Homeბიბლიაახალი აღთქმა

1 კორინთელთა 7

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ
ქორწინების სირთულეები

71 ხოლო იმის შესახებ, რაც თქვენ მომწერეთ: კაცისათვის კარგია, არ გაეკაროს დედაკაცს. 2 მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს – თავისი ქმარი. 3 ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც ქმარს. 4 ცოლი არ ხელმწიფებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი. ასევე ქმარიც არ ხელმწიფებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი. 5 ნუ განშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ მარხვისა და ლოცვისათვის, და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით. 6 ხოლო ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანებით. 7 ვინაიდან მსურს, ყველა ადამიანი იყოს, როგორც მე ვარ. მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღვთისაგან, ზოგს ასეთი და ზოგს ისეთი.
   8 ხოლო დაუქორწინებლებს და ქვრივებს ვეუბნები, რომ მათთვის კარგია ჩემსავით დარჩნენ. 9 თუ თავს ვერ იკავებენ, იქორწინონ, ვინაიდან უმჯობესია დაქორწინდნენ, ვიდრე აღიგზნებოდნენ. 10 ხოლო დაქორწინებულებს ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლი არ გაეყაროს ქმარს. 11 ხოლო თუ გაეყრება, უქორწინოდ დარჩეს ანდა ქმარს შეურიგდეს. და ქმარი ნუ დატოვებს თავის ცოლს. 12 სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი: თუ ვინმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს იმ ცოლს. 13 დედაკაცი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ დატოვებს ქმარს. 14 ვინაიდან ურწმუნო ქმარი განიწმიდება ცოლით და ურწმუნო ცოლი განიწმიდება ქმრით. თორემ თქვენი შვილები არაწმიდები იქნებოდნენ, ახლა კი წმიდები არიან. 15 მაგრამ თუ ურწმუნოს სურს გაყრა, გაეყაროს. ასეთ ვითარებაში ძმა ან და დამონებულნი არ არიან, რადგან მშვიდობისაკენ მოგვიწოდა ღმერთმა. 16 ვინაიდან რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?

ღმერთის მიერ დაწესებული ცხოვრება

17 თითოეული ისე მოიქცეს, როგორც ღმერთმა უწილხვედრა და თვითოეული – როგორც უფალმა მოუწოდა. და ასევე ვუწესებ მე ყოველ ეკლესიას. 18 თუ რომელიმე მოწოდებული წინადაცვეთილია, ნუ დამალავს. თუ რომელიმე მოწოდებული წინადაუცვეთელია, ნუ წინადაიცვეთს. 19 არაფერია წინადაცვეთა და არაფერია წინადაუცვეთლობა, არამედ ღვთის მცნებათა დაცვა. 20 დაე, თითოეული დარჩეს იმ მოწოდებაში, რომლითაც მოუწოდეს. 21 თუ მოწოდებული ხარ, როგორც მონა, ნუ ითაკილებ. მაგრამ თუ ძალგიძს გათავისუფლება, უმჯობესია, ისარგებლო. 22 ვინაიდან უფალში მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია. მსგავსადვე მოწოდებული თავისუფალი ქრისტეს მონაა. 23 ფასით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები. 24 ძმანო, თითოეული იმ მოწოდებით დარჩეს ღვთის წინაშე, რომელშიც მოწოდებული იყო.

უქორწინებელნი და ქვრივები

25 უქორწინებელთა შესახებ არა მაქვს ბრძანება უფლისაგან. მხოლოდ ჩემს რჩევას გაუწყებთ, რადგან შემიწყალა უფალმა, რომ მისი სარწმუნო ვიყო. 26 მე ვფიქრობ, რომ ახლანდელ გასაჭირში ადამიანისათვის უმჯობესია დარჩეს, როგორც არის. 27 თუ შეერთებული ხარ ცოლთან, გაყრას ნუ ეძებ. ხოლო თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუ ეძებ. 28 ცოლიც რომ შეირთო, არ შესცოდავ. და, თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს. მაგრამ ასეთებს ხორციელი გასაჭირი ექნებათ და არ მეთმობით. 29 ხოლო ამას გეტყვით ძმანო: ჟამი იწურება, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყავით, როგორც უცოლონი; 30 მოტირალნი, როგორც არა მოტირალნი; მოხარულნი, როგორც არა მოხარულნი; მქონენი, როგორც არა მქონელნი; 31 სოფლით მოსარგებლენი, როგორც არა მოსარგებლენი. ვინაიდან წარმავალია სოფლის სახე. 32 მე მსურს, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ აამოს უფალს; 33 ხოლო ცოლიანი სოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ცოლს. 34 არის განსხვავება ქმრიანსა და ქალწულს შორის: ქალი, უქმრო და ქალწული, ზრუნავს უფლისაზე, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც. ქმრიანი კი სოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ქმარს. 35 ამას გეუბნებით თქვენდა სასარგებლოდ, არა იმისათვის, რომ მარყუჟი მოგდოთ, არამედ რათა ღირსეულად და წრფელად ემსახუროთ უფალს, შფოთის გარეშე.
   36 თუ ვინმეს შეუფერებლად მიაჩნია, რომ მისი დანიშნული ქალწული სიყმაწვილის ასაკს გადასცდა, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს. დაე, დაქორწინდნენ. 37 ხოლო ვინც თავისი გულით მტკიცედ დგას და იძულებული არ არის, არამედ აქვს ხელმწიფება თავის ნებაზე და გადაწყვიტა თავის გულში თავისი ქალწულის დაცვა, კარგად იქცევა. 38 ამიტომ, ვინც გაათხოვებს თავსი ქალწულს, კარგად იქცევა, და ვინც არ გაათხოვებს, უკეთესად იქცევა.
  39 ცოლი რჯულით შეკრულია, სანამ ცოცხალია მისი ქმარი. ხოლო თუ ქმარი მოუკვდება, თავისუფალია გაჰყვეს, ვისაც სურს, ოღონდ უფალში. 40 მაგრამ უფრო ნეტარია, თუ ასე დარჩება, ჩემი რჩევით. ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღვთის სული.

თავი მეექვსე                                                                                                                                              თავი მერვე

COMMENTS