20 და თქვა გეხაზიმ, ღვთისკაცის მსახურმა: „აჰა, არ გამოართვა ჩემმა ბატონმა ნაყამანს, ამ არამელს, მისი მოტანილი ძღვენი. უფლის მადლმა, გავეკიდები და მე გამოვართმევ რამეს.” 21 და დაედევნა გეხაზი ნაყამანს. როცა დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევს, ეტლიდან გადმოვიდა და წინ შეეგება და თქვა: „მშვიდობაა?” 22 და თქვა: „მშვიდობა. ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: ‘ეფრემის მთიდან მესტუმრა ორი ყმაწვილი წინასწარმეტყველთაგან. იქნებ ერთი ქანქარი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი გეჩუქებინა მათთვის.’“ 23 და თქვა: ნაყამანმა: „ორი ქანქარი აიღე ბარემ.” დაიყოლია და შეუხვია ორი ქანქარი ვერცხლი ორ ქისად და ორ ხელ ტანსაცმელთან ერთად გაატანა წასაღებად თავის ორ მსახურს. 24 და როცა ის მოვიდა ბორცვთან, გამოართვა მათ ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. და უკან გაისტუმრა მსახურები და წავიდნენ ისინიც.