4 მეფეთა 17:18-28

By
თებერვალი 15, 2014
18 მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელს და თავიდან მოიშორა ისინი, მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა დარჩა. 19 არც იუდა იცავდა უფლის, თავისი ღმერთის მცნებას და ისრაელიანთა წესებს მისდევდა, როგორც თავად ისინი იქცეოდნენ. 20 შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი მოდგმა, მოტეხა იგი და მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა თავიდან. 21 როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობოამ ნაბატის ძე, მაშინ ჩამოაშორა იერობოამმა ისრაელი უფალს და დიდად შეაცდინა. 22 დადიოდნენ ისრაელიანები იერობოამის ცოდვებში, რომლებიც მას ჰქონდა ჩადენილი, და არ განრიდებიან მათ, 23 ვიდრე არ განირიდა უფალმა ისრაელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავის მორჩილთა – წინასწარმეტყველთა პირით. გადასახლებულია ისრაელი თავისი მიწიდან აშურში დღემდე. 24 წაიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან და ჩაასახლა სამარიის ქალაქებში ისრაელიანთა ნაცვლად. დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში. 25 არად აგდებდნენ იქ ცხოვრების პირველ ხანებში უფალს და უსევდა მათ უფალი ლომებს, რომლებიც მუსრს ავლებდნენ მათ. 26 უთხრეს აშურის მეფეს: ხალხებმა, რომელიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში ჩაასახლე, არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება, ამიტომაც მიუსია მათ ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ, რადგან არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება. 27 ბრძანება გასცა აშურის მეფემ: გაგზავნეთ იქ ვინმე მღვდელი იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს და იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება. 28 წავიდა ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული, და დაემკვიდრა ბეთელს და ასწავლიდა მათ უფლის მოწიწებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close