2 მეფეთა
231 ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები, რომელნიც წარმოთქვა დავითმა, იესეს ძემ, კაცმა, მაღლა დადგინებულმა, იაკობის ღვთის ცხებულმა და ისრაელის ტკბილხმიანმა მგალობელმა: 2 „უფლის სული მეტყველებს ჩემით, და ჩემს ენაზეა მისი სიტყვა. 3 მითხრა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იხელმწიფებს ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს. 4 და იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, ნათება ნაწვიმარზე, მიწიდან ამოხასხასებული ბალახი. 5 განა ასეთი არ არის ჩემი სახლი უფლის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ აღმოცენდება ყოველი ჩემი გამარჯვება და ყოველი ჩემი ნატვრა? 6 უკეთურნი გადაყრილნი იქნებიან ყველანი ეკლებივით, ხელით რომ არ აიღება. 7 ახლოს მიმსვლელს რკინა უნდა ეჭიროს და შუბის ტარი, ცეცხლში ამოიბუგებიან ადგილზევე, სადაც ყრიან.” 8 ესენია დავითის მოყმეთა სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, ეტლოსანთა მეთაური, რომელმაც მოუქნია შუბი რვაას კაცს და ერთ ჯერზე დახოცა. 9 მას შემდეგ ელეაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი იმ სამ მოყმეთაგანი, რომელნიც ახლდნენ დავითს, როცა ლანძღვით იწვევდნენ საბრძოლველად შეკრებილ ფილისტიმელებს; 10 ისრაელნი რომ გამოვიდნენ მათ წინააღმდეგ, და შეიმართა იგი და მუსრავდა ფილისტიმელებს მანამდე, ვიდრე მარჯვენა ხელი არ დაუბუჟდა და მახვილის ვადას არ მიეწება. დიდი ხსნა მოიტანა იმ დღეს უფალმა. და მხოლოდ იმისთვის გამოჰყვა მას ხალხი, რომ ეძარცვათ [მკვდრები]. 11 მას შემდეგ შამა აგეს ძე, ჰარარელი. როცა საომრად შეიყარნენ ფილისტიმელები იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ცერცვი ეთესა, და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან. 12 და ჩადგა იგი შუა ყანაში და იცავდა მას, მუსრი გაავლო ფილისტიმელებს. დიდი ხსნა მოიტანა მაშინ უფალმა. 13 და ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მივიდნენ დავითთან ყადულამის გამოქვაბულში მკის დროს, ხოლო ფილისტიმელთა ურდოები რეფაიმის ველზე იყვნენ დაბანაკებულნი. 14 დავითი მაშინ საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელების ყარაული ბეთლემში იდგა. 15 და მოსწყურდა დავითს და თქვა: „ვინ შემასმევს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?” 16 და გაარღვია ამ სამმა მოყმემ ფილისტიმელთა ბანაკი, და ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მიუტანეს დავითს, მაგრამ მან არ ინდომა მისი შესმა და უფალს დაუღვარა. 17 და თქვა: „შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც შემესვას ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ!” და არ ინდომა დავითმა წყლის შესმა. ეს საქმეები ჰქონდა ჩადენილი ამ სამ მოყმეს. 18 აბიშაი, იოაბის ძმა, ცერუიას ძე, ოცდაათის თავი იყო. სამას კაცს მოუქნია შუბი და განგმირა. და ჰქონდა მას სახელი იმ სამთა შორის. 19 სამში მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ სამს ვერ უტოლდებოდა. 20 ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე, დაუღალავი ვაჟკაცი, კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი [ძე] მოაბელისა. ის ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლიან დღეს. 21 მანვე მოკლა ერთი ეგვიპტელი კაცი, საშინელი შესახედავი. შუბი ეჭირა ხელში ეგვიპტელს. ჩაუხტა კეტით, ხელიდან გამოსტაცა შუბი ეგვიპტელს და მისივე შუბით განგმირა. 22 ეს გააკეთა ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამთა მოყმეთა შორის. 23 ოცდაათიდან გამოირჩეოდა, თუმცა იმ სამს ვერ გაუტოლდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა. 24 ყასაელი, იოაბის ძმა, ერთ-ერთი ოცდაათთაგანი იყო. ელხანანი, მისი ბიძაშვილი, ბეთლემელი. 25 შამა ხაროდელი, ელიკა ხაროდელი. 26 ხელეც ფალტიელი, ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი. 27 აბიყეზერ ყანათოთელი, მებუნაი ხუშათელი. 28 ცალმონ ახოხელი, მაჰარაი ნეტოფათელი. 29 ხელებ ბაყანას ძე, ნეტოფათელი; ითაი რიბას ძე, ბენიამინის გიბყადან. 30 ბენაიაჰუ ფირყათონელი, ჰიდაი გაყაშიდან. 31 აბიყალბონ ყარბათელი, ყაზმავეთ ბარხუმელი. 32 ელიახბა შაყალბონელი, იაშენის ძეთაგან, იონათანი. 33 შამა ჰარარელი, ახიამ შარარის ძე, არარელი, 34 ელიფელეტ ახასბაის ძე, მაყაქათელი, ელიყამ ახითოფელის ძე, გილონელი. 35 ხეცრაი ქარმელელი, ფაყარაი არბელი. 36 იგალ ნათანის ძე ცობადან, ბანი გადელი. 37 ცელეკ ყამონელი, ნახარაი ბეეროთელი, იოაბის – ცერუიას ძის – საჭურველთმტვირთველი. 38 ყირა ითრელი, გარებ ითრელი. 39 ურია ხეთელი. სულ ოცდაჩვიდმეტი.