რომაელთა 12:4-5
რადგან ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე. 5 ასევე ჩვენ, მრავალნი ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ერთიმეორისათვის – ასონი.
ეფესელთა 5:30
იმიტომ, რომ მისი სხეულის ასონი ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.
1 კორინთელთა 12:12-27
რადგან, როგორც სხეული ერთია, მაგრამ მრავალი ასო აქვს, და სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრია, ერთ სხეულს ქმნის, ასევეა ქრისტეც. და რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად – იუდეველები თუ ბერძნები, მონები თუ თავისუფლები, და ყველამ ერთი სული შევსვით. სხეულიც ერთი ასოსაგან კი არ შედგება, არამედ ბევრისაგან. ფეხმა რომ თქვას: „მე ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნი,“ განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? ანდა ყურმა რომ თქვას: „მე თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნი,“ განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? მთელი სხეული თვალი რომ იყოს, სადღა იქნება სმენა? ყველაფერი სმენა რომ იყოს, სადღა იქნება ყნოსვა? და, აჰა, ღმერთმა განალაგა ასოები სხეულში – თითოეული მათგანი, როგორც ინება. და ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნებოდა სხეული? აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი ერთი. თვალი ვერ ეტყვის ხელს: „არ მჭირდები.“ ვერც თავი ეტყვის ფეხებს: „არ მჭირდებით.“ არამედ, სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან, ხოლო რომლებიც ნაკლებ საპატიოდ გვეჩვენება სხეულში, მათ განსაკუთრებული პატივით ვეპყრობით, და რაც უშნოა ჩვენში, მას უფრო მეტად ვამკობთ. ჩვენს მშვენიერ ასოებს არ სჭირდებათ პატივი. მაგრამ ღმერთმა ისე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არგუნა იმას, რომელსაც ნაკლები მნიშვნელობა აქვს. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყოველი ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე. და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება, ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს. თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე – მისი ასოები.
1 კორინთელთა 6:15
განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოებია? განა ქრისტეს ასოებს მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც!
ეფესელთა 4:16
ვისგანაც მთელი სხეული, შენაწევრებული და შემტკიცებული ყოველნაირი მაცოცხლებელი კავშირების საშუალებით, სხეულის თითოეული ასოს ზომიერად მოქმედებით იზრდება თავისი თავის აღსაშენებლად სიყვარულში.