დაბადება 3:22-24
და თქვა უფალმა ღმერთმა: „ადამი გახდა როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. ახლა, ვაითუ, გაიწოდოს ხელი და მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, შეჭამოს და მარადიულად იცოცხლოს!“ და გაუშვა ადამი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული. და განდევნა იგი, ედემის ბაღს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი დაუყენა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი გზის დასაცავად.
ეზეკიელი 10:9-16
და დავინახე ოთხი ბორბალი ქერუბიმებთან: ერთი ბორბალი ერთ ქერუბიმთან და ერთი ბორბალი მეორე ქერუბიმთან და შესახედაობა თვლებისა მსგავსი იყო ქრიზოლითისა. და გამოსახულება მათი – ერთი შესახედაობა ოთხივეს, როგორც ბორბალია ბორბლის შიგნით. სვლისას ოთხი მხრისაკენ მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სვლისას, რადგან იმ ადგილისაკენ მიდიოდნენ, საითაც თავი იყო მიმართული. და მთელი მათი ტანი და მათი ზურგი და მათი ხელები და მათი ფრთები და მათი ბორბლები სავსე იყო ირგვლივ თვალებით, მათი ოთხივე ბორბალი. და ბორბლები იწოდა ქარბორბალად, გავიგონე ჩემი ყურით. და ოთხი სახე თითოეულს, ერთი სახე – ქერუბიმის სახე, მეორე სახე – ადამიანის სახე, მესამე – ლომის სახე და მეოთხე – არწივის სახე. და აიწიენ ქერუბიმები. ეს ის ცხოველი იყო, რომელიც ვიხილე მდინარე ქებარის ნაპირზე. ქერუბიმების სვლისას ურმის ბორბლები მიდიოდნენ მათთან ერთად და, როდესაც ქერუბიმები ასწევდნენ თავიანთ ფრთებს, რომ აწეულიყვნენ მიწიდან. არ ტრიალდებოდნენ ბორბლები, ისინიც მათთან იყვნენ.
2 მეფეთა 22:9-11
ავარდა კვამლი მისი ნესტოებიდან და შემჭმელი ცეცხლი – მისი ბაგეებიდან, მისგან მუგუზლები აგიზგიზდნენ. და მოდრიკა ცანი და ჩამოვიდა, ღრუბელი მოექცა ფეხქვეშ. და ამხედრდა ქერუბიმზე და გაფრინდა, და ქარის ფრთებზე გამოჩნდა.
ფსალმუნები 17:10-11
დახარა ცანი და გადმოვიდა, მის ფერხთა ქვეშ – ნისლია უკუნი. ქერუბიმებზე ამხედრდა და გამოფრინდა, გამოეშურა ქარის ფრთებით.
ეზეკიელი 9:3
და ისრაელის უფალი ღმერთის ბრწყინვალე მშვენიერება, ქერუბიმს რომ ედგა, აიწია და გაემართა ტაძრის ზღურბლისაკენ და სელით შემოსილ კაცს მოუხმო, რომელსაც მწიგნობრის სამელნე ედო სარტყელში.
ეზეკიელი 10:3-5
ქერუბიმები იდგნენ უფლის ტაძრის მარჯვენა მხარეს, როცა ის კაცი შედიოდა, და ღრუბელმა გაავსო შიდა ეზო. და აიწია უფლის დიდება ქერუბიმიდან ტაძრის ზღურბლისაკენ და გაივსო ტაძარი ღრუბლით და გაივსო ტაძრის ეზო უფლის დიდების ნათლით. ქერუბიმების ფრთების შრიალის ხმა გარეთა ეზომდე ისმოდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერი ღმერთისა, როდესაც ის ლაპარაკობს.
ეზეკიელი 11:22-23
და გაშალეს ქერუბიმებმა ფრთები და ბორბლებიც თან გაჰყვათ. და ისრაელის ღმერთის დიდება მაღლა იყო, მათ ზემოთ. და აიმართა უფლის დიდება ქალაქის შუაგულიდან და დადგა მთაზე, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთითაა.
გამოცხადება 15:7
ოთხ ცხოველთაგან ერთმა მისცა შვიდ ანგელოზს ოქროს შვიდი ფიალა, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღმერთის რისხვით ავსებული.