ესაია 9:6-7
რადგან ყრმა შეგვეძინა, ძე გვებოძა! და მის მხრებზეა ძალაუფლება; და უწოდებენ მას სახელად: საკვირველმოქმედს, ძლევამოსილ ღმერთს, საუკუნო მამას, მშვიდობის მეუფეს, მისი მტკიცე ხელმწიფება და კეთილდღეობა არ დასრულდება: ის დააფუძნებს და გაამყარებს დავითის ტახტსა და სამეფოს სამართლიანობითა და ჭეშმარიტებით ამიერიდან და სამარადისოდ. ცაბაოთ უფლის შური იზამს ამას.
დანიელი 7:14
მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხები, ტომები და ენები ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, რომელიც არ გადაივლის და მისი სამეფო არ დაიქცევა.
ზაქარია 9:10
მაშინ მოვსპობ ეტლებს ეფრემში და ცხენებს – იერუსალიმში; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი; მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს, და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე, და მდინარიდან – ქვეყნის კიდეებამდე.
მათეს 8:26-27
და უთხრა მათ: – რამ შეგაშინათ, მცირედმორწმუნენო? – მერე წამოდგა, შერისხა ქარებს და ზღვას, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება. ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ ემორჩილებიან?“
იოანეს 3:35
მამას უყვარს ძე და ყველაფერი მისცა მას ხელთ.
ეფესელთა 1:20-23
რომლითაც მან იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით რომ აღადგინა იგი და თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალზე, უფლებაზე და ყოველივე სახელზე მაღლა, რაც კი სახელდებულია არა მარტო ამ საუკუნეში, არამედ მომავალშიც. და ყოველივე დაუმორჩილა მას ფეხთა ქვეშ და დაუდგინა იგი ყველაფერზე მაღლა ეკლესიას, რომელიც არის მისი სხეული, სისავსე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეთი.
1 პეტრეს 3:22
რომელიც ღმერთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, და რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.