ესაია 45:12
მე შევქმენი დედამიწა და შევქმენი ადამიანი მასზე; ჩემმა ხელებმა გადაჭიმეს ზეცა და მთელი მისი ლაშქარი მე დავადგინე.
დაბადება 1:31
იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგი იყო ფრიად. იყო საღამო და იყო დილა – მეექვსე დღე.
იობი 26:7-10
მან განავრცო ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა; იგი ჰკრავს წყლებს თავის ღრუბლებში და არ სკდება ღრუბელი მათ ქვეშ. სახეს უფარავს მთვარეს და თავისი ღრუბელი განავრცო მასზე; წრე შემოავლო წყალთა ზედაპირს ისევე, როგორც საზღვარი ნათელს ბნელთან ერთად;
იობი 38:4-11
სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება. ვინ დაადგინა მისი საზომი, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი? რაზე დგას მისი საძირკვლები, ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი? როცა ერთობლივად გალობდნენ ცისკრის ვარსკვლავები და ყიჟინებდა ღვთის ყველა შვილი? ვინ ჩაკეტა ზღვა კარიბჭეებით, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან? როცა ნისლი სამოსელად მივეცი და სქელი ღრუბელი – სახვევებად, როცა დავუდგინე ჩემი წესები, დავუყენე ურდული და ბჭენი? ვუთხარი: აქამდე მოხვალ, მეტად არა; აქ უნდა შედგნენ შენი ამაყი ზვირთები-მეთქი.
ფსალმუნები 8:3
როცა შენს ზეცას ვუმზერ – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე,
ფსალმუნები 18:1
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მის ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.
ფსალმუნები 103:5-9
დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ შეირყევა უკუნისამდე. სამოსელივით გადააფარე წყლები; მთებს ზემოთ იყო წყლები. გაკიცხე და უკუიქცნენ, შენი ქუხილის ხმაზე გაქანდნენ. ამაღლდნენ მთები, დადაბლდნენ ველნი იმ ადგილზე, სადაც დაუდგინე. ზღვარი დაუდე – ვერ გადალახავენ, ვერ დაბრუნდნენ დედამიწის დასაფარად.
ესაია 40:26
მაღლა აღაპყარით თვალნი და შეხედეთ: ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ლაშქარი, ყველას თავ-თავის სახელს უწოდებს, არავინ დააკლდება მისი ძალის ძლიერების გამო.
საქმეები 17:26
ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები,
დაბადება 8:22
სანამ იქნება დედამიწა, არ გაუქმდება მასზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე”.
ფსალმუნები 64:9
ზრუნავ მიწაზე და რწყავ, უხვად ავსებ დოვლათით; ნაკადი ღვთისა სავსეა წყლით, რომ მისცე ადამიანებს პური, რადგან ასე დაადგინე.
ფსალმუნები 103:14-27
აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისთვის და მცენარეულობას – ადამიანისთვის, რომ ისაზრდოოს მიწისგან; ღვინოს, კაცის გულის გასამხიარულებლად, ზეთს – მისი სახის გასაბრწყინებლად და პურს – გული რომ გაიმაგროს. დარწყულდნენ ხენი უფლისანი და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა. ჩიტები იდებენ იქ ბუდეს: კვიპაროსები ყარყატთა სახლია. მთანი მაღალნი – ქურციკისთვის, კლდენი კი დამანთა თავშესაფარია. მთვარე შექმნა დროის დასადგენად, იცის მზემ თავისი დასავალი. ჩამოაწვენ ბნელს და დაღამდება, მაშინ ამოძრავდება ტყის ყველა ნადირი. ლომის ბოკვერნი ბრდღვინავენ ნადავლისთვის და ღმერთს საკვებს სთხოვენ. ამოვა მზე – შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში წვებიან. გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაოს საღამომდე. რა აურაცხელია შენი საქმენი, უფალო! სიბრძნით შეჰქმენ ყოველივე, სავსეა დედამიწა შენი ქმნილებებით. აქვეა ზღვა, დიადი და უკიდეგანო, რომელშიც ურიცხვადაა ქვეწარმავალი, არსებანი მცირენი – დიდებთან ერთად. მასში მიმოდიან ხომალდები, იქ სათამაშოდ შექმენი ლევიათანი. ყველა შენ მოგელის, რომ მისცე საზრდო თავის დროზე.
ფსალმუნები 144:15
ყველას თვალი შენ შემოგცქერის, შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.
საქმეები 14:17
თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, გვაძლევდა წვიმას ზეციდან და ნაყოფიერ დღეებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს”.