მარკოზის 2:1-12
რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში; ხმა დაირხა, სახლშიაო. უმალვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარებში ტევა აღარ იყო; და ეუბნებოდა მათ სიტყვას. მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა. და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლეს მასთან მიახლოება, სახურავი გადახადეს იმ სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და საწოლი, რომელზეც დავრდომილი იწვა, ხვრელიდან ჩაუშვეს შიგნით. მათი რწმენა რომ იხილა იესომ, უთხრა დავრდომილს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!” ზოგიერთი იქ მჯომთაგან მწიგნობარი იყო და გულში ფიქრობდა: „რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?” იესო სულით მაშინვე მიხვდა, რასაც ისინი გულში ფიქრობდნენ, და მიმართა: „რატომ ფიქრობთ ასეთ რამეს თქვენს გულებში? რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის – მოგეტევა შენი ცოდვებიო, თუ იმის თქმა – ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარეო? ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე, უთხრა დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!” ისიც მაშინვე ადგა, აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას დასანახად. ყველა განცვიფრდა, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „ასეთი რამ არასოდეს გვინახავს”.
ლუკას 5:18
აჰა, კაცებმა სარეცლით მოიყვანეს ადამიანი, რომელიც დავრდომილი იყო; უნდოდათ შიგნით შეეყვანათ და იესოს წინაშე დაეწვინათ,
მარკოზის 2:3
მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა.
მარკოზის 2:9
რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის – მოგეტევა შენი ცოდვებიო, თუ იმის თქმა – ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარეო?
მათეს 9:2
და აჰა, მიუყვანეს ლოგინად ჩავარდნილი დავრდომილი. იხილა რა მათი რწმენა, უთხრა იესომ დავრდომილს: „გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები”.
მათეს 4:24
და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და კურნავდა მათ.
საქმეები 9:33
ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რვა წელიწადს დავრდომილი რომ იწვა სარეცელზე.
საქმეები 8:7
მრავალი დაკავებულისგან ყვირილით გამოდიოდნენ არაწმიდა სულები; ბევრი დავრდომილიც და კოჭლიც იკურნებოდა.
მათეს 8:6
უთხრა: „უფალო, სახლში მსახური მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება”.