1 ჟამზე და ვადებზე საჭირო არ არის რამე მოგწეროთ, ძმებო, 2 რადგან თქვენ თვითონაც ზუსტად იცით, რომ უფლის დღე ღამის ქურდივით მოვა. 3 ვინაიდან, როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს. 4 მაგრამ, თქვენ, ძმებო, ბნელში არ იმყოფებით, რომ დღე მპარავივით წამოგეწიოთ. 5 ვინაიდან თქვენ ყველანი ნათლის შვილები ხართ და დღის შვილები. არც ღამისანი ვართ ჩვენ და არც ბნელისანი. 6 ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ. 7 ვინაიდან მძინარეებს ღამღამობით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან. 8 მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის სასოების მუზარადი. 9 რადგან ღმერთმა დაგვადგინა არა შესარისხად, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, 10 რომელიც ჩვენთვის მოკვდა, რათა ჩვენ, ვფხიზლობთ თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ. 11 ამიტომ შეაგონეთ ერთმანეთს და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც იქცევით კიდეც.