მათეს 9:6
ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს ხელმწიფება დედამიწაზე ცოდვების მიტევებისა,“ – უთხრა დამბლადაცემულს: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში.“
მარკოზის 2:3-12
და მოვიდნენ და მოიყვანეს დამბლადაცემული, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა. და რომ ვერ შეძლეს მასთან მიყვანა ხალხის გამო, გადახადეს სახლს სახურავი და ჩაუშვეს საწოლი, რომელზეც დამბლადაცემული იწვა, იქ, სადაც ის იყო. დაინახა იესომ მათი რწმენა და ეუბნება დამბლადაცემულს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!“ ისხდნენ იქ ზოგიერთნი მწიგნობართაგან და გულში ფიქრობდნენ: „რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთს გმობს. ვის შეუძლია ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?“ მაშინვე მიხვდა იესო თავისი სულით, რასაც თავისთვის ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: „რად ფიქრობთ გულში ასე? რა უფრო ადვილია – თქმა დამბლადაცემულისთვის: ‘შენი ცოდვები მოგეტევა,’ თუ თქმა: ‘ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარე’? ხოლო, რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს დედამიწაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება“ – ეუბნება დამბლადაცემულს: „გეუბნები შენ, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!“ და ადგა იგი, მყისვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ. ყველა განცვიფრდა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ.“
ლუკას 7:37-48
და, აჰა, იყო იმ ქალაქში ცოდვილი ქალი. როდესაც გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალაბასტრონის ჭურჭლით, დადგა უკან, მის ფეხებთან, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უმშრალებდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა. ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე თავისთვის თქვა: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა, ვინ და როგორი ქალი ეხება მას, რადგან ცოდვილია ეს ქალი.“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „სიმონ, რაღაც მაქვს შენთან სათქმელი.“ მან კი უთხრა: „თქვი, მოძღვარო.“ თქვა: „ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს 500 დინარი ემართა, მეორეს – 50. მაგრამ რაკი არაფერი ჰქონდათ, რომ გადაეხადათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად ეყვარება იგი?“ მიუგო სიმონმა და თქვა: „მე ვფიქრობ, რომელსაც მეტი აპატია.“ ხოლო მან უთხრა მას: „სწორად განსაჯე.“ და მიბრუნდა ქალისაკენ და უთხრა სიმონს: „ხედავ ამ ქალს? შენს სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფეხთათვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემს ფეხთა კოცნა. შენ ზეთით არ გიცხია ჩემი თავი, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფეხებს. ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა ეპატია, რადგან დიდი სიყვარული გამოავლინა, ხოლო ვისაც მცირედი ეპატიება, მას მცირედი სიყვარული აქვს.“ და უთხრა მას: „გეპატია შენ შენი ცოდვები.“