რუთი 4:17
და სახელი მეზობლის ქალებმა დაარქვეს და თქვეს: „ვაჟი შეეძინა ნაყომის.” და დაარქვეს სახელად ყობედი. იგი იყო მამა იესესი, დავითის მამისა.
1 მეფეთა 16:10-13
ასე ჩამოატარა იესემ თავისი შვიდი ძე სამუელის წინაშე, მაგრამ უთხრა სამუელმა იესეს: „ამათგან არც ერთი არ აურჩევია უფალს.“ და ჰკითხა სამუელმა იესეს: „სულ ეს არიან შენი ყმაწვილები?“ და თქვა მან: „კიდევ დარჩა ამათ გარდა უმცროსი, მაგრამ ის ცხვარსა მწყემსავს.“ და უთხრა სამუელმა იესეს: „გააგზავნე და მოაყვანინე, რადგან მის მოსვლამდე ინახით ვერ დავსხდებით.“ გააგზავნა იესემ და მოაყვანინა ის. წითური იყო, ლამაზი თვალები ჰქონდა და სანდომიანი სახე. და უთხრა უფალმა სამუელს: „ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის.“ და აიღო სამუელმა ზეთით სავსე რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. და დაივანა უფლის სულმა დავითზე იმ დღიდან მოყოლებული. ადგა სამუელი და წავიდა რამას.
1 მეფეთა 17:34-36
და უთხრა დავითმა საულს: „შენი მსახური თავისი მამის ფარას მწყემსავდა; და როცა დამეცემოდა ლომი ან დათვი და ფარიდან ცხვარს მომტაცებდა, გავეკიდებოდი, დავეცემოდი და ნადავლს პირიდან ვგლეჯდი. ხოლო თუ შემომიტევდა, ყბებში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი. ლომსაც და დათვსაც ამარცხებდა შენი მსახური. ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივე დაემართება, რადგან სირცხვილში აგდებს იგი ცოცხალი ღვთის რაზმებს.“
1 მეფეთა 17:42
და დაინახა ფილისტიმელმა დავითი და სასაცილოდ აიგდო, რადგან ყმაწვილი იყო იგი, წითური და თვალად ლამაზი შესახედავი.
1 მეფეთა 17:50-51
და სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით. დაამარცხა და მოკლა იგი. და მახვილი არ სჭერია დავითს ხელში. მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს, აიღო მისი მახვილი, ქარქაშიდან ამოაძრო და მოკლა იგი და მოსჭრა თავი. და როცა დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი, გაიქცნენ.
1 ნეშტთა 28:4
თუმცა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, მამაჩემის სახლიდან მე ამომირჩია, რათა მთელი ისრაელის მეფე გავმხდარიყავი საუკუნოდ. რადგან იუდა ამოირჩია მთავრად, იუდას სახლიდან კი მამაჩემის სახლი ამოირჩია, მამაჩემის ძეთაგან კი ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე.
1 მეფეთა 23:14
და დაინახა დავითმა, რომ გამოვიდა საული მის მოსაკლავად, და დარჩა დავითი ზიფის უდაბნოში, ერთ ტყეში.
1 მეფეთა 24:5-7
მერე კი გული ეტკინა დავითს, რომ მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს. და უთხრა თავის ხალხს: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი.” და ამ სიტყვებით შეაკავა თავისი კაცები დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. ადგა და გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და გავიდა გზაზე.
2 მეფეთა 1:8-11
მითხრა: ‘დამადექი და მომკალი, რადგან საშინელ ტანჯვაში ვარ, რადგან ჯერ კიდევ მიდგას სული.’ და დავადექი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ მაინც არ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. და მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, და სამაჯური, ხელზე რომ ეკეთა, და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს.” ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა. და ასე ქნა ყველამ, ვინც კი მასთან იყო. და მოთქვამდენ და ტიროდნენ, და საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ.
2 მეფეთა 2:4
მოვიდნენ იუდაელნი და სცხეს დავითი მეფედ იუდას სახლზე. და შეატყობინეს დავითს, რომ გილყადის იაბიშელებს უკვე დაუმარხავთ საული.
2 მეფეთა 3:1
და იყო ხანგრძლივი განხეთქილება საულის სახლსა და დავითის სახლს შორის. დავითი უფროდაუფრო ძლიერდებოდა, ხოლო საულის სახლი უფროდაუფრო სუსტდებოდა.
2 მეფეთა 5:3-5
და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და დადო დავითმა მათთან აღთქმა ხეობრონში უფლის წინაშე; და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი. ოცდაათი წლისა იყო დავითი, როცა გამეფდა, და იმეფა ორმოცი წელი. ხებრონში შვიდ წელიწადს და ექვს თვეს მეფობდა იგი იუდაზე. იერუსალიმში მეფობდა ოცდაცამეტი წელი მთელს ისრაელზე და იუდაზე.
2 მეფეთა 8:6
და დააყენა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და გახდნენ არამელები დავითის მსახურნი და მოხარკენი. და ყველგან, სადაც კი მიდიოდა, უფალი შაეეწეოდა დავითს.
2 მეფეთა 8:15
და მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა მთელს თავის ხალხს.
2 მეფეთა 20:1-2
და მოხვდა იქ ერთი უგვანი კაცი, სახელად შებაყი, ბიქრის ძე, ბენიამინელი. ჰკრა ბუკს და გამოაცხადა: „არა გვაქვს წილი დავითთან და არა გვაქვს წილი იესეს ძეში! ყველა თავის კარვებისაკენ, ისრაელიანებო!” და ზურგი აქცია დავითს ისრაელმა და გაჰყვნენ შებაყ ბიქრის ძეს, ხოლო იუდა არ მოშორებია თავის მეფეს, იორდანედან იერუსალიმამდე.
2 მეფეთა 23:13-17
და ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათ მეთაურთაგანნი და მივიდნენ დავითთან ყადულამის მღვიმეში ალოობისას, ხოლო ფილისტიმელთა ურდოები რეფაიმის ველზე იყვნენ დაბანაკებულნი. დავითი მაშინ კლდის სიმაგრეში იყო, ხოლო ფილისტიმელების მეციხოვნეები ბეთლემში იდგნენ. და მოსწყურდა დავითს და თქვა: „ვინ შემასმევს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?“ და გაარღვია ამ სამმა მოყმემ ფილისტიმელთა ბანაკი, და ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მიუტანეს დავითს, მაგრამ მან არ ინდომა მისი შესმა და უფლის წინაშე დაღვარა. და თქვა: „შორს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც შემესვას ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ!“ და არ ინდომა დავითმა წყლის შესმა. ეს საქმეები ჰქონდათ ჩადენილი ამ სამ მოყმეს.
2 მეფეთა 23:1-7
ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები, რომელნიც წარმოთქვა დავითმა, იესეს ძემ, კაცმა მაღლით დადგინებულმა, იაკობის ღვთის ცხებულმა და ისრაელის ტკბილხმოვანმა მგალობელმა: „უფლის სული მეტყველებს ჩემი პირით; და ჩემს ენაზეა მისი სიტყვა. მითხრა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იხელმწიფებსო ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს და იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, ნათება ნაწვიმარზე, მიწიდან აბიბინებული ბალახი. განა ასეთი არ არის ჩემი სახლი ღმერთის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ მოდის ჩემი შველა? განა მისით არ მისრულდება ჩემი ნატვრა? უკეთურნი ეკლებივით აღმოიფხვრებიან, ხელით რომ არ აიღება. ახლოს მიმსვლელს რკინა უნდა ეჭიროს და შუბის ტარი, ცეცხლში ამოიბუგებიან ადგილზევე, სადაც ყრიან.“
3 მეფეთა 2:1-9
და როცა მოახლოვდა დავითის სიკვდილის დღეები, ეს უანდერძა მან თავის ძეს, სოლომონს: „მე მივდივარ მთელი ქვეყნიერების გზით, განმტკიცდი და მამაცად იყავი; და ემსახურე უფალს, შენს ღმერთს, იარე მის გზებზე, დაიცავი მისი წესები, მისი მცნებანი, მისი სამართალი, მისი მოწმობანი, როგორც წერია მოსეს რჯულში, რათა ხელი მოგემართოს ყველაფერში, რასაც გააკეთებ, და ყველგან, საითკენაც პირს იზამ; რათა აღასრულოს უფალმა ჩემზე ნათქვამი თავისი ყოველი სიტყვა, რომ თუ შენი ძენი დაიცავენო თავიანთ გზას და ჭეშმარიტებით და მთელი გულითა და სულით ივლიან ჩემს წინაშე, არ დაილევაო შენიანი კაცი ისრაელის ტახტზე. შენც იცი, რა გამიკეთა იოაბმა, ცერუიას ძემ; რა გაუკეთა ისრაელის ლაშქრის ორ სარდალს: აბნერ ნერის ძესა და ყამასა იეთერის ძეს; როგორ დახოცა ისინი და მშვიდობის დროს ბრძოლის სისხლი დაღვარა, და უბრალო სისხლით დაისვარა თავისი სარტყელი და ხამლნი. სიბრძნით მოიქეცი და მშვიდობით ნუ ჩაუშვებ მის სიბერეს შავეთში. ხოლო ბარზილაი გალაადელის შვილებს წყალობა მიაგე, თანამეინახეებად გყავდეს, რადგან ახლობლობა ჰქონდათ ჩემთან, როცა შენს ძმას, აბესალომს გავურბოდი. აჰა, შენთან არის შიმეყი, გერას ძე, ბახურიმელი ბენიამინის ძეთაგანი; ის იყო, მწარედ რომ მწყევლიდა, როცა მახანაიმში მივდიოდი; მაგრამ ის იორდანეზე ჩამოვიდა ჩემს შესაგებებლად, და მეც უფლის სახელით შევფიცე და ვუთხარი, მახვილით არ მოგკლავ-მეთქი. შენ კი ნუ დატოვებ დაუსჯელს, რადგან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე, რათა სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანო შავეთში.“
3 მეფეთა 2:10-12
და განისვენა დავითმა თავის მამებთან და დაიმარხა დავითის ქალაქში. დავითის მეფობის ხანგრძლივობა ისრაელზე 40 წელი იყო – ხებრონში შვიდ წელიწადს მეფობდა, იერუსალიმში – ოცდაცამეტს. და დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და ძლიერ განიმტკიცა მეფობა.