პავლეს სასწაულები ბიბლიური ციტატები

საქმეები 13:9-12
სავლე, იგივე პავლე, სულიწმიდით აივსო, მიაპყრო მას მზერა და უთხრა: „ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ბოროტებით აღვსილო, ეშმაკის ძეო და სიმართლის მტერო, აღარ მოეშვები უფლის სწორი გზების გამრუდებას? აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი, დაბრმავდები და დრომდე ვეღარ დაინახავ მზეს”. მაშინვე დაეშვა მასზე წყვდიადი და სიბნელე, აქეთ-იქით აწყდებოდა და გამძღოლს ეძებდა. დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით გაოცებულმა.

საქმეები 14:8-10
იყო ერთი კაცი ლისტრაში, ფეხებმოწყვეტილსა და დედის მუცლიდანვე დავრდომილს, არასოდეს გაევლო. ისმენდა იგი პავლეს საუბარს; შეხედა მას პავლემ და დაინახა, რომ ჰქონდა რწმენა განსაკურნებლად, უთხრა ხმამაღლა: „შენ გეუბნები უფლის, იესო ქრისტეს სახელით: წამოდექი ფეხზე და გაიმართე!” ისიც წამოხტა და დაიწყო სიარული.

საქმეები 16:18
ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. ძალიან შეწუხდა პავლე, მიუბრუნდა და უთხრა სულს: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან”. და იმწამსვე გამოვიდა.

საქმეები 19:11-12
ღმერთი კი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით. ისე რომ, როცა ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ საბურველებსა და სარტყელებს ადებდნენ, ბოლო ეღებოდა მათ სნეულებას და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან.

საქმეები 20:9-12
ერთი ჭაბუკი, სახელად ევტიხი, სარკმლის რაფაზე იჯდა. პავლეს რომ სიტყვა გაუგრძელდა, ჭაბუკი ძილქუშმა მოიცვა, მძინარე მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს. ჩამოვიდა პავლე, დაემხო მას, მოეხვია და თქვა: „ნუ შეშფოთდებით, რადგან მისი მშვინვა მასშივეა”. ზევით ავიდა, პური გატეხა და ჭამა, კარგა ხანს საუბრობდა, განთიადამდე, შემდეგ კი წავიდა. ყრმა კი ცოცხალი ამოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი.

საქმეები 28:3-9
პავლემ ბლომად ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს შეუკეთა. სიცხის გამო გველი გამოძვრა და ხელზე შემოეხვია მას. ადგილობრივებმა, მის ხელზე შემოხვეული გველი რომ დაინახეს ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლის ნებას არ აძლევსო”. მაგრამ მან ხელი დაიქნია და გველი ცეცხლში ჩააგდო, ისე, რომ არაფერი ვნებია. ისინი კი ელოდნენ, დასივდება ან უცბად დაეცემაო მკვდარი. მაგრამ რაკი დიდი ხანი გავიდა და დაინახეს, რომ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და ამბობდნენ, ღმერთი ყოფილაო. იმ ადგილას კუნძულის მთავარს, სახელად პოპლიოსს, მამული ჰქონდა. მან მიგვიღო და სამ დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა. პოპლიოსის მამა, ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით გატანჯული, ლოგინად იყო ჩავარდნილი; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განკურნა. ამ ამბის შემდეგ, ვისაც კი რაიმე სენი სჭირდა ამ კუნძულზე, მოდიოდა და იკურნებოდა.

Close
Close