Home1კორინთელთა

1 კორინთელთა 9

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ
მოციქულთა უფლებები

91 განა მე მოციქული არა ვარ? განა მე თავისუფალი არა ვარ? განა მე არ ვნახე ჩვენი უფალი იესო ქრისტე? განა თქვენ ჩემი ნაღვაწი არა ხართ უფალში? 2 თუ სხვებისათვის არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, ვინაიდან ჩემი მოციქულობის ბეჭედი ხართ უფალში.
   3 აი, რა პასუხს გავცემ ჩემს მკიცხველებს:  განა არა გვაქვს ჭამა-სმის უფლება? 5 განა არა გვაქვს უფლება, დავიმგზავროთ მორწმუნე ცოლი, როგორც დანარჩენმა მოციქულებმა, უფლის ძმებმა და კეფამ? 6 თუ მარტო მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება, რომ არ ვმუშაობდეთ? 7 რომელ ჯარისკაცს უმსახურია ოდესმე საკუთარ ხარჯზე? ვინ რგავს ვაზს და მისი ნაყოფისაგან არა ჭამს? ვინ მწყესავს ფარას და ფარის რძეს პირს არ აკარებს? 8 განა ადამიანურად არ ვლაპარაკობ ასე? განა რჯულიც ამასვე არ ამბობს? 9 რადგან მოსეს რჯულში სწერია: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ ხარებზე ზრუნავს ღმერთი? 10 თუ ნამდვილად ჩვენთვის ამბობს? დიაღაც ჩვენთვის სწერია. მხვნელმა უნდა ხნას იმედით, მლეწავმა კი – წილის იმედით. 11 თუ სულიერი დაგითესეთ, განა დიდი ამბავია, რომ თქვენგან ხორციელი მოვიმკათ? 12 თუ სხვებს ხელმწიფება აქვთ თქვენზე, განა ჩვენ უფრო მეტად არა?
მაგრამ ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს ხელმწიფება, არამედ ყოველგვარ ტანჯვას ვიტანთ, რათა რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ქრისტეს სახარებას. 13 ნუთუ არ იცით, რომ წმიდათა მსახურნი ტაძრისაგან ჭამენ? ხოლო სამსხვერპლოს მსახურნი მსხვერპლიდან იღებენ წილს? 14 ასევე უფალმა დაუწესა სახარების მქადაგებლებს სახარებისაგან ცხოვრება. 15 ხოლო მე არც ერთი მათგანი არ გამომიყენებია. და ესეც იმიტომ კი არ დავწერე, რომ ასე ყოფილიყო ჩემთვის. ვინაიდან სიკვდილი მიჯობს, ვიდრე ვინმემ გააბათილოს ჩემი ქადილი. 16 რადგან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს სასიქადულო, ვინაიდან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა, და ვაი მე, თუ არ ვახარებ. 17 ვინაიდან თუ სურვილით ვაკეთებ ამას, საზღაური მქონია, ხოლო თუ სურვილის გარეშე, მხოლოდ მნეობა მქონია მონდობილი. 18 მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა სახარებას ვქადაგებ, შემიძლია ვიქადაგო უსასყიდლოდ და არ ვიყენებ ჩემს უფლებას ხარებაში.
   19 ვინაიდან, ყველასგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა. 20 იუდეველთათვის გავხდი, როგორც იუდეველი, რათა იუდეველები შემეძინა. რჯულის ქვეშ მყოფთათვის – როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა თვითონ რჯულის ქვეშ უმყოფელი, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა. 21 ურჯულოთათვის – როგორც ურჯულო, თუმცა არა ვარ ღმერთის ურჯულო, არამედ ქრისტეს რჯულიერი, რათა ურჯულოები შემეძინა. 22 უძლურთათვის გავხდი უძლურივით, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასათვის ყველაფერი გავხდი, რათა ზოგიერთები მეხსნა როგორმე. 23 და ყოველივე ამას ვაკეთებ სახარებისათვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე.
   24 განა არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ. 25 ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავეს ყველაფრისგან. ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენი კი – უხრწნადისა. 26 ამიტომ მე გავრბივარ არა უმიზნოდ, ვიბრძვი არა ისე, ვითომც ჰაერს ვგვემდე. 27 არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადეგებ, მე თვითონ უღირსი არ დავრჩე.

თავი მერვე                                                                                                                                                 თავი მეათე

COMMENTS