გამოსვლა 22:25
თუ ფულს ასესხებ ჩემი ხალხიდან ვინმე ღარიბ-ღატაკს, ნუ შეავიწროვებ მას და ვახშს ნუ დააკისრებ.
ლევიანნი 25:35-37
თუ შენი მოძმე გაღარიბდა და შენთან მოვიდა, დაეხმარე მას როგორც მწირს ან ახალმოსახლეს და იცხოვროს შენთან. არ აიღო მისგან ვახში და სარგებელი, გეშინოდეს შენი ღმერთისა და იცხოვროს შენმა ძმამ შენთან. არ მისცე მას ფული ვახშით და სარგებლისთვის ნუ გასცემ საჭმელს.
მეორე რჯული 23:19
ვახშით არ მისცე შენს მოძმეს, არც ფული, არც საჭმელი და არც რაიმე, რაც ვახშით გასესხდება.
ფსალმუნები 14:5
ვინც ვახშით არ გასცემს ფულს და ქრთამს არ აიღებს უდანაშაულოს წინააღმდეგ; ამის მოქმედს არასოდეს დაუსხლტება ფეხი.
ეზეკიელი 18:8
ვახშს არ იღებს და სარგებლისთვის არ ასესხებს, უმართლობას ხელს არიდებს და კაცთა შორის დავას სამართლიანად განსჯის,
ლუკას 6:30
ყველას, ვინც გთხოვოს, მიეცი; და ვინც წაგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ.
იერემია 15:10
ვაიმე, დედაჩემო, ვინაიდან მთელ ქვეყანასთან საკამათოდ და საჩხუბრად მშობე; ვახშით არავისთვის მიმიცია, და არც ვინმეს მოუცია ჩემთვის ვალად, მაგრამ ყველა მე მწყევლის.
იერემია 18:13
ვახშს იღებდეს და სარგებლისთვის ასესხებდეს – იცოცხლებს განა? არ იცოცხლებს! ყველა ამ სისაძაგლის ჩამდენი უცილობლად მოკვდება; მასზე იქნება მისი სისხლი.
ეზეკიელი 22:12
ქრთამს იღებდნენ შენში სისხლის დასაღვრელად, ვახშსა და სარგებელს იღებდნენ, ძარცვავდნენ და ძალადობდნენ მოყვასზე, მე კი დამივიწყე!” – ამბობს უფალი ღმერთი.
1 ტიმოთეს 6:9
გამდიდრების მსურველნი კი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, ასევე მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც გასანადგურებლად და დასაღუპად ითრევენ ადამიანს;
მეორე რჯული 15:8
არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე საკმარისი მისი გაჭირვების კვალობაზე, რაც სჭირდება.
ფსალმუნები 111:5
კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი, სამართლიანად რომ წარმართავს თავის საქმეს;
ლუკას 6:35
თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით, ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური; იქნებით უზენაესის ძენი, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.
ნეემია 5:6-11
ძალიან გავბრაზდი, როცა მათი მოთქმა და ასეთი სიტყვები მოვისმინე. გულმა მიკარნახა, ვედავე დიდებულებსა და მთავრებს და ვუთხარი, თქვენს ძმებს ვახშს ახდევინებთ-მეთქი! დიდი კრებული მოვიწვიე მათ წინააღმდეგ. ვთქვი: „რაც შევძელით გამოვისყიდეთ წარმართებზე მიყიდული იუდაელი ძმები, თქვენ კი საკუთარ ძმებს ყიდით, რომლებიც მერე ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ!” დადუმდნენ, რა ეთქვათ არ იცოდნენ. ვუთხარი: „არ არის კარგი თქვენი საქციელი! განა ჩვენი ღმერთის შიშით არ უნდა ცხოვრობდეთ, რომ არ შერცხვეთ წარმართებისა და ჩვენი მტრების თვალში? მეც, ჩემი ძმებიც და მსახურებიც სესხად ვაძლევდით მათ ვერცხლსა და მარცვლეულს; მოდით, ნუღარ მოვითხოვთ ამ ვალს, დღესვე დაუბრუნეთ მათ ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, ვერცხლის სარგებელი, მარცვლეული, ღვინო და ზეთი, რასაც ვახშად იღებდით”.
მეორე რჯული 23:20
უცხოტომელზე შეგიძლია ვახშით გასესხება, ხოლო შენს მოძმეს ნუ მისცემ ვახშით, რომ გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ნაამაგარი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
მეორე რჯული 15:1-11
„ყოველი მეშვიდე წლის მიწურულს გამოაცხადე პატიება. აი, პატიების რაობა: აპატიოს გამსესხებელმა, ვისაც უსესხებია თავისი მოყვასისთვის, და ნუ მოსთხოვს თავის მოყვასს ან ძმას, რადგან პატიება ცხადდება უფლის სახელით. უცხოელს მოსთხოვე, მაგრამ თუ შენს ძმას მართებს შენი – აპატიე. თუმცა არავინ იქნება შენს შორის ღარიბი, რადგან ფრიად გაკურთხებს უფალი იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად. ოღონდ თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა შეასრულო ყველა ის მცნება, რომელსაც გიბრძანებ დღეს. რადგან გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც აღგითქვა და ასესხებ მრავალ ხალხს, თვითონ კი არ ისესხებ. იბატონებ მრავალ ხალხზე, შენზე კი არავინ იბატონებს. თუ იქნება შენს შორის ღარიბი, ერთი შენი მოძმეთაგანი, შენს რომელიმე კარიბჭეში, იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, არ გაიქვავო გული და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი ძმის მიმართ; არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე საკმარისი მისი გაჭირვების კვალობაზე, რაც სჭირდება. გაფრთხილდი, გულში არ შეგეპაროს ბოროტი ფიქრი და არ თქვა: მოახლოვდა მეშვიდე წელი, პატიების წელი. აითვალწუნებ შენს ღარიბ ძმას და არაფერს მისცემ; შეჰღაღადებს იგი უფალს შენზე და ცოდვა დაგედება. მიეცი და ნუ დაგინაღვლიანდება გული მიცემისას, რადგან გაკურთხებს ამისთვის უფალი, შენი ღმერთი, ყოველ საქმეში და ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებ. რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე, ამიტომ გიბრძანებ, ხელგაშლილი იყავი ღარიბი და გაჭირვებული ძმის მიმართ შენს ქვეყანაში.
მათეს 25:27
ამიტომ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას სარგებლითურთ მივიღებდი ჩემსას.