ხბოს თაყვანისცემა ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 32:1-4
და როცა დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებს მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბა აარონთან, და უთხრა მას: „ადექ, გაგვიკეთე ჩვენ ღმერთი, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ამოგვიყვანა ჩვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, არ ვიცით, რა შეემთხვა.” და უთხრა მათ აარონმა: „ჩამოხსენით ოქროს საყურეები, რომელნიც თქვენს ცოლთა, ძეთა და ასულთა ყურებზეა, და მოიტანეთ ჩემთან.” და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურთაგან, და მიუტანეს აარონს. და აიღო მათი ხელიდან და გააკეთა მისგან ჩამოსხმული ხბო, და გამოკვეთა იგი საჭრეთლით, და მათ თქვეს: „ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან”.

გამოსვლა 32:7-8
და უთხრა უფალმა მოსეს: „აბა, ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც მე ვამცნე მათ: გაიკეთეს ჩამოსხმული ხბო და თაყვანი სცეს მას, და შესწირეს მას მსხვერპლი, და თქვეს: ‘ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან’”.

ფსალმუნები 105:19-22
გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს ჩამოსხმულ კერპს. და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში. დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა საქმეთა მოქმედი ეგვიპტეში. საოცრებანი ქამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.

საქმეები 7:41
და გააკეთეს იმ დღეებში ხბო, შესწირეს მსხვერპლი კერპს და შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას.

გამოსვლა 32:19-20
და როცა მიუახლოვდა ბანაკს და იხილა ხბო და როკვა, აღეგზნო მოსეს რისხვა, და მოისროლა მან ხელიდან დაფები, და დაამსხვრია ისინი მთის ძირას. და აიღო ხბო, რომელიც მათ გააკეთეს, და დაწვა ცეცხლში და მტვრად აქცია და მოფანტა წყლის ზედაპირზე და ასვა იგი ისრაელის ძეთ.

გამოსვლა 32:35
დასაჯა ხალხი უფალმა იმის გამო, რომ გააკეთეს ხბო, რომელიც აარონმა გააკეთა.

3 მეფეთა 12:26-30
ამბობდა თავის გულში იერობოამი: კვლავ დაუბრუნდებაო მეფობა დავითის სახლს. თუ ამ ხალხმა მსხვერპლის შესაწირად უფლის სახლში, იერუსალიმში, დაიწყო სიარული, გული მოუბრუნდება ამ ხალხს თავისი ბატონის, რობოამისკენ, იუდას მეფისკენ, მე მომკლავენ და რობოამთან, იუდას მეფესთან დაბრუნდებიანო. ითათბირა მეფემ და გააკეთა ორი ოქროს ხბო და უთხრა ხალხს: გეყოფათ იერუსალიმში სიარული. აჰა, შენი ღმერთები, ისრაელო, რომელთაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს. ერთი ხბო ბეთელში დადგა, მეორე დანში გაგზავნა. ეს იყო ცოდვის დასაბამი. დაიწყო ხალხმა სიარული ხბოების თაყვანისსაცემად თვით დანამდე.

4 მეფეთა 17:15-16
შეიძულეს მისი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამა-პაპას, და გაფრთხილებები, რითაც აფრთხილებდა მათ; მიჰყვნენ ამაოებას და თავადაც ამაონი გახდნენ. წახედეს მეზობელ ხალხებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად. დაივიწყეს უფლის, თავიანთი ღვთის მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულებები, გააკეთეს აშერა, თაყვანს სცემდნენ ცის ვარსკვლავებს და ბაალს ემსახურებოდნენ.

2 ნეშტთა 11:14-15
ვინაიდან ტოვებდნენ ლევიანები თავიანთ სანახებს, სამფლობელოებს და მიდიოდნენ იუდაში და იერუსალიმში, რადგან იერობოამი და მისი ძენი უშლიდნენ მათ უფლის მღვდლობას. დაიყენა მღვდლები გორაკებისთვის, ციკნებისთვის და ხბორებისთვის, თვითონ რომ გააკეთა.

2 ნეშტთა 13:8
ახლა თქვენ ფიქრობთ, გაუმკლავდეთ უფლის სამეფოს, რომელიც დავითის ძეთა ხელშია. თქვენ ჩვენზე ბევრად მეტნი ხართ და თქვენთან არის ოქროს ხბოები, იერიაბოამმა რომ ღმერთებად დაგიყენათ.

4 მეფეთა 17:18-28
მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელს და თავიდან მოიშორა ისინი, მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა დარჩა. არც იუდა იცავდა უფლის, თავისი ღმერთის მცნებას და ისრაელიანთა წესებს მისდევდა, როგორც თავად ისინი იქცეოდნენ. შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი მოდგმა, მოტეხა იგი და მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა თავიდან. როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობოამ ნაბატის ძე, მაშინ ჩამოაშორა იერობოამმა ისრაელი უფალს და დიდად შეაცდინა. დადიოდნენ ისრაელიანები იერობოამის ცოდვებში, რომლებიც მას ჰქონდა ჩადენილი, და არ განრიდებიან მათ, ვიდრე არ განირიდა უფალმა ისრაელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავის მორჩილთა – წინასწარმეტყველთა პირით. გადასახლებულია ისრაელი თავისი მიწიდან აშურში დღემდე. წაიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან და ჩაასახლა სამარიის ქალაქებში ისრაელიანთა ნაცვლად. დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში. არად აგდებდნენ იქ ცხოვრების პირველ ხანებში უფალს და უსევდა მათ უფალი ლომებს, რომლებიც მუსრს ავლებდნენ მათ. უთხრეს აშურის მეფეს: ხალხებმა, რომელიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში ჩაასახლე, არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება, ამიტომაც მიუსია მათ ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ, რადგან არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება. ბრძანება გასცა აშურის მეფემ: გაგზავნეთ იქ ვინმე მღვდელი იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს და იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება. წავიდა ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული, და დაემკვიდრა ბეთელს და ასწავლიდა მათ უფლის მოწიწებას.

ოსია 8:4-9
მეფე დაისვეს ჩემს უნებართვოდ, მთავრები დაისვეს ჩემს დაუკითხავად; თავიანთი ოქრო-ვერცხლით გაიკეთეს კერპები თავის დასაღუპად. დაგაგდო შენმა ხბომ, სამარია! აღიგზნო ჩემი რისხვა მათ წინააღმდეგ. როდემდის უნდა იყო უწმიდური? რადგან ისრაელის საქმეა ეს: ოსტატის ნახელავია, ღმერთი არ არის; ამიტომაც დანაფოტდება სამარიის ხბო. რადგან ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან; თავთავები არა აქვს, მარცვალს ვერ გაიკეთებს მცენარე; თუ გაიკეთებს, უცხონი ჩაყლაპავენ. ჩაიყლაპება ისრაელი; ახლა უსარგებლო ჭურჭელივით არის ხალხთა შორის. აშურში წავიდა თავისთვის გარეული ვირივით; გასცემდა სასიყვარულო საჩუქრებს.

ოსია 10:5-6
შეშინდებიან სამარიის მცხოვრებნი ბეთ-ავენის ხბოების გამო, რადგან იგლოვებენ მას მისი ერი და მისი ქურუმები, მისით ხომ ხარობდნენ; გამოიგლოვენ მის დიდებას, რადგან განეშორა მას. თავად მას კი იარებ მეფეს მიართმევენ ძღვნად; სირცხვილი აიტანს ეფრემს და ისრაელს შერცხვება თავისი განზრახვისა.

მეორე რჯული 7:25
ცეცხლში დასწვით მათი ღმერთების ქანდაკები, ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს, ზედ რომ აქვთ. ნუ წაიღებ, რომ ხაფანგად არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის.

ესაია 44:9-20
კერპის გამომსახველნი არარაობაა ყველანი და მათი ძვირფასეულობა უსარგებლოა; თავად არიან ამის მოწმენი. ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს მიმხვდარან, ამიტომაც შერცხვებიან. ვინ გამოსახა ღმერთი და ვინ ჩამოასხა ქანდაკი, არაფრის მაქნისი? აჰა, შერცხვებიან მისი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც ადამის მოდგმისანი არიან; შეიკრიბონ ყველანი, გამოცხადდნენ; ზარი დაეცეთ და შერცხვნენ ერთიანად. რკინითხურო ჭედავს მას და ამუშავებს ნაკვერცხლებზე, კვერავს ჩაქუჩებით, ამუშავებს მას თავისი მკლავის ძალით; შივდება და ძალა ეცლება; წყალს არ სვამს და ქანცი წყდება. ხითხურო გაჭიმავს ძაფს და შემოხაზავს წვერმახით, ამუშავებს ხელეჩოთი, ფარგლით შემოხაზავს მას და შექმნის მისგან კაცის სახესავით, ადამიანის სილამაზესავით, სახლში დასადგმელად. კედრებს გაჩეხავს, შეარჩევს ძელქვას ან მუხას და მოიმარაგებს ტყის ხეთა შორის; დარგავს კედარს და წვიმა გაზრდის. დასაწვავად იქცევა ადამიანისთვის: აიღებს მათგან და თბება; ღუმელსაც ახურებს და პურს აცხობს, ღმერთსაც აკეთებს და თაყვანს სცემს, აკეთებს კერპს და განერთხმის მის წინაშე. მის ნახევარს ცეცხლში წვავს, ნახევრით ხორცს ჭამს, მწვადს წვავს და ძღება; თბება კიდეც და ამბობს: ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო! მისი მონარჩენი კი ღმერთად აქცია, თავის კერპად, რომლის წინაშე განრთხმულია, თაყვანს სცემს და ლოცულობს, ეუბნება: დამიფარე, რადგან ღმერთი ხარ ჩემიო. არაფერი ესმით, ვერაფერს ხვდებიან, რადგან ამოუქოლათ თვალები, რომ ვერაფერი დაინახონ, და გულები – რომ ვერაფერს მიხვდნენ. გულისხმაში ვერ მოდიან, არც ჭკუა აქეთ და არც გონება, რომ თქვან: ნახევარი ცეცხლში დავწვი, პურიც გამოვაცხვე ნაკვერცხლებზე, ხორცი შევწვი და ვჭამე; დანარჩენი სიბილწედ უნდა ვაქციო, ხის ნატეხის წინაშე უნდა განვერთხაო? ნაცარს მწყემსავს, მოტყუებული გული გზაკვალს ურევს, ვერ იხსნის თავს და ვერ ამბობს: განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?

ესაია 46:6-7
ქისიდან ჰყრიან ოქროს და ვერცხლს სასწორზე წონიან; ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ მისგან ღმერთი გააკეთებინონ. მერე ქედს უხრიან და თაყვანს სცემენ. მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე ჩამოდგამენ თავის ადგილზე. დგას და ადგილიდან არ იძვრის, შესძახიან და პასუხს არა სცემს, გასაჭირში ვერ ეშველება.

რომაელთა 1:21-23
რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ; და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს,

Close
Close