მათეს 8:23-27
ჩაჯდა იგი ნავში და მისი მოწაფეებიც გაჰყვნენ მას. და, აჰა, ატყდა დიდი ღელვა ზღვაზე, ისეთი, რომ ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა. და მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით.“ და უთხრა მათ: – რამ შეგაშინათ, მცირედმორწმუნენო? – მერე წამოდგა, შერისხა ქარებს და ზღვას, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება. ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ ემორჩილებიან?“
მათეს 14:22-33
და მაშინვე უბრძანა იესომ თავის მოწაფეებს, ჩამსხდარიყვნენ ნავში და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ვიდრე ის ხალხს გაუშვებდა. და როდესაც გაუშვა ხალხი, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა და იგი მარტო იყო იქ. ნავი კი უკვე მრავალ სტადიონზე დაშორებოდა ხმელეთს და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, რადგან პირქარი იყო. ღამის მეოთხე სადარაჯოზე მივიდა მათთან იესო ზღვაზე სვლით. ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: „მოჩვენებაა!“ და შიშისაგან შეჰყვირეს. მაგრამ იესო მყისვე დაელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ მიუგო მას პეტრემ და უთხრა: „უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალზე.“ მან უთხრა: „მოდი!“ და გადმოვიდა პეტრე ნავიდან და წყალზე წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო. მაგრამ როდესაც დაინახა, როგორი ძლიერი ქარი იყო, შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: „უფალო, მიხსენი მე!“ იესომ მყისვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?“ როდესაც ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა. ნავში მყოფები დაემხნენ მის წინ და უთხრეს: „ჭეშმარიტად ღმერთის ძე ხარ შენ.“
იოანეს 6:15-21
მიხვდა იესო, რომ აპირებენ მოსვლას მის მოსატაცებლად და გასამეფებლად, და კვლავ განმარტოვდა მთაზე. როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ჩავიდნენ ზღვაზე. შევიდნენ ნავში და გაემართნენ ზღვის გადაღმა, კაპერნაუმისკენ. უკვე ბნელდებოდა და იესო კი ჯერ არ მისულიყო მათთან. ზღვა ძლიერი ქარისაგან ღელავდა. 25 თუ 30 სტადიონი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეეშინდათ. მან კი უთხრა მათ: „მე ვარ, ნუ გეშინიათ.“ უნდოდათ ნავზე აეყვანათ იგი; და ნავი მაშინვე მიადგა ხმელეთს იმ ადგილას, სადაც მიდიოდნენ.
მარკოზის 11:12-14
მეორე დღეს, ბეთანიიდან რომ გავიდნენ, მოშივდა. და დაინახა შორიდან შეფოთლილი ლეღვის ხე და წავიდა მისკენ, რომ ზედ რამე ეპოვა. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი, რადგან არ იყო ლეღვობის ჟამი. და უთხრა მას: „ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე შენი ნაყოფი!“ და გაიგონეს მისმა მოწაფეებმა.
მარკოზის 11:20-24
როდესაც დილით ჩაიარეს და დაინახეს, რომ ლეღვი ფესვებამდე გამხმარიყო, გაახსენდა პეტრეს და ეუბნება მას: „რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა.“ მიუგო იესომ და ეუბნება მათ: „იქონიეთ ღმერთის რწმენა. ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: ‘აიწიე და ზღვაში ჩავარდი,’ და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას. ამიტომ გეუბნებით თქვენ: გწამდეთ, რომ ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, მიიღებთ და თქვენი იქნება.