2 პეტრეს 3:11-12
თუკი ყველაფერი ასე დაინგრევა, როგორღა უნდა იყოთ წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში, რაკი ელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვებიან და დადნებიან.
ფსალმუნები 45:1-11
ყალამოთის ხმაზე. გალობა. ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, სწრაფი შემწე გასაჭირში. ამიტომ არ შეგვეშინდება, ქვეყნიერებაც რომ შეიცვალოს, მთები რომ იძრნენ ზღვათა შუაგულში. თუნდ იხმაურონ, იბობოქრონ მათმა წყლებმა. მთები ირყეოდნენ მათი მღელვარებისგან. არსებობს მდინარე, რომლის ნაკადებიც ახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს უზენაესისას. ღმერთი მის შუაგულშია; ის არ შეიძვრის, განთიადზევე მოვა ღმერთი მის დასახმარებლად. ღრიალებენ ერები, ზანზარებენ სამეფონი; როდესაც ის ხმას გამოსცემს, ლღვება დედამიწა. ძალთა უფალი ჩვენთანაა; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა. ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდემდე, მშვილდს მუსრავს და შუბს ამსხვრევს, ეტლებს ბუგავს ცეცხლით. შეჩერდით და შეიცანით, რომ მე ვარ ღმერთი: ამაღლებული ერებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე.
ფსალმუნები 74:2-3
როცა მოვა შესაფერი დრო, გავასამართლებ სისწორით. როცა ირყევა დედამიწა ყველა მისი მცხოვრებით, მე ვამაგრებ მის სვეტებს.
ესაია 24:1-6
აჰა, უფალი აუკაცრიელებს ქვეყანას და აოხრებს მას, ასხვაფერებს მის სახეს და ფანტავს მის მცხოვრებთ. და ერთი იქნება ერი და მღვდელი, მონა და მისი ბატონი, მხევალი და მისი ქალბატონი, მყიდველი და გამყიდველი, გამსესხებელი და მსესხებელი, მევახშე და მოვალე. გაუკაცრიელდება ქვეყანა და გაიძარცვება, რადგან უფალმა წარმოთქვა ეს სიტყვა. გლოვობს, მიილია ქვეყანა, სასოწარკვეთილებაში მიილია ქვეყანა, დაუძლურდნენ დიდებულნი ქვეყნის ერისა. ქვეყანა შეიბილწა მისი მცხოვრებლების მიერ, რადგან გადავიდნენ რჯულს, შეცვალეს წესი, დაარღვიეს საუკუნო აღთქმა. ამის გამო წყევლამ შეჭამა ქვეყანა და დაისაჯნენ მისი მცხოვრებნი; ამის გამო გადაიბუგნენ ქვეყნის მცხოვრებნი და სულ ცოტა დარჩა ხალხი.
ესაია 24:19-23
დალეწვით დაილეწა ქვეყანა, მსხვრევით დაიმსხვრა ქვეყანა, რყევით შეირყა ქვეყანა. რხევით ირხევა ქვეყანა, როგორც მთვრალი, და როგორც კარავი, ისე ირწევა, დაამძიმებს მას მისი დანაშაული და დაეცემა და ვეღარ აღდგება. და იქნება იმ დღეს: დასჯის უფალი ზეცის მხედრობას ზეცაში და მიწის მეფეებს მიწაზე. და შეიყრებიან ისინი ერთად, როგორც პატიმარნი დილეგში; და ჩაკეტილნი იქნებიან კლიტულში, და მრავალი დღის შემდეგ გაიხსენებენ მათ. გაწბილდება მთვარე და შერცხვება მზეს, რადგან უფალი ცაბაოთი გამეფდება სიონის მთაზე და იერუსალიმში. და დიდება იქნება მის უხუცესთა წინაშე. უფალო, ჩემი ღმერთი ხარ შენ! გადიდებ შენ, მადლობას მივაგებ შენს სახელს, რადგან საოცრება მოიმოქმედე,
ესაია 34:4-15
დალპება ცის მხედრობა, ცა ეტრატივით დაიგრაგნება, და მთელი მისი მხედრობა ჩამოცვივა, როგორც ფოთოლი სცვივა ვაზს, და როგორც დამჭკნარი ფოთოლი სცვივა ლეღვს. ცაში გამოჩნდება ჩემი მახვილი; ედომს დააცხრება – სასჯელს აღასრულებს იმ ხალხზე, რომელიც დასაღუპად დავარისხე. უფლის მახვილი სისხლშია დასვრილი! კრავების, ვაცების სისხლსა და ვერძთა თირკმელების ქონში ცურავს: მსხვერპლს სწირავენ უფალს ბოცრაში, დიდი დაკვლებია ედომელთა მიწაზე. მათთან ერთად ხოცავენ გარეულ ხარებს და მოზვრებს და უშობელებს, მიწა დათვრება სისხლით, და ნიადაგი ქონით გაიპოხება. შურისძიების დღე აქვს უფალს, საზღაურის წელი სიონის გამო. და იქცევა მისი მდინარეები ფისად და მისი ნიადაგი – გოგირდად. და მისი მიწა გავარვარებულ ფისად გადაიქცევა. არც ღამით, არც დღისით არ ჩაქრება; საუკუნოდ იდენს მისი კვამლი; თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება ყოველთვის. უკუნეთიდან უკუნისამდე არავინ გაივლის იქ. და დაიმკვიდრებენ მას ვარხვი და ზღარბი; ჭოტი და ყორანი დაიბუდებენ მასზე; და გადაიზომება ის მოოხრების ლარით და უკაცრიელების შვეულით. მისი დიდებულნი გამოაცხადებენ, რომ იქ აღარაა სამეფო. და მისი მთავარნი არარაობად იქცევიან. მის სასახლეებში ეკალ-ბარდი აღმოცენდება, ციხესიმაგრეებში – ჭინჭარი და კუროსთავი; და იქნება ის ტურების ბუნაგი, სირაქლემათა საყუდელი. და შეხვდებიან იქ უდაბნოს მხეცები აფთრებს, ჭინკები ერთმანეთს გასჩხავლებენ. იქ დაივანებს ალი და ჰპოვებს მშვიდ ადგილს. იქ დაიბუდებს ბუ, კვერცხებს დადებს და ბარტყებს გამოიყვანს, და შემოიკრებს ჩრდილში. იქ შეგროვდებიან ძერებიც, წყვილ-წყვილად მოფრინდებიან.
იერემია 7:18-20
შვილები ხეებს აგროვებენ, მამები კი ცეცხლს აჩაღებენ; ქალები ცომს ზელენ, რომ დაამზადონ კვერები ცის დედოფლის საპატივცემოდ და ღვრიან შესაწირავს სხვა ღმერთებისათვის, რათა გამაბრაზონ მე. მაგრამ მე მაბრაზებენ ისინი,” – სიტყვა უფლისა, – „თუ თავიანთ თავს – შესარცხვენად? ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „აჰა, ჩემი რისხვა და ჩემი გულისწყრომა გადმოინთხევა ამ ადგილზე, ადამიანზე და საქონელზე, მინდვრის ხეზე და მიწის ნაყოფზე; და გაღვივდება და არ ჩაქრება.”
ამოსი 9:5
უფალი, ცაბაოთ ღმერთი თუ შეეხო მიწას, დადნება იგი და ატირდება ყოველი მისი მკვიდრი; აიწევს მაღლა ნილოსივით და დაბლა დაიწევს ეგვიპტის მდინარესავით.
მიქა 1:1-7
უფლის სიტყვა, რომელიც იყო მორეშეთელი მიქას მიმართ იუდეის მეფეების: იოთამის, ახაზის და ხეზეკიას დროს, და რომელიც გამოეცხადა სამარიისა და იერუსალიმის გამო. ისმინეთ, ყველა ხალხებო! გაიგონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან. რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და შედგება დედამიწის სიმაღლეებზე. მთები იძვრიან მის ფერხთა ქვეშ და ღელენი დნებიან მის ქვეშ, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან გადმოვარდნილი წყალი. იაკობის უკეთურების გამოა ეს ყველაფერი და ისრაელის სახლის ცოდვის გამო. რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა? რა არის იუდეის გორაკი? იერუსალიმი ხომ არა? ველზე დაყრილ ნანგრევებად ვაქცევ სამარიას, ვაზის გასაშენებელ ადგილად; ველზე გადავყრი მის ქვებს და გამოვაჩენ მის საძირკველს. ყველა მისი კერპი დაიმსხვრევა, ყოველი მისი სიძვით მოგებული ცეცხლში დაიწვება, და გავანადგურებ ყველა მის ქანდაკს, რადგან სიძვის გასამრჯელოთი აგროვებდა მათ, ამიტომაც სიძვის გასამრჯელოდ იქცევიან.
ნაუმი 1:1-8
ეს არის ნინევეს განაჩენი, წიგნი ელკოშელი ნაუმის ხილვისა. მოშურნე და შურისმგებელი ღმერთია უფალი. შურისმგებელია უფალი და რისხვიანი. შურს მიაგებს უფალი თავის მოწინააღმდეგეთ და ჯავრს არ შეარჩენს თავის მტრებს. სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის დატოვებს. გრიგალშია უფალი და ქარბორბალაშია მისი სავალი. ღრუბელი მის ფერხთა მტვერია. დაემუქრება ზღვას და ამოაშრობს, და დაშრეტს ყველა მდინარეს. გადახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი. მთები კანკალებენ მის წინაშე და ლღვებიან ბორცვები. დედამიწა თრთის მის წინაშე, სამყარო და ყოველი მისი მკვიდრი. ვინ გაუძლებს მის წყრომას? ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან. კეთილია უფალი – ციხესიმაგრე გასაჭირში, და სცნობს მათ, ვინც მას ესავენ. მოვარდნილი ღვართქაფივით წალეკავს მის ადგილს, და თავის მტრებს ჩარეკავს წყვდიადში.
სოფონია 1:2-4
ყველაფერს ავხვეტავ მიწის პირიდან, – ამბობს უფალი. ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს, ცის ფრინველს და ზღვის თევზებს, ცდუნებებს უკეთურებთან ერთად. მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან, – ამბობს უფალი. ხელს მოვუღერებ იუდეას და იერუსალიმის ყველა მკვიდრს. მოვკვეთ ამ ადგილიდან ბაყალის ნატამალს, ქურუმთა სახსენებელს მღვდლებთან ერთად,
სოფონია 3:8-10
ამიტომაც მელოდეთ მე, – ამბობს უფალი, – იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა. რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახუროს მას. ჩემი გაფანტული ხალხის ძენი ქუშის მდინარეთა გაღმიდან მომართმევენ ძღვენს.