გარდაუვალობა ბიბლიის მუხლები

იოველი 2:1-2
ჩაბერეთ საყვირს სიონზე და შემოსძახეთ ჩემს წმიდა მთაზე, შეძრწუნდით ყოველო მცხოვრებნო მიწისა, რადგან მოდის დღე უფლისა, მოახლოებულია. დღე სიბნელისა და წყვდიადისა, დღე ღრუბლისა და ბურუსისა! ცისკარივით ეფინება მთებს მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსიც დასაბამიდან არ ყოფილა და არც მის შემდეგ იქნება თაობიდან თაობამდე.

აბდია 1:15
რადგან ახლოა უფლის დღე ყველა ხალხზე. როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან; ყველაფერი მოგეზღვება.

სოფონია 1:14
ახლოა უფლის დიადი დღე, ახლოა და მალე მოვა; ისმინეთ ხმა უფლის დღისა! მწარედ ატირდება იმ დღეს ყველაზე მამაციც კი!

ლუკას 12:20
მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?

ლუკას 12:40
ამიტომ მზად იყავით, რადგან, როცა არ მოელით, მაშინ მოვა ძე კაცისა”.

ფილიპელთა 4:5
თქვენი თავმდაბლობა ცნობილი იყოს ყველა ადამიანისთვის. ახლოა უფალი.

იაკობის 5:8-9
თქვენც სულგრძელობა გამოიჩინეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა. ნუ ჩივით ერთმანეთზე, ძმებო, რათა არ გასამართლდეთ. აჰა, მოსამართლე კარზეა მომდგარი.

1 პეტრეს 4:7
თუმცა ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია. ამიტომ იყავით გონიერნი და ფხიზელნი ლოცვაში.

გამოცხადება 22:7-12
„აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს”. და მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს. როცა მოვისმინე და ვიხილე, დავემხე იმ ანგელოზის ფერხთით, ყოველივე ეს რომ მაჩვენა, რათა თაყვანი მეცა. მითხრა: „ნუ იზამ ამას, ვინაიდან მე, თანამსახური ვარ შენი და შენი წინასწარმეტყველი ძმებისა; და იმათი, ვინც იცავს ამ წიგნის სიტყვებს. ღმერთს ეცი თაყვანი”. და მითხრა: „ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან ახლოა დრო. დაე, უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმინდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს. „აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთანაა, რათა თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მივუზღა.

გამოცხადება 10:6
და დაიფიცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი, რომელმაც შექმნა ცა და რაც მასშია, მიწა და რაც მასშია, ზღვა და რაც მასშია, რომ აღარ იქნება დრო.

გამოცხადება 14:8
სხვა ანგელოზი მოჰყვა და თქვა: „დაეცა, დაეცა დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მძვინვარე მეძავობის ღვინო ასვა ყველა ხალხს”.

გამოცხადება 1:1
გამოცხადება იესო ქრისტესი, ღმერთმა რომ მისცა მას, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რა უნდა მოხდეს მალე, და აუწყა თავის მსახურ იოანეს წარმოგზავნილი ანგელოზის მეშვეობით.

გამოცხადება 3:11
აჰა, მალე მოვალ; გეჭიროს, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი.

1 კორინთელთა 16:22
ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, შეჩვენებული იყოს. მარანათა!

რომაელთა 13:11-12
მაშ ასე, იმოქმედეთ, რადგან იცით რა დროა ახლა, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. ღამე მიდის და დღე ახლოვდება. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.

1 თესალონიკელთა 1:10
და მოელოდეთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა; იესოს, რომელიც მომავალი რისხვისგან გვიხსნის ჩვენ.

ტიტეს 2:13
ნეტარების იმედით მოველოდეთ, ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,

1 კორინთელთა 1:7
და არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში,

1 პეტრეს 1:13
ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.

ფილიპელთა 3:20
ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ზე­ცაშია, საიდანაც ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს,

ებრაელთა 9:28
ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ ეტვირთა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვილთათვის, არამედ მის მომლოდინეთა გადასარჩენად.

მათეს 16:27-28
რადგან მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ძე კაცისას, თავისი მეფობით მომავალს”.

მათეს 24:3-24
ხოლო ზეთისხილის მთაზე რომ იჯდა განმარტოებული, მიუახლოვდნენ მოწაფეები და უთხრეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს ყველაფერი და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?” მიუგო იესომ მათ პასუხად: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ. ვინაიდან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს; იცოდეთ, ნუ შეშინდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია. მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ; და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო. მრავალნი ცდუნდებიან მაშინ; ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი-მეორეს. მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს აცდუნებს. და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. მაგრამ ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება. და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული. ამრიგად, როცა იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნათქვამს – წამკითხველმა გაიგოს; მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს; ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად; ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება თავისი ტანისამოსის წასაღებად. მაგრამ ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში! ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. რადგან იქნება მაშინ დიდი გასაჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და არც არასოდეს იქნება. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები. მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან იქო, არ ერწმუნოთ, რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ. აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ. თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ; აჰა, შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით. რადგან როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც. რადგან სადაც ლეშია, სვავებიც იქ გროვდებიან. მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი; და იხილავენ ძე კაცისას ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. იგი წარმოგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. ლეღვისგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს გამოიტანს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როცა ყოველივე ამას იხილავთ, იცოდეთ, რომ ახლოა, კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.

მარკოზის 13:30
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ – არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ეს ყოველივე არ მოხდება.

ლუკას 21:28
როგორც კი დაიწყება ამის ახდენა, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი გამოსყიდვა”.

იოანეს 14:1-4
„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა; ასე რომ არ ყოფილიყო გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. როცა წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ. და სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა”.

Close
Close