31 და გაიგონეს დავითის ნათქვამი სიტყვები და მიუტანეს საულს, და მოაყვანინა იგი. 32 და უთხრა დავითმა საულს: “ნურავის გული ნუ შედრკება მის წინაშე. წავა შენი მსახური და შეებრძოლება ამ ფილისტიმელს.” 33 და უთხრა საულმა დავითს: “ვერ გახვალ საბრძოლველად მაგ ფილისტიმელთან, რადგან შენ ყმაწვილი ხარ, ის კი მებრძოლია სიყრმიდანვე.” 34 და უთხრა დავითმა საულს: “მწყემსავდა შენი მსახური თავისი მამის ფარას და, როცა დაეცემოდა ლომი ან დათვი და გაიტაცებდა ფარიდან ცხვარს, 35 გავეკიდებოდი, ვკლავდი და პირიდან გამოვგლეჯდი. თუ დამეცემოდა, ყბაში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი. 36 ლომსაც და დათვსაც ამარცხებდა შენი მსახური. ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივე დაემართება, რადგან სირცხვილში აგდებს იგი ცოცხალი ღვთის რაზმებს.” 37 და თქვა დავითმა: “უფალი, რომელსაც დავუხსნივარ ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისაგან.” და უთხრა საულმა დავითს: “წადი, უფალი იყოს შენთან!”