1 ნეშტთა
51 ძენი რეუბენის, ისრაელის პირმშოსი; იგი პირმშო იყო, მაგრამ, როცა მამის სარეცელი წაბილწა, მისი პირმშოობა გადაეცა, ისრაელის ძის იოსების ძეთ არა იმისათვის, რომ პირმშოდ ჩაწერილიყვნენ; 2 იუდა ძლიერი იყო თავის ძმებში და წინამძღვარიც მისგან იყო, პირმშოობა კი იოსებმა მიიღო. 3 რეუბენის, ისრაელის პირმშოს, ძენი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი. 4 იოელის ძენი: მისი ძე შემაყია, მისი ძე გოგი, მისი ძე შიმყი, 5 მისი ძე მიქა, მისი ძე რეაია, მისი ძე ბაყალი, 6 მისი ძე ბეერა, რომელიც ტყვედ წაიყვანა აშურის მეფემ, თიგლათ-ფილესერმა, ის იყო რეუბენის ძეთა წინამძღოლი. 7 მისი ძმები, მათი საგვარეულოებისა და საგვარტომო ნუსხის მიხედვით იყვნენ: უფროსი იეყიელი, ზაქარია, 8 ბელაყი, ძე ყაზაზისა, ძე შემაყისა, ძე იოელისა. იგი ყაროყერში ცხოვრობდა, ნებომდე და ბაყალ-მეყონამდე. 9 აღმოსავლეთით ცხოვრობდა მდინარე ევფრატიდან მოყოლებული უდაბნოს პირამდე, რადგან დიდძალი საქონელი ჰყავდათ გილყადის ქვეყანაში. 10 საულის დროს აგარელებს ეომებოდნენ და მათ ხელში ჩაცვივდნენ, და დასახლდნენ ისინი მათ კარვებში, გილყადის მთელ აღმოსავლეთ მხარეში. 11 გადის ძენი მათ მეზობლად ცხოვრობდნენ ბაშანის ქვეყანაში სალქამდე, 12 უფროსი – იოელი, მომდევნონი: შაფამი, იაყნაი და შაფატი ბაშანში ცხოვრობდნენ. 13 მათი ძმები, თავ-თავიანთი მამის სახლიდან: მიქაელი, მეშულამი, შებაყი, იორაი, იაყქანი, ზიაყი, ყებერი და შიბყა. 14 აჰა, ძენი აბიხაილისა, ხურის ძისა, იაროახის ძისა, გილყადის ძისა, მიქაელის ძისა, იეშიშაის ძისა, იახდოს ძისა, ბუზის ძისა. 15 ახი, ძე ყაბდიელისა, ძე გუნისა, მათი მამისსახლის თავკაცი. 16 ისინი ცხოვრობდნენ გილყადში, ბაშანსა და მის კუთვნილ ქალაქებში, ასევე შარონის მთელ სანახებში, ვიდრე გამოვიდოდნენ. 17 ყველანი აღირიცხნენ იუდას მეფის, იოთამის, დროს და იერობყამის ისრაელის მეფის, დროს. 18 რეუბენის ძეებში, გადის ძეებში და მენაშეს ნახევარ ტომში იყვნენ გულადი ვაჟკაცები, რომელნიც ფარსა და მახვილს ატარებდნენ, მშვილდოსნობდნენ და ბრძოლაში იყვნენ ნაწრთობნი. მათგან რიცხვით ორმოცდაოთხი ათას შვიდასსამოცი გამოდიოდა საომრად. 19 აგარელებთან, იეტურთან, ნაფიშთან და ნოდაფთან ჰქონდათ ომი. 20 და მიეხმარნენ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ ხელში ჩაცვივდნენ აგარელები, მთელი მათი საბადებლითურთ. ეს იმიტომ, რომ ომში ღმერთს მოუხმეს და მანაც უსმინა მათ, რაკი მისი იმედი ჰქონდათ. 21 და წამოასხეს მათი საქონელი: ორმოცდაათი ათასი აქლემი, ორასორმოცდაათი ათასი წვრილფეხა, ორი ათასი ვირი და ასი ათასი ტყვე; 22 მრავალი მოკლული დაეცა, რადგან ღვთისაგან იყო ეს ომი. და სახლობდნენ ისინი მათს ადგილებზე, სანამ ტყვეობაში მოხვდებოდნენ. 23 და მენაშეს ნახევარი ტომიც დასახლდა იმ ქვეყანაში, ბაშანიდან მოყოლებული ვიდრე ბაყალ-ხერმონამდე, სენირამდე და ხერმონის მთამდე. მრავალრიცხოვანნი იყვნენ ისინი. 24 ესენია მათი მამისსახლის თავკაცები: ყეფერი, იშყი, ელიელი, ყაზრიელი, იერემია, ჰოდავია, იახდიელი – მამაცი ვაჟკაცები, მამისსახლის სახელოვანი თავკაცები. 25 როცა მათ ზურგი აქციეს მამათა ღმერთს და გზააბნეულნი გაჰყვნენ იმ ქვეყნის ხალხის ღმერთებს, მათგან რომ განდევნა ღმერთმა, 26 მაშინ აღძრა ისრაელის ღმერთმა ფულის, აშურის მეფის, სული და აშურის მეფის თიგლათ-ფილესერის სული და გაასახლა რეუბენის ძენი, გადის ძენი და მენაშეს ნახევარი ტომი, და ჩაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, ჰარაში. და მდინარე გოზანთან, დღემდე. 27 ლევის ძენი: გერშონი, კეჰათი და მერარი. 28 კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. 29 ყამრამის ძენი: აარონი, მოსე, მირიამი. აარონის ძენი: ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი, 30 ელეაზარმა შვა ფინხასი, ფინხასმა შვა აბიშუაყი, 31 აბიშუაყმა შვა ბუკი, ბუკმა შვა ყუზი, 32 ყუზმა შვა ზერახია, ზერახიამ შვა მერაიოთი, 33 მერაიოთმა შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი. 34 ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა ახიმაყაცი, 35 ახიმაყაცმა შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა იოხანანი. 36 იოხანანმა შვა ყაზარია – ეს იმ ტაძარში მღვდლობდა, რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში, – 37 ყაზარიამ შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი, 38 ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა შალუმი, 39 შალუმმა შვა ხილკია, ხილკიამ შვა ყაზარია, 40 ყაზარიამ შვა სერაია, სერაიამ შვა იეჰოცადაკი. 41 იეჰოცადაკი წავიდა [ტყვეობაში], როცა უფალმა იუდა და იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის ხელით გაასახლა.