მათეს 9:18-25
როცა ამას ეუბნებოდა მათ, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: „ეს-ესაა ქალიშვილი მომიკვდა, მაგრამ მოდი, დაადე მას ხელი და იცოცხლებს.“ და წამოდგა იესო, გაჰყვა მას და მასთან ერთად მისი მოწაფეებიც. და აჰა, ერთი ქალი, რომელიც 12 წლის მანძილზე იტანჯებოდა სისხლდენით, უკანიდან მიუახლოვდა მას და შეეხო მისი სამოსის კალთას. რადგან თავისთვის ამბობდა: „მის სამოსსაც რომ შევეხო, განვიკურნები.“ ხოლო იესო შემობრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“ და მაშინვე განიკურნა ქალი. მივიდა იესო მთავრის სახლში, დაინახა იქ მესტვირეები და შეშფოთებული ხალხი, და უთხრა მათ: „გაშორდით აქაურობას, რადგან გოგონა არ მომკვდარა, არამედ სძინავს.“ და დასცინოდნენ მას. და როდესაც გაიყვანეს ხალხი გარეთ, შევიდა, მოჰკიდა ხელი ხელზე და წამოდგა გოგონა.
მათეს 28:1-7
შაბათის გასულს, ერთშაბათის განთიადისას, მივიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი. და, აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა; უფლის ანგელოზი გადმოვიდა ციდან, მივიდა, გადააგორა ლოდი და ზედ დაჯდა. მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი სამოსი – თოვლივით სპეტაკი. მისი შიშით შეძრწუნდნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ. მიუგო ანგელოზმა და უთხრა ქალებს: „ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.“ აქ არ არის, აღდგა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც ესვენა. და სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და, აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ.
იოანეს 20:1-17
შაბათის მომდევნო დღეს, განთიადზე, როდესაც ჯერ კიდევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და ხედავს, რომ ლოდი აღებულია სამარხიდან. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: აუღიათ უფალი სამარხიდან და არ ვიცით, სად დადეს. მაშინვე გამოვიდნენ პეტრე და ის სხვა მოწაფე და გაემართნენ სამარხისაკენ. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფე პეტრეზე სწრაფად გაიქცა და პირველი მივიდა სამარხთან. დაიხარა და დაინახა დაყრილი ტილოები, შიგ კი არ შესულა. მივიდა სიმონ-პეტრეც მის შემდეგ, შევიდა სამარხში და დაინახა დაყრილი ტილოები. სუდარა, რომელიც თავზე ჰქონდა მას, იმ ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იყო დახვეული ერთ ადგილას. მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, სამარხთან რომ მიასწრო პეტრეს, და იხილა და იწამა, რადგან აქამდე ვერ გაეგოთ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. და დაბრუნდნენ მოწაფეები კვლავ თავისთან სახლში. მარიამი კი იდგა სამარხის გარეთ და ტიროდა. და მტირალი დაიხარა სამარხისაკენ და დაინახა თეთრებით მოსილი ორი ანგელოზი, მსხდომარენი ერთი თავთით და მეორე ფეხთით, სადაც იესოს სხეული ესვენა. და უთხრეს მას: „ქალო, რად ტირი?“ ეუბნება მათ: „წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დადეს.“ ეს რომ თქვა, შემობრუნდა და დაინახა იქ მდგარი იესო, მაგრამ არ იცოდა, რომ ეს იესო არის. ეუბნება მას იესო: „ქალო, რად ტირი, ვის ეძებ?“ მას მებაღე ეგონა იგი და ეუბნება: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ.“ ეუბნება მას იესო: „მარიამ!“ შემობრუნდა მარიამი და ებრაულად უთხრა: „რაბუნი!“ რაც ნიშნავს: „მოძღვარო!“ ეუბნება მას იესო: „არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: ‘ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.’“
ლუკას 7:11-16
ამის შემდეგ წავიდა იესო ქალაქში, რომელსაც ერქვა ნაინი, და თან მიჰყვებოდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი. ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, გამოჰქონდათ მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, რომლის დედაც ქვრივი იყო. ქალს ქალაქიდან დიდძალი ხალხი ახლდა. უფალმა რომ დაინახა, შეეცოდა და უთხრა: „ნუ ტირი.“ მივიდა და შეეხო საკაცეს. გამსვენებლები შედგნენ და მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!“ მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა. და მის დედას ჩააბარა იგი. შიშმა მოიცვა ყველა. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენს შორის და ღმერთმა მოხედა თავის ხალხს.“
იოანეს 11:38-44
იესო კი, კვლავაც სულით შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული. ამბობს იესო: „აიღეთ ლოდი.“ ეუბნება მას მიცვალებულის და, მართა: „უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ.“ ეუბნება მას იესო: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ?“ აიღეს ლოდი. იესომ თვალები მაღლა აღაპყრო და თქვა: „მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ. მხოლოდ გარს შემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე მე.“ ეს თქვა და დიდი ხმით შესძახა: „ლაზარე, გამოდი გარეთ!“ გამოვიდა მიცვალებული, ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა დაფარული. ეუბნება მათ იესო: „გახსენით და გაუშვით, იაროს.“