1 შენს შორის რომ აღდგეს წინასწარმეტყველი ან სიზმრის მხილველი და მოგცეთ ნიშანი ან სასწაული, 2 და ახდეს ეს ნიშანი ან სასწაული, რომელიც გაუწყა და თან გითხრას: „გავყვეთ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობ, და ვემსახუროთ მათ”, 3 ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმრის მხილველის სიტყვებს, რადგან გცდით უფალი, თქვენი ღმერთი, რათა შეიტყოს, გიყვართ თუ არა თქვენ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით! 4 გაჰყევით უფლის, თქვენი ღმერთის, კვალს და გეშინოდეთ მისი. და დაიცავით მცნებანი მისი და ისმინეთ ხმა მისი, და მას ემსახურეთ, და მას მიეწებეთ. 5 და ის წინასწარმეტყველი თუ სიზმრის მხილველი კი უნდა მოკვდეს, რადგან მან გირჩიათ განდგომა უფლისაგან, თქვენი ღმერთისაგან, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან და გამოგისყიდათ მონობის სახლიდან, რათა იმ გზიდან აეცდინე, რომელზეც გიბრძანა სიარული უფალმა, შენმა ღმერთმა. და აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან. 6 თუ წაგაქეზოს შენმა ძმამ, დედაშენის შვილმა, ან შენმა შვილმა, ან შენმა ასულმა, ან შენს უბესთან მყოფმა წიაღის ცოლმა, ან მეგობარმა, რომელიც საკუთარი სულივითა გყავს, და საიდუმლოდ გითხრას: „წავიდეთ და ვემსახუროთ სხვა ღმერთებს”, რომელთაც არც შენ იცნობ და არც შენი მამები არ იცნობდნენ, 7 იმ ხალხთა ღმერთებს, რომლებიც თქვენს გარშემოა, შენთან ახლოს თუ შენგან შორს, ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, 8 არ დათანხმდე და არ უსმინო მას. არ დაინდოს იგი შენმა თვალმა, არ შეიბრალო იგი და არ დაფარო იგი, 9 არამედ მოკალი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მასზე მოსაკლავად და მერე მთელი ერის ხელი. 10 და ჩაქოლე იგი ქვებით, და მოკვდეს. რადგან განზრახული ჰქონდა, ჩამოეცილებინე უფლისაგან, შენი ღმერთისაგან, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.