1 კორინთელთა 11:17-34

By
აგვისტო 6, 2014
17 ისიც უნდა გითხრათ, რომ ვერ შეგაქებთ თქვენი შეკრებებისათვის, რადგან ისინი კი არ უმჯობესდება, არამედ უარესდება. 18 რადგან, ჯერ ერთი, გავიგე, რომ როცა ეკლესიაში იკრიბებით, არსებობს განხეთქილებები თქვენს შორის, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც. 19 რადგან აზრთა სხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ თქვენს შორის გამოცდილნი. 20 როდესაც იკრიბებით ერთად, უფლის სერობას კი არ იღებთ, 21 რადგან ზოგი წინასწარ ჭამს თავის საკუთარ საჭმელს და ზოგი მშიერი რჩება და ზოგი კი თვრება. 22  განა სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ უგულებელყოფთ ღმერთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისათვის ვერ შეგაქებთ. 23 რადგან მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ გაცემის ღამეს აიღო პური, 24 მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.“ 25 ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში. აკეთეთ ეს ჩემს მოსაგონებლად, რამდენჯერაც შესვამთ.“ 26 რადგან, ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ, ვიდრე ის მოვიდოდეს. 27 ამგვარად, ვინც უღირსად შეჭამს ამ პურს ან დალევს უფლის სასმისს, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. 28 ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ასე ჭამოს ამ პურიდან და შესვას ამ სასმისიდან. 29 რადგან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დასასჯელად ჭამს და სვამს, რაკი ვერ სცნობს უფლის სხეულს. 30 ამის გამო თქვენს შორის ბევრია უძლური და ავადმყოფი, და ბევრიც კვდება. 31 ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განგვესაჯა ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით განსჯილნი. 32 ხოლო განსჯილნი კი ვიწვრთნებით უფლის მიერ, რათა ქვეყნიერებასთან ერთად არ ვიქნეთ მსჯავრდადებულნი. 33 ამიტომ, ჩემო ძმებო, როდესაც იკრიბებით სერობისათვის, ერთიმეორეს დაელოდეთ. 34 და თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრის დასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაწესრიგებ.

კომენტარის დატოვება

Close
Close