Home1კორინთელთა

1 კორინთელთა 16

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ
შეწირულება წმიდებისათვის

161 რაც შეეხება წმიდათათვის შესაწირავს, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით.  ყოველ ერთშაბათს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს თავისთან და გადაინახოს, რამდენადაც ხეირი ნახოს, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება. ხოლო როცა მოვალ, ვისაც თქვენ სცნობთ სანდოდ, იმათ მოვავლენ წერილებით თქვენი ძღვენის წასაღებად იერუსალიმში. და თუ იქ ჩემი წასვლაც ღირს, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.

გეგმები მონახულებაზე

ხოლო მე მოვალ თქვენთან, როცა მაკედონიაზე გავივლი, ვინაიდან მაკედონიაზე უნდა გავიარო. თქვენთან კი, შესაძლოა, გავჩერდე, ან იქნებ გამოვიზამთრო, რათა გამაცილოთ იქ, სადაც წავალ, 7 ვინაიდან ახლა არ მინდა თქვენი ნახვა გავლით, არამედ ვიმედოვნებ რამდენიმე ხანს დავრჩე თქვენთან, თუ უფალი ინებებს. ხოლო ეფესოში დავრჩები ორმოცდამეათე დღემდე, ვინაიდან ჩემთვის ღიაა ღვაწლის ფართე კარი და მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.
   10 და თუ ტიმოთე მოვა, ეცადე, რომ უშიშრად იყოს თქვენთან, ვინაიდან ის უფლის საქმეს აკეთებს ისევე, როგორც მე. 11 ამიტომ არავინ უგულებელყოს იგი. გამოისტუმრეთ მშვიდობით, რათა მოვიდეს ჩემთან, ვინაიდან ველოდები მას ძმებთან ერთად.
  12 რაც შეეხება ძმა აპოლოსს, ძალიან ვეხვეწებოდი, რომ მოსულიყო თქვენთან  ძმებითურთ, მაგრამ არ ისურვა ახლა წამოსვლა. მაგრამ მოვა, როცა შეძლებს.

უკანასკნელი თხოვნა და მოკითხვები

13 იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით მამაცნი, გამაგრდით. 14 ყოველივე თქვენი სიყვარულში იყოს. 15 ხოლო შეგაგონებთ, ძმანო: ხომ იცით სტეფანას სახლობა, რომელიც აქაიას პირველი ნაყოფია, და რომ მათ თავიანთი თავი უძღვნეს წმიდათა მსახურებას. 16 თქვენც დაემორჩილეთ ასეთებს და ყველას, ვინც თანამშრომელი და მოღვაწეა. 17 და აი, მიხარია სტეფანას, ფორტუნატეს და აქაიკოსის მოსვლა, ვინიდან მათ შემივსეს თქვენი არყოფნა, 18 და დაამშვიდეს ჩემი სულიც და თქვენიც. ამიტომ სცანით ასეთები.
   19 მოგიკითხავენ აზიის ეკლესიები. დიდად მოგიკითხავენ უფლის მიერ აკვილა და პრისკილა და ასევე მათი საშინაო ეკლესია. 20 მოგიკითხავთ ყველა ძმა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.
   21 მოგიკითხავთ ჩემი, პავლეს, ხელით. 22 ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, იყოს შეჩვენებული. მარანათა! 23 ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან 24 და ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანის მიმართ ქრისტე იესოში. ამინ.

თავი მეთხუთმეტე                                                  პავლე მოციქულის მეორე წერილი კორინთელთა მიმართ

COMMENTS