მათეს 11:28-30
მოდით ჩემთან, ყველა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. დაიდეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით მდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. რადგან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.“
ებრაელთა 2:17
ამიტომ იგი ყველაფერში უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღმერთის წინაშე ხალხის ცოდვების შესაწყნარებლად.
ლუკას 7:13
ქვრივის დანახვისას უფალს შეეცოდა იგი და უთხრა: „ნუ სტირი.”
მათეს 15:32
იესომ კი მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: „მებრალება ეს ხალხი, სამი დღე რომ ჩემთან არის და საჭმელი კი არაფერი აქვს. არ მინდა მათი უჭმელად გაშვება, რათა გზაში არ დაუძლურდნენ.”
ესაია 40:11
ვით მწყემსი დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს, წარუძღვება მეძუძურთ.
ესაია 42:3
გაჟეჟილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ჭეშმარიტებით გამოიტანს განაჩენს.
ესაია 63:9
მის ყველა სატანჯველში თვითონაც იტანჯებოდა, და მისი პირის ანგელოზი იხსნიდა მათ. თავისი სიყვარულითა და თავისი მოწყალებით გამოისყიდა ისინი და აიყვანა და ატარებდა მათ ძველ დღეებში.
მათეს 8:3
იესომ გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან.
მათეს 8:16-17
ხოლო როდესაც მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა. რათა აღსრულებულიყო თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „მან იკისრა ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი.“
მათეს 14:14
და როდესაც გადმოვიდა, უამრავი ხალხი დაინახა და შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები.
მათეს 18:11-13
რადგან კაცის ძე დაღუპულის სახსნელად მოვიდა. როგორ გგონიათ, კაცს რომ 100 ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნეს, განა არ მიატოვებს მთებში ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად? და თუ შეძლებს მის პოვნას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ.
მათეს 23:37
იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.
იოანეს 11:34-38
და უთხრა: „სად დაასვენეთ იგი?“ ეუბნებიან: „უფალო, მოდი და ნახე.“ და აცრემლდა იესო.36 თქვეს იუდეველებმა: „ნახე, როგორ ჰყვარებია.“ ზოგიერთმა მათგანმა კი თქვა: „ნუთუ ბრმის თვალის ამხელს არ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ ეს არ მომკვდარიყო?“ იესო კი, კვლავაც სულით შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული.
იოანეს 18:8-9
მიუგო იესომ: „გითხარით, მე ვარ. თუ მე მეძებთ, ესენი გაუშვით, წავიდნენ.“ რათა აღსრულებულიყო მისი ნათქვამი სიტყვა: „იმათგან, ვინც შენ მე მომეცი, არავინ დამიღუპავს.“
2 კორინთელთა 8:9
რადგან იცით თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი; რომ იგი, მდიდარი, თქვენს გამო გაღატაკდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.
ებრაელთა 4:15
რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომელსაც არ შეუძლია თანაგრძნობა ჩვენს უძლურებებში, არამედ რომელიც ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.