მეორე რჯული 6:1-2
და აჰა, მცნებები, წესები და სამართალნი, რომელნიც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, რომ გასწავლოთ თქვენ, რათა შეასრულო იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ. რათა გეშინოდეს უფლისა, შენი ღვთისა, რომ დაიცვა ყველა მისი წესი და მისი მცნება, რომელთაც მე გიბრძანებთ, შენ და შენს ძეს, და შენი ძის ძეს, მთელი შენი სიცოცხლის დღეებში, რათა დღეგრძელი იყო.
გამოსვლა 20:13-14
არა კლა.
არ იმრუშო.
2 მეფეთა 15:7-10
და ორმოცი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: „წავალ ხებრონში და შევუსრულებ უფალს აღთქმას, რომელიც აღთქმული მაქვს. რადგან ასეთი აღთქმა დადო შენმა მსახურმა გეშურში, არამში ყოფნისას: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს.” და უთხრა მეფემ: „მშვიდობით წადი.” და ადგა და წავიდა ხებრონს. გზირები დაგზავნა აბესალომმა ისრაელის ყველა ტომში და შეუთვალა: „ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: ‘აბესალომი გამეფდა ხებრონს!’”
4 მეფეთა 11:1-3
როცა დაინახა ღათალიამ, ახაზიას დედამ, რომ მოკვდა მისი შვილი, ადგა და ამოწყვიტა მთელი სამეფო მოდგმა. მაგრამ იოშებაყმა, მეფე იორამის ასულმა, ახაზიას დამ, აიყვანა იოაში, ახაზიას ძე, და მოიპარა დასახოცად განწირულ უფლისწულთაგან; და მის ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დამალეს ღათალიასგან, და ვერ მოკლეს. ექვს წელს მალავდნენ იმასთან ერთად უფლის სახლში, მაშინ როცა ღათალია მეფობდა ქვეყანაზე.
მათეს 2:16
როდესაც დაინახა, რომ გაწბილებული დარჩა მოგვებისგან, განრისხდა ჰეროდე და მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსი ბეთლემსა და მთელ მის საზღვრებში, იმ დროის მიხედვით, რომელიც მოგვებისგან შეიტყო.
საქმეები 7:56-60
და თქვა: „აჰა, მე ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღმერთის მარჯვნივ მდგომს.“ მაგრამ მათ ხმამაღალი ყვირილი მორთეს, ყურები დაიცვეს და ერთსულოვნად დაეძგერნენ. გაათრიეს ქალაქის გარეთ და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფეხთით, რომელსაც სავლე ერქვა. და რომ ქოლავდნენ, სტეფანე უხმობდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული!“ მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ ჩაუთვლი მათ ამას ცოდვად!“ ეს თქვა და მიიძინა.
იოანეს 8:3-4
მოიყვანეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ქალი, მრუშობაში შეპყრობილი, დააყენეს შუაში და უთხრეს მას: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაშია შეპყრობილი.
1 კორინთელთა 5:1-2
საყოველთაოდ გავრცელდა ხმა, რომ უზნეობაა თქვენს შორის, თანაც ისეთი უზნეობა, რომლის მსგავსი წარმართებშიც კი არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი ჰყავს ცოლად. და თქვენ კიდევ ამპარტავნობთ, იმის ნაცვლად, რომ გლოვობდეთ და მოიკვეთოთ თქვენგან ასეთი საქმის ჩამდენი.
იოანეს 12:5-6
„რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?“ ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო, ყულაბა მას ებარა და ხანდახან იღებდა თავისთვის შიგ ჩაყრილს.
მათეს 26:59-60
მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი
იგავნი 1:10-19
შვილო ჩემო, თუ ცოდვილნი ეცდებიან გაცდუნონ, ნუ გაჰყვები მათ. თუ გეტყვიან: „წამოდი ჩვენთან, ჩავუსაფრდეთ სისხლის საღვრელად, უმიზეზოდ დავუდარაჯდეთ უდანაშაულოთ, და ცოცხლად გადავყლაპოთ ისინი, როგორც შავეთმა საფლავში ჩამავალნი, ყოველგვარ სიმდიდრეს მოვიხვეჭთ, ჩვენს სახლებს ნაყაჩაღარით ავავსებთ; წილი დაიდე ჩვენთან, საერთო ქისა გვექნება ყველას!“ შვილო ჩემო, ნუ ივლი მათი გზით, ფეხი მოარიდე მათ ბილიკებს, რადგან მათი ფეხი საბოროტოდ რბის და სისხლის დათხევას ესწრაფვის; ამაოდ უგებენ ფრინველს მახეს, თუ მისი მახვილი თვალი ხედავს მას. თავიანთი სისხლის დასაღვრელად არიან ჩასაფრებულნი და საკუთარი თავის მოსაკლავად დადარაჯებულან ისინი. ასეთია ყველა უძღები მომხვეჭლის გზები: საკუთარ თავს ღუპავენ ისინი.
იგავნი 6:20-29
დაიცავი, შვილო ჩემო, მცნება მამისა, და დედის დამოძღვრას ნუ გადახვალ. გულზე დაიბნიე სამუდამოდ და ყელზე შემოიხვიე; სიარულისას გიწინამძღვრებენ, ძილში დაგიფარავენ და გამოღვიძებულს კეთილად გესაუბრებიან. რადგან მცნება ლამპარია, სწავლა – სინათლეა, ხოლო შეგონება სიცოცხლის გზაა. ისინი დაგიფარავენ ავი ქალისაგან, უცხო ქალის დაშაქრული ენისაგან. გულში ნუ ჩაგეჭრება მისი მშვენება, და ნუ დაგატყვევებს თავისი წამწამებით, რადგან მეძავის ფასი ნატეხი პურია, სხვისი ცოლი კი მთელი შენი სიცოცხლის მომნადირებელია. ვინ გამოიკრავს ცეცხლს უბეში, სამოსელი რომ არ დაეწვას? თუ გაივლის ვინმე ნაკვერცხლებზე ფეხების დაუწველად? ასევეა სხვის ცოლთან მიმსვლელიც, დამნაშავე იქნება მისი მიმკარებელი.