პატიების თხოვნა ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 32:30–32
უთხრა ხალხს მოსემ მეორე დღეს: „დიდი ცოდვა ჩაიდინეთ; ახლა ავალ უფალთან, ეგებ გაპატიოთ მან თქვენი ცოდვა”. დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: „დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთი გაიკეთა. ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, მეც ამომშალე წიგნიდან, შენ რომ დაწერე”.

ნეემია 1:4–11
ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი და ავტირდი; მრავალ დღეს ვგლოვობდი, ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე. ვეუბნებოდი: „გევედრები, უფალო, ცათა ღმერთო, ღმერთო დიადო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო მათთვის, ვისაც უყვარხარ და იცავს შენს მცნებებს! მომაპყარი ახლა შენი ყური, ხოლო შენი თვალები გახელილი იყოს, რათა ისმინო შენი მსახურის ლოცვა შენ წინაშე, რომელსაც შენს მსახურებზე, ისრაელის ძეებზე აღვავლენ დღედაღამ. ვაღიარებ ისრაელის ძეთა ცოდვებს, რომლებითაც შეგცოდეთ შენ: მე და მამაჩემის სახლეულმაც შევცოდეთ. დანაშაულს ჩავდიოდით შენ წინაშე, არ ვიცავდით მცნებებს, წესებსა და სამართალს, რომელიც უბრძანე მოსეს, შენს მსახურს. გაიხსენე, გემუდარები, სიტყვა, რომელიც ამცნე მოსეს, შენს მსახურს: თუ მიორგულებთ, ხალხებში გაგაბნევთო. ხოლო თუ მომიბრუნდებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ მათ, ცის კიდემდე რომ იყოთ გაბნეულნი, იქიდან მოგაგროვებთ და მოგიყვანთ იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო! ისინი ხომ შენი მსახურები და შენი ხალხია, რომელიც გამოისყიდე შენი დიადი ძალითა და ძლიერი ხელით! ო, უფალო, გევედრები, მსმენელი ყური მიაპყარ შენი მორჩილისა და იმ მსახურთა ლოცვას, რომელთაც სწყურიათ შენი სახელის მოშიშება და გევედრები, ხელი მოუმართე შენს მსახურს დღეს და წყალობა აპოვნინე ამ კაცის წინაშე”, რადგან მეფის ღვინისმწდე ვიყავი.

დანიელი 9:4–19
ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის წინაშე, ვაღიარე და ვუთხარი: „ოჰ, უფალო, დიდებულო და მრისხანე ღმერთო, აღთქმასა და წყალობას რომ უნახავ შენს მოყვარულებსა და შენი მცნებების დამცველთ! აჰა, შევცოდეთ, ურჯულოებას ვიქმოდით, ბოროტს ჩავდიოდით და ვჯიუტობდით, გადავუხვიეთ შენს მცნებებსა და დადგენილებებს. ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურ წინასწარმეტყველთ, შენი სახელით რომ ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებსა და ქვეყნის მთელ ხალხს. სიმართლე შენ გეკუთვნის, უფალო, ჩვენ კი დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე, იუდას კაცებს, იერუსალიმის მკვიდრებს, მთელ ისრაელს, ახლო თუ შორეულ ქვეყნებში მყოფებს, სადაც განდევნე მათი ორგულობის გამო, შენ მიმართ რომ გამოიჩინეს. უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებს სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევცოდეთ შენს წინააღმდეგ. უფალო, ღმერთო, მოწყალე ხარ და შენთანაა პატიება, ჩვენ კი განგიდექით. ყური არ დავუგდეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რათა გვევლო მისი რჯულის მიხედვით, თავის მსახურ წინასწარმეტყველთა ხელით რომ დაგვიდო წინ. დიახ, მთელმა ისრაელმა დაარღვია შენი რჯული და გადაუხვია მისგან, შენი ხმა რომ არ გაეგონა. ამიტომაც გვიწია იმ წყევლამ და ფიცმა, მოსეს, ღვთისმსახურის რჯულში რომ სწერია, რადგან მის წინააღმდეგ შევცოდეთ. დაადასტურა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, სამართალს რომ გვიჩენდნენ, და დიდი უბედურება დაგვატეხა თავს. არაფერი მომხდარა იმის მსგავსი მთელ ცისქვეშეთში, იერუსალიმში რომ მოხდა. როგორც მოსეს რჯულში სწერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს, მაგრამ მაინც არ ვეძიებდით ჩვენი უფლის, ღმერთის წყალობას, რომ მოვქცეულიყავით ჩვენი ურჯულოებიდან და შეგვეგნო შენი ჭეშმარიტება. ამიტომაც დაგვატეხა თავს უფალმა ეს უბედურება, რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, თავის ყველა საქმეში, რომელიც მან მოიმოქმედა; მაგრამ ჩვენ მაინც არ ვუგდებდით ყურს მის ხმას. ახლა კი, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი ძლიერი ხელით გამოიყვანე შენი ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი გაითქვი, დღეს რომ გაქვს! შევცოდეთ და ბოროტად მოვიქეცით. უფალო, მთელი შენი სიმართლით განარიდე შენი რისხვა და გულისწყრომა შენს ქალაქ იერუსალიმს და შენს წმიდა მთას, რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამების ურჯულოების გამო არიან იერუსალიმი და შენი ხალხი შერცხვენილნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან. ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება; და შენი გულისთვის კეთილგანწყობით მოხედე შენს გაპარტახებულ საწმიდარს, უფალო. ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, თვალები გაახილე და ნახე ჩვენი აოხრება და ქალაქი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია; რადგან ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი უდიდესი მოწყალების გამო. უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს”.

ამოსი 7:1–6
ასეთი ხილვა მომცა უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გაზაფხულის ბალახის ამოსვლისას და აჰა, აღმოცენდა ბალახი სამეფო თიბვის შემდეგ. და იყო, მოამთავრა კალიამ ქვეყნის ბალახის ჭამა და ვთქვი: უფალო ღმერთო, მომიტევე! როგორ წამოდგება იაკობი? რადგან მცირეა იგი. გადაიფიქრა უფალმა; ‘არ მოხდებაო’ – თქვა უფალმა. და მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო უფალმა ღმერთმა ცეცხლის სასჯელს, რომელმაც დიდი უფსკრული შთანთქა და მინდვრის შთანთქმა დაიწყო. ვთქვი: უფალო ღმერთო! გთხოვ, შეჩერდი. როგორ წამოდგება იაკობი? რადგან მცირეა იგი. გადაიფიქრა უფალმა; ‘არ მოხდებაო’ – თქვა უფალმა ღმერთმა.

დაბადება 18:20–33
და თქვა უფალმა: „რაკი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე და მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები,” ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია; თვითონ შევიტყობ”. გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაჰამი კი ჯერ კიდევ უფლის წინაშე იდგა. მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: „ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად? ეგებ ორმოცდაათი მართალი აღმოჩნდეს მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ დაინდობ მაგ ადგილს, იქ არსებული ორმოცდაათი მართალის გამო? შორს შენგან ასეთი საქმე – რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან – რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!” უთხრა უფალმა: „თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს მთელ ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს”. მიუგო აბრაჰამმა: „გავკადნიერდი, რომ ვლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი. იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: „არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!” განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: „იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: „არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”. კვლავ თქვა აბრაჰამმა: „ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: „არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”. კვლავ უთხრა: „გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: „ოცისთვისაც არ დავღუპავ”. თქვა აბრაჰამმა: „ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: „არც ათისთვის დავღუპავ”. და წავიდა უფალი, როგორც კი აბრაჰამთან საუბარი დაასრულა; და დაბრუნდა აბრაჰამიც თავის ადგილზე.

ლუკას 23:33–34
როდესაც იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემის ადგილი ჰქვია, ჯვარს აცვეს იქ ის და ბოროტმოქმედნიც – ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ. იესომ თქვა: „მამაო, მიუტევე მათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ.“ და გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით.

საქმეები 7:59–60
ქვას რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიღე ჩემი სული”. მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას”. ეს თქვა და განისვენა.

ლუკას 11:4
და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ყველა ჩვენს მოვალეს; და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან”.

მათეს 6:12
და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;

ნეემია 9:1–3
იმავე თვის ოცდამეოთხე დღეს მარხვით შეიკრიბნენ ისრაელის ძენი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მიწადაყრილნი. გამოეყვნენ ისრაელის შთამომავალნი ყველა უცხოელს, დადგნენ და თავიანთი ცოდვები და მამების უმართლობა აღიარეს. თავ-თავის ადგილებზე იდგნენ და მეოთხედი დღე უფლის, თავისი ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, დღის მეორე მეოთხედი კი აღიარებასა და უფლის, თავიანთი ღმერთის თაყვანისცემაში იყვნენ.

ფსალმუნები 50:1–17
შემიწყალე ღმერთო, შენი წყალობისამებრ; შენი მრავალი წყალობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული. სრულად განმბანე ჩემი ბრალისგან და გამასუფთავე ჩემი ცოდვისგან. ვინაიდან ვიცი ჩემი დანაშაული და მუდამ თვალწინ მიდგას ჩემი ცოდვა. შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და უმწიკვლო – შენს სამართალში. აჰა, ცოდვილად დავიბადე, დიახ ცოდვილად ჩავესახე დედაჩემს. აჰა, გულში დაფარული ჭეშმარიტება გსურს, დაფარულში მასწავლი სიბრძნეს. მასხურე უსუპი და განვიწმიდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები. ლხინისა და სიხარულის ხმა გამაგონე, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ შემუსრე. სახე აარიდე ჩემს შეცდომებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე. სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო და წრფელი სული განმიახლე. ნუ უკუმაგდებ შენგან და შენს წმიდა სულს ნუ წამართმევ. შენი ხსნის სიხარული დამიბრუნე და შენი დიდებული სულით გამამაგრე. მაშინ ვასწავლი შენს გზებს დამნაშავეთ და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან. სისხლისგან მიხსენი ღმერთო, ჩემი ხსნის ღმერთო და ხოტბას შეასხამს ჩემი ენა შენს სიმართლეს. უფალო! გახსენი ჩემი ბაგეები და შენს ქებას იტყვის ჩემი პირი. რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო და სრულადდასაწველს არ ინებებ. შესაწირი ღმერთისა – სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გულს არ დაამცირებ, ღმერთო.

ფსალმუნები 31:1–5
ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა. ნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი და ვის სულშიც არ არის სიცრუე. როდესაც ვდუმდი ჩემს ცოდვაზე, ძვლები გამიცვითა ყოველდღიურმა გოდებამ. რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, ზაფხულის გვალვამ შეცვალა სინედლე ჩემი. ცოდვა ჩემი ვაღიარე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა.

ესაია 6:1–7
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს. სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ: თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა, ორით სახეს იფარავდნენ, ორით – ფეხებს და ორით დაფრინავდნენ. გასძახოდნენ ერთიმეორეს და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!” და შეირყა წირთხლთა საძირკვლები ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი. ვთქვი: „ვაი! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეფე, ცაბაოთ უფალი იხილეს”. და მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი, რომელსაც ხელში სამსხვერპლოდან აღებული მოგიზგიზე მუგუზალი ეჭირა მაშით. ბაგეზე შემახო და თქვა: „აჰა, შეეხო მუგუზალი შენს ბაგეს და მოგცილდა ურჯულოება, მიგეტევა შენი ცოდვა”.

ლუკას 6:37
ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.

ლუკას 6:27-36
ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს. აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენი შეურაცხმყოფელებისთვის. ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე; ვინც სამოსელს წაგართმევს, მოსასხამიც გაატანე. ყველას, ვინც გთხოვოს, მიეცი; და ვინც წაგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ. და როგორც გინდათ, რომ ადამიანები გექცეოდნენ, თქვენც ასევე მოექეცით მათ. თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, რა სარგებელია? რადგან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი. თუ თქვენს კეთილისმყოფელთ უზამთ სიკეთეს, რა სარგებელია? ცოდვილნიც ხომ ასე იქცევიან. თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, რა სარგებელია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ. თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით, ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური; იქნებით უზენაესის ძენი, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია. იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.

კოლოსელთა 3:12-13
ამიტომ როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.

მარკოზის 11:25-26
ხოლო, როცა ლოცულობთ, მიუტევეთ თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც მოგიტევოთ თქვენი ცოდვები. ვინაიდან, თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, არ მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს”.

მათეს 6:14-15
ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.

მათეს 18:21-35
მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: „უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდავს? შვიდჯერ?” უთხრა მას იესომ: „არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ. ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან. ანგარიშსწორება რომ დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა. და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბრძანა ბატონმა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ებადა, რომ ვალი დაეფარა. მაშინ პირქვე დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო. პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა. მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და ყოველივე აუწყეს. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე? განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაუხდიდა. ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”.

ლუკას 17:3-4
გაფრთხილდით: თუ შეგცოდოს შენმა ძმამ, გაუწყერი; თუ მოინანიოს, მიუტევე. დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას ვინანიებო, აპატიე”.

დაბადება 50:15-21
იხილეს იოსების ძმებმა, რომ გარდაიცვალა მათი მამა და თქვეს: „ვაითუ გვიმტროს იოსებმა იმ ბოროტებისთვის, რაც მას გავუკეთეთ!” და შეუთვალეს იოსებს ამ სიტყვებით: „სიკვდილის წინ დაგვიბარა მამაშენმა: ‘ასე უთხარით იოსებს: გემუდარები, შეუნდე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, რადგან ბოროტად მოგექცნენ.’ ახლა შეუნდე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს”. და ატირდა იოსები, როდესაც ამას ეუბნებოდნენ. მივიდნენ მისი ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: „აჰა, შენი მონები ვართ!” უთხრა მათ იოსებმა: „ნუ გეშინიათ, განა ღმერთის მაგიერი ვარ? ბოროტება კი განიზრახეთ ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა ექმნა ის, რაც დღეს ხდება: ეხსნა მრავალი ხალხის სიცოცხლე. ამიტომ ნუ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენც და თქვენს ბავშვებსაც”. ანუგეშა ისინი და გულითადად ელაპარაკა.

Close
Close