ქერუბიმების აღწერა ბიბლიის მუხლები

ეზეკიელი 1:4-14
და მე ვიხილე: აჰა, მოდის მძვინვარე ქარი ჩრდილოეთიდან, ძლიერი ღრუბლები და ელვარე ცეცხლი და ციალი მის ირგვლივ, მის შუაში კი რაღაც კაშკაშა ლითონივით, ცეცხლის გულიდან ამომავალი. და მის შიგნით ჩანდა ოთხი ცხოველი, რომელთაც ადამიანის მსგავსი სახე ჰქონდათ. თითოეულ მათგანს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა. სწორი ფეხები ჰქონდათ და ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და ტანი ბრინჯაოსავით უელავდათ; და ადამიანის ხელები მოუჩანდათ ფრთებქვეშ, ოთხივე მხარეს. ოთხივეს ჰქონდა სახე და ფრთები. ერთმანეთს ეხებოდა მათი ფრთები, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას, თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა. შესახედაობა მათი სახისა კი ასეთი იყო: სახე ადამიანისა და სახე ლომისა მარჯვენა მხარეს ჰქონდა; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და ორბის სახე ოთხივე მათგანს; ოთხივეს სახე და ფრთები ზემოთკენ ჰქონდათ მიმართული; ორ-ორი ფრთა ერთმანეთზე ჰქონდათ გადაჭდობილი, ორ-ორი ფრთით ტანს იფარავდნენ. თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა იქით, საითაც სულს მიჰყავდა, იქით მიდიოდნენ, არ ტრიალებდნენ სიარულისას. შესახედაობა ამ ცხოველებისა გაღვივებული ნაკვერცხლების მსგავსი იყო; რაღაც ალივით მიმოდიოდა ცხოველებს შორის; ნათება იყო ცეცხლის ირგვლივ და ელვა გამოდიოდა ცეცხლიდან. ეს ცხოველები იქით-აქეთ აწყდებოდნენ, ელვის მსგავსად.

ეზეკიელი 10:12-14
სვლისას არ ბრუნავდნენ. და მთელი მათი ტანი, მათი ზურგი, მათი ხელები, მათი ფრთები და მათი ბორბლები ირგვლივ სავსე იყო თვალებით, ოთხივე მათგანის ბორბალი. და როგორც ჩემი ყურით გავიგონე, გრიგალი ერქვა მათ. და თითოეულს ოთხი სახე ჰქონდა: ერთი სახე – ქერუბიმის, მეორე – ადამიანის, მესამე – ლომის და მეოთხე – ორბის.

ეზეკიელი 10:5
ქერუბიმების ფრთების შრიალის ხმა გარეთა ეზომდე ისმოდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერი ღმერთისა, როდესაც ის ლაპარაკობს.

გამოცხადება 4:6-8
და ტახტის წინ არის მსგავსი შუშის ზღვისა, მსგავსი ბროლისა. ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ არის ოთხი ცხოველი, სავსე თვალებით წინიდან და უკანიდან. პირველი ცხოველი ლომის მსგავსი იყო, მეორე ცხოველი კუროს მსგავსი იყო, მესამე ცხოველს კაცივით სახე ჰქონდა, მეოთხე ცხოველი გაფრენილი ორბის მსგავსი იყო. და ოთხ ცხოველს, თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა ირგვლივ, შიგნით კი თვალებით იყო სავსე. არც დღისით, არც ღამით არ ჰქონდათ მოსვენება და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, რომელიც არის და რომელიც მოვა.“

დაბადება 3:24
და განდევნა იგი, ედემის ბაღს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი დაუყენა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი გზის დასაცავად.

Close
Close