2 კორინთელთა 6:14
ნუ შეებმებით ურწმუნოებთან უცხო უღელში. რადგან რა აქვს საერთო სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს წყვდიადთან?
იგავნი 18:22
ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლის კეთილგანწყობა მოიხვეჭა.
ებრაელთა 13:4
ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი, სარეცელი – შეუბილწავი; მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს.
დაბადება 2:20-24
დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ცხოველს, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა მისი შესაფერი შემწე. მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. ამოუღო მძინარეს ერთი ნეკნი და ხორცით დაფარა ის ადგილი. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამისაგან ამოღებული ნეკნისგან დედაკაცი და მიუყვანა იგი ადამს. თქვა ადამმა: „აი, ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული. ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას, მიეკრობა თავის დედაკაცს და გახდებიან ისინი ერთხორცად”.
1 კორინთელთა 7:1-7
რაც შეეხება იმას, თქვენ რომ მომწერეთ: კაცისთვის კარგია არ გაეკაროს დედაკაცს. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს – თავისი ქმარი. ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმა – ქმარს. ცოლი არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ – ქმარი; ასევე ქმარიც არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ – ცოლი. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა შეთანხმებით და ისიც დროებით, რომ ლოცვა-მარხვისთვის მოიცალოთ, და კვლავ ერთად იყავით, რათა სატანამ არ გამოგცადოთ თქვენი თავშეუკავებლობით. ხოლო ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანებით. ვინაიდან მსურს, ყველა ადამიანი ისე იყოს, როგორც მე ვარ. მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღმერთისგან, ზოგს – ასე და ზოგს – ისე.
1 კორინთელთა 7:8-17
ხოლო დაუქორწინებლებსა და ქვრივებს ვეუბნები, რომ კარგია მათთვის ჩემსავით დარჩნენ. მაგრამ თუ არ ძალუძთ თავშეკავება, იქორწინონ; ვინაიდან უმჯობესია იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ. ხოლო დაქორწინებულებს მე კი არა, უფალი ეუბნება: ცოლი არ გაეყაროს ქმარს. ხოლო თუ გაეყარა, დაე, უქორწინოდ დარჩეს ანდა ქმარს შეურიგდეს. და ნურც ქმარი დატოვებს თავის ცოლს. სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ გაეყრება მას; დედაკაციც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს, ხოლო კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ გაეყრება ქმარს. რადგან ურწმუნო ქმარი ცოლით განიწმიდება და ურწმუნო ცოლი ქმრით განიწმიდება; სხვანაირად თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან. მაგრამ თუ ურწმუნოს გაყრა სურს, გაეყაროს; ასეთ ვითარებაში ძმა ან და დამონებულნი არ არიან, რადგან მშვიდობისკენ მოგვიწოდა ღმერთმა. რადგან, რა იცი შენ ცოლო, თუ იხსნი ქმარს? ანდა რა იცი შენ ქმარო, თუ იხსნი ცოლს? თითოეული ისე მოიქცეს, როგორც ღმერთმა უწილხვედრა და თითოეული – როგორც უფალმა მოუწოდა. ასე ვუწესებ ყოველ ეკლესიას.
1 კორინთელთა 7:25-40
ქალწულთა შესახებ არ მიმიღია ბრძანება უფლისგან, მხოლოდ რჩევას გაძლევთ, რადგან სარწმუნო ვარ უფლის წყალობით. ვფიქრობ, რომ ახლანდელი გაჭირვებისას ადამიანისთვის უმჯობესია დარჩეს როგორც არის. თუ შეუღლებული ხარ ცოლთან, გაყრას ნუ ეძებ; ხოლო თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუ ეძებ. თუმცა ცოლიც რომ მოიყვანო, არ შესცოდავ. და თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს. მაგრამ ასეთებს ხორციელი ჭირი ექნებათ და ამისთვის არ მეთმობით. ხოლო ამას გეტყვით ძმანო: დრო შემოკლდა, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები ისე უნდა იყვნენ, როგორც უცოლონი. მოტირალნი, როგორც არამოტირალნი, მხიარულნი, როგორც არამხიარულნი; მქონენი, როგორც არამქონენი; ამ ქვეყნიერებით მოსარგებლენი, თითქოს სრულად არ სარგებლობენ მისით; რადგან წარმავალია ქვეყნიერების ამჟამინდელი სახე. მე კი მსურს, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს უფალს; ხოლო ცოლიანი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს ცოლს. ქმრიანსა და ქალწულს შორისაც არის განსხვავება; უქმრო, ქალწული ქალი უფლისაზე ზრუნავს, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც; ქმრიანი კი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს ქმარს. ამას გეუბნებით თქვენდა სასარგებლოდ, არა იმიტომ, რომ მარყუჟი მოგდოთ, არამედ იმიტომ რომ ღირსეულად მოიქცეთ და განუწყვეტლივ, დაუბრკოლებლად ემსახუროთ უფალს. თუ ვინმეს შეუფერებლად მიაჩნია, რომ მისი ქალწულობა ახალგაზრდობის ასაკს გადასცდა, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს; დაე, დაქორწინდნენ ასეთნი. ხოლო ვინც მტკიცედ გადაწყვიტა თავის გულში, რომ არ უჭირს, არამედ უფლობს საკუთარ ნებაზე, და იმგვარად განსაჯა თავის გულში, რომ დაიცვას თავისი ქალწულობა, კარგად იქცევა. ამიტომ ვინც შეაუღლებს თავის ქალწულს, კარგად მოიქცევა, ხოლო ვინც არ შეაუღლებს, უკეთესად მოიქცევა. ცოლი რჯულითაა შეკრული, სანამ ცოცხალი ჰყავს ქმარი; თუ გარდაიცვლება ქმარი, თავისუფალია – გაჰყვეს, ვისაც უნდა, ოღონდ უფალში. მაგრამ უფრო ნეტარი იქნება, თუ ჩემი რჩევისამებრ დარჩება; რადგან, ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღვთის სული.
1 კორინთელთა 13:4-7
სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია; არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და ბოროტს არ განიზრახავს, არ ხარობს უმართლობით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს; ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს.
ეფესელთა 5:22-33
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მხსნელი. და როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს – ყველაფერში. მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით, თავისი სიტყვის მეშვეობით. და ასე წარედგინა თავისთვის დიდებულ ეკლესიად, რომელსაც არა აქვს ლაქა, არც მანკი, ან რაიმე მსგავსი, არამედ პირიქით, წმიდა და უბიწო ყოფილიყო. ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას. იმიტომ, რომ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი. ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას და მიეწებება თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან. დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტესა და ეკლესიაზე. ჰოდა ყოველ თქვენგანსაც საკუთარი თავივით უყვარდეს ცოლი; ხოლო ცოლს – მოშიშება ჰქონდეს ქმრისა.
იგავნი 21:9
ერდოს კუთხეში ცხოვრება სჯობს, ანჩხლ ქალთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას.
მათეს 19:2-9
დიდძალი ხალხი მისდევდა და კურნავდა მათ იქ. მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს: „თუ არის ნებადართული კაცისთვის ნებისმიერი მიზეზით გაუშვას ცოლი?” ხოლო მან უთხრა პასუხად: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ისე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს!” უთხრეს მას: „აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრის მოწმობის მიცემა და გაშვება?” უთხრა მათ: „მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს”.
მალაქია 2:13-16
აი, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლებით ფარავთ ღვთის სამსხვერპლოს, ტირილითა და ქვითინით. ამის გამო აღარ აქვს ღმერთს სახე ძღვენისკენ და აღარ ეამება მისი მიღება თქვენი ხელიდან. კითხულობთ: რის გამოო? იმის გამო, რომ უფალი იყო მოწმე შენსა და შენი სიჭაბუკის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი იყო, ცოლი შენი აღთქმისა. განა ერთ სხეულად არ გქმნათ უფალმა? სულიც და სხეულიც მას ეკუთვნის; რატომ გქმნათ ერთ სხეულად და რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისგან. ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს სულებს და ნუ უღალატებთ სიჭაბუკის ცოლს! რადგან მძულს განქორწინება – ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი; ის, ვინც ძალადობით ფარავს თავის სამოსელს – ამბობს ცაბაოთ უფალი. მაშ, გაუფრთხილდით თქვენს სულებს და ნუ დაარღვევთ ერთგულებას.
მარკოზის 10:8-12
და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან. ამრიგად, ვისაც ღმერთი შეაუღლებს, კაცი ნუ განაშორებს”. სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე. უთხრა: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს. „თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს”.
1 პეტრეს 3:1-7
ასევე თქვენ, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, უსიტყვოდ იქნენ შეძენილნი ცოლების ქცევით, იხილავენ რა თქვენს სუფთა და მოშიშ ქცევას. ზედაპირული ნუ იქნება თქვენი მშვენება: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა ან ჩაცმულობაში, არამედ შინაგან, დაფარულ კაცში, უხრწნელ სილამაზეში, ფაქიზ და მშვიდ სულში, რაც ესოდენ ძვირფასია ღმერთის წინაშე. ასე იმკობდნენ თავს წარსულში ღმერთის მოიმედე წმიდა ცოლები, ემორჩილებოდნენ რა თავიანთ ქმრებს. როგორც სარა დაემორჩილა და ბატონი უწოდა აბრაჰამს, ვისი შვილებიც ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ. ასევე თქვენც ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უფრო სათუთ ჭურჭლებს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.
მათეს 5:32-33
ასევე ნათქვამია: თუ ვინმე გაუშვებს თავის ცოლს, მისცეს მას გაყრის მოწმობა. მე კი გეუბნებით თქვენ, ყოველი, ვინც თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე გაუშვებს, მრუშობის საბაბს აძლევს მას; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
იგავნი 21:19
უდაბურ მიწაზე ცხოვრება სჯობს, ანჩხლ და ბრაზიან ქალთან ყოფნას.
იგავნი 5:18
კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყმაწვილის ცოლით,
იგავნი 12:4
გამრჯე ქალი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი ძვლების ხრწნასავითაა.
იერემია 29:6
შეირთეთ ცოლები და შვით ძენი და ასულნი; შერთეთ თქვენს ძეებს ცოლები და გაათხოვეთ თქვენი ასულები; მათაც შვან ძენი და ასულნი; გამრავლდით, არ შემცირდეთ.
ეკლესიასტე 4:9-11
ორნი სჯობიან ერთს, რადგან კარგი საზღაური აქვთ თავის შრომაში. თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის მეგობარს, მაგრამ ვაი მარტოხელას, დაეცემა და არავინა ჰყავს წამომყენებელი. დიახ, თუ ორნი დაწვებიან, თბილად იქნებიან, მარტოხელა კი როგორ გათბება?
კოლოსელთა 3:17-18
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ.
ლუკას 16:18
ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და, ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს”.