები გზებზე და ყველა შეკრიბეს, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი; და სტუმრებით აივსო საქორწინო დარბაზი. შევიდა მეფე სტუმრების სანახავად და ნახა იქ კაცი, რომელსაც საქორწინო სამოსელი არ ეცვა. უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ საქორწინო სამოსელის გარეშე? ის კი დუმდა. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა. რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი – ცოტა”.
მათეს 24:32-34
ლეღვისგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს გამოიტანს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 33 ასევე, როცა ყოველივე ამას იხილავთ, იცოდეთ, რომ ახლოა, კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.
მათეს 24:43
ეს კი გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, ღამის რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა, და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა.
მარკოზის 3:24
თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ დაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს.
მარკოზის 3:25
თუ სახლი თავისივე წინააღმდეგ დაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს;
მარკოზის 3:27
ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ შებოჭავს. მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.
ლუკას 11:21
როცა ძლიერი კაცი შეიარაღებული იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მის ქონებას არაფერი დაემუქრება.
ლუკას 6:41-42
და რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ? ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ბეწვი ამოგიღო თვალიდან, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას ბეწვი თვალიდან.
ლუკას 6:43-45
არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს. რადგან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა; ნარ-ეკლიდან ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს, არც მაყვლოვანზე იკრიფება ყურძენი. კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან ბოროტება გამოაქვს; რადგან გულის სისავსიდან მეტყველებს მისი პირი.
იოანეს 10:1-6
„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, „ვინც კარიდან არ შედის ცხვრის სადგომში, არამედ სხვა გზით გადადის, ქურდია და ავაზაკი. ხოლო, ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია. მეკარე უღებს მას და ცხვარი ისმენს მის ხმას, იგი სახელებით მოუხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. თავისებს რომ გამოიყვანს, წინ გაუძღვება და ცხვარიც მიჰყვება, რადგან იცნობს მის ხმას. უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოს ხმას არ იცნობს”. ეს იგავი უთხრა მათ იესომ; მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა.
იოანეს 15:1-5
„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ხოლო მამაჩემი მევენახეა. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი გაწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ უკვე განიწმიდეთ იმ სიტყვით, მე რომ გელაპარაკეთ. დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც – თუ არ დარჩებით ჩემში. მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.