ლევიანნი 25:29-31
თუ ვინმე გაყიდის საცხოვრებელ სახლს გალავნიან ქალაქში, მისი გამოსყიდვა ნებადართულია გაყიდვიდან იმ წლის დასასრულამდე. ერთი წლის განმავლობაში გამოსყიდვის ნება აქვს. თუ არ იქნა გამოსყიდული წლის დასასრულამდე, სახლი, რომელიც გალავნიან ქალაქშია, სამუდამოდ დარჩება მის მყიდველს და მის მოდგმას, არ ჩამოერთმევა მას საიუბილეო წელს. მაგრამ სოფლის სახლები, რომლებსაც არა აქვთ გალავანი, უნდა ჩაითვალოს იქაური მინდვრის თანაბრად: დასაშვებია მათი გამოსყიდვა და საიუბილეო წელს ისინი უბრუნდება ძველ პატრონს.
მეორე რჯული 3:5
ყველა ეს ქალაქი გამაგრებული იყო მაღალი გალავნებით, კარიბჭეებით და ურდულებით; ამას გარდა – მრავალი უგალავნო ქალაქი.
დაბადება 4:17
და შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. და ააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა თავისი ძის სახელი – ენოქი.
მათეს 5:14
თქვენ ხართ ქვეყნიერების ნათელი. ვერ დაიმალება მთაზე გაშენებული ქალაქი.
ნეემია 13:19
როდესაც იერუსალიმის კარიბჭესთან ჩამობნელდა, შაბათის დადგომამდე, ვუბრძანე კარებები ჩაეკეტათ და განკარგულება გავეცი, არ გაეღოთ ისინი, ვიდრე შაბათის მომდევნო დილა არ დადგებოდა. და ჩემი მსახურნი დავაყენე კარიბჭეებთან, რომ ტვირთი არ შემოსულიყო შაბათ დღეს.
იგავნი 16:32
სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი – ქალაქის ამღებს.
დაბადება 13:13
და მკვიდრნი სოდომისა ბოროტები იყვნენ და ძალზე სცოდავდნენ ღვთის წინაშე.
იონა 3:5-10
ნინეველებმა ღმერთი იწამეს, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. შეიტყო ეს ამბავი ნინევეს მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამეფო შესამოსელი, ჯვალო ჩაიცვა და ნაცარში ჩაჯდა. შემდეგ, მეფისა და მისი დიდებულების ბრძანება გამოაცხადებინა ნინევეში: „არც კაცმა და არც პირუტყვმა – ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს და არც წყალი დალიოს. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, მიატოვონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გასვრილი. ვინძლო გული მოუბრუნდეს ღმერთს, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!“ შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა, და გული მოუბრუნდა მათზე და აღარ მოუვლინა ის განსაცდელი, რასაც უმზადებდა.
მათეს 11:23
შენ კი, კაპერნაუმ, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. რადგან სოდომში რომ გამოვლენილიყო ის ძალნი, შენში რომ გამოვლინდა, დღემდე იდგებოდა.
საქმეები 17:16-34
იდრე პავლე მათ ათენში ელოდა, მისი სული აღაშფოთა კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ. ესაუბრებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს და იმათ, ვინც ყოველდღე მოედანზე იმყოფებოდნენ. ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა მას. ერთნი ამბობდნენ: „რისი თქმა სურს ამ მოლაყბეს?“ სხვანი: „ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებს“ – რაკი იესოს და აღდგომას ახარებდა მათ. ხელი მოჰკიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: „შეგვიძლია გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? რადგან რაღაც უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?“ ყველა ათენელს და იქ ჩამოსულ უცხოელს დროის გატარება ყველაზე მეტად ერჩივნათ რაიმე ახლის შესახებ საუბარში ან მოსმენაში. დადგა პავლე არეოპაგის შუაში და თქვა: „ათენელნო კაცნო, გატყობთ, რომ ძალზე ღვთისმოშიშნი ხართ ყოველმხრივ, რადგან, როდესაც გავიარე და დავათვალიერე თქვენი სათაყვანო ადგილები, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: ‘უცნობ ღმერთს.’ მეც მას გიქადაგებთ, რომელსაც არ იცნობთ და ეთაყვანებით. ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივესი, რაც მასშია, ვინც არის უფალი ცისა და მიწისა, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს, ის თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთიდან შექმნა ადამიანთა მთელი მოდგმა, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყო. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები, რათა ეძიონ ღმერთი, ვინძლო შეიგრძნონ იგი და იპოვონ, და შორს როდია თითოეული ჩვენგანისაგან. რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ, როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა: რადგან ჩვენ მისი მოდგმა ვართ. და რაკი ღმერთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ან ვერცხლს, ანდა ქვას, ანდა ხატს, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით შექმნილს. მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების ხანა და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ. რადგან მან დაადგინა დღე, როდესაც სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას წინასწარ განწესებული კაცის მეშვეობით. და ყველას მისცა მოწმობა, როდესაც იგი მკვდრეთით აღადგინა.“ მკვდართა აღდგომაზე რომ მოისმინეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ: „ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთ.“ ასე გამოვიდა პავლე მათგან. ზოგიერთნი მიემხრნენ მას და ირწმუნეს – მათ შორის დიონისე არეოპაგელმა და ქალმა, სახელად დამარისმა, და მათთან ერთად სხვებმაც.