პასუხგაცემული ლოცვები ბიბლიის მუხლები

დაბადება 18:23-33
და მიეახლა აბრაამი და უთხრა: „ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად? ეგების იყოს ორმოცდაათი მართალი ამ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ დაინდობ მაგ ადგილს იქ მყოფი ორმოცდაათი მართლისათვის? შორს შენგან ასეთი საქმე, რომ მოკლა მართალი უკეთურთან ერთად, და იყოს მართალი უკეთურივით! შორს შენგან! მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა არ გააჩინოს სამართალი?” და უთხრა უფალმა: „თუ ვპოვებ სოდომში, ქალაქში, ორმოცდაათ მართალს, შევუნდობ მათ გამო მაშინ მაგ ადგილს.” და მიუგო მას აბრამმა: „აჰა, გავბედე ლაპარაკი ჩემს ბატონთან მე, მტვერმა და ნაცარმა. იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ხუთისათვის დაღუპავ მთელ ქალაქს?” და უთხრა მას უფალმა: „არ დავღუპავ, თუ ვპოვებ იქ ორმოცდახუთს!” და კვლავ განაგრძო მასთან ლაპარაკი, და თქვა: „იქნებ იქ ორმოცი აღმოჩნდეს?” და თქვა: „არ ვიზამ ამას ორმოცისთვისაც.” და თქვა აბრაამმა: „ნუ განრისხდება ბატონი, იქნებ იქ ოცდაათი აღმოჩნდეს?” და თქვა: „არ ვიზამ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს.” და კვლავ უთხრა მას: „აჰა, გავბედე ლაპარაკი ბატონთან: იქნებ აღმოჩნდეს იქ ოცი?” და თქვა: „არ დავღუპავ ოცისათვის.” და თქვა: „ნუ განრისხდება ჩემი ბატონი, და ერთხელაც ვიტყვი: „იქნებ აღმოჩნდეს იქ ათი კაცი?” და უთხრა მას: „არც ათისთვის არ დავღუპავ.” და წავიდა უფალი, როგორც კი დაასრულა აბრაამთან ლაპარაკი და აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილზე.

გამოსვლა 2:23-25
გავიდა კარგა ხანი და მოკვდა მეფე ეგვიპტისა, და კვნესოდნენ ისრაელის შვილები მძიმე შრომისგან და გოდებდნენ. და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს. და ისმინა ღმერთმა მათი კვნესა, და გაიხსენა ღმერთმა თავისი აღთქმა აბრაამის, ისაკისა და იაკობის მიმართ. და დაინახა ღმერთმა ისრაელის ძენი, და მოხედა მათ ღმერთმა.

1 იოანეს 5:14-15
და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ.

იოანეს 15:7
თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.

გამოსვლა 14:15-16
და უთხრა უფალმა მოსეს: „რას შემღაღადებ? უთხარი ისრაელის ძეთ, რომ აიყარონ. აღმართე შენი კვერთხი და გაიწოდე ხელი ზღვაზე, და გააპე იგი, და გავლენ ისრაელის ძენი ზღვაში მშრალით

გამოსვლა 15:25
და შეღაღადა მოსემ უფალს, და უჩვენა მას უფალმა ძელი. და მან ჩააგდო იგი წყალში, და გაამტკნარა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა მას წესი და სამართალი, და იქ გამოსცადა იგი.

გამოსვლა 17:4-6
და შეღაღადა მოსემ უფალს ასე: „რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც, და ჩამქოლავენ.” და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაიარე ხალხის წინ, წაიყვანე ისრაელის უხუცესნი და შენი კვერთხი, რომელიც დაჰკარი მდინარეს, აიღე ხელში, და წადი. და მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე. და შენ დაჰკარი კლდეს და გადმოვა მისგან წყალი, და დალევს ხალხი.” და მოსემ გააკეთა ეს ისრაელის უხუცესთა თვალწინ.

რიცხვნი 12:13-15
შეჰღაღადა მოსემ უფალს: ღმერთო, განკურნე, გევედრები. უთხრა უფალმა მოსეს: მამას რომ მიეფურთხებინა მისთვის სახეში, შვიდ დღეს ხომ ვერ გამოჩნდებოდა სირცხვილით? შვიდი დღე დაიმალოს ბანაკის გარეთ და მერე დაბრუნდეს. შვიდ დღეს იმალებოდა მირიამი ბანაკის გარეთ და არ დაძრულა ხალხი, ვიდრე მირიამი არ დაბრუნდა.

მსაჯული 3:9
და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს, და აღუდგინა უფალმა მხსნელი ისრაელის ძეთ, რომელმაც იხსნა ისინი: ეს იყო ღოთენიელი, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე.

მარკოზის 11:24
ამიტომ გეუბნებით: ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და თქვენი იქნება.

მათეს 7:7
ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ.

1 იოანეს 3:22
რასაც კი ვთხოვთ, მივიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვიქმთ მის წინაშე მოსაწონს.

იერემია 33:3
‘მომიხმე მე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდს და მიუწვდომელს, რომლებიც არ იცოდი შენ,

1 მეფეთა 1:10-20
სულის სიმწარით დაუწყო ქალმა ვედრება უფალს, და ცხარედ ტიროდა. და აღუთქვა და უთხრა: „ცაბაოთ უფალო, თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს მივცემ მას ვიდრე ცოცხალი იქნება, სამართებელი არ შეეხება მის თავს.” და როცა დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ყელი მის ბაგეებს აკვირდებოდა. რაკი ხანა გულში ლაპარაკობდა და მხოლოდ ბაგეებს ამოძრავებდა, ხმა კი არ ისმოდა, მთვრალიაო, იფიქრა ყელიმ. უთხრა ყელიმ: „რამდენ ხანს უნდა იყო მთვრალი? გამოფხიზლდი ღვინისგან.” მიუგო ხანამ და უთხრა: „არა, ჩემო ბატონო. ერთი სულგამწარებული ქალი ვარ. ღვინო და თაფლუჭი არ დამილევია, უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს. უღირსი დედაკაცი ნუ გეგონება შენი მხევალი. მხოლოდ დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს.” მიუგო ყელიმ და უთხრა: „წადი მშვიდობით და ისრაელის ღმერთმა აგისრულოს სათხოვარი, რასაც მოითხოვ მისგან.” თქვა ქალმა: „ნეტავ, მადლი პოვოს შენმა მხევალმა შენს თვალში.” და წავიდა ქალი თავისი გზით. საჭმელი ჭამა და აღარ ჰქონია სახე უწინდებურად. ადგნენ დილით და თაყვანი სცეს უფალს, დაბრუნდნენ რამას და მივიდნენ თავიანთ სახლში. შეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა ხანა უფალმა. რამდენიმე ხნის შემდეგ დაორსულდა ხანა, შვა ვაჟი და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან უფალს გამოვთხოვეო იგი.

1 მეფეთა 12:9-11
მაგრამ დაივიწყეს მათ უფალი, თავიანთი ღმერთი, და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა სისარას, ხაცორის მხედართმთავარს, ფილისტიმელებს და მოაბელთა მეფეს, [რომელნიც] ებრძოდნენ მათ. მაგრამ როცა შეჰღაღადეს უფალს და თქვეს: ‘შევცოდეთ, რადგან განვუდექით უფალს და ვემსახურებოდით ბაყალებსა და ყაშთაროთებს. ახლა გვიხსენი მტრების ხელთაგან და გემსახურებით.’ მაშინ მოავლინა უფალმა იერუბაყალი, ბედანი, იფთახი და სამუელი. ის გიფარავდათ გარეშემო მტრების ხელთაგან და თქვენც ცხოვრობდით მშვიდად.

1 მეფეთა 23:10-12
და თქვა დავითმა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! ნამდვილად იცის შენმა მსახურმა, რომ კეყილისაკენ მოდის საული, რათა ჩემს გამო გაანადგუროს ქალაქი. თუ მიმცემენ მათ ხელს კეყილელნი? თუ ჩამოვა საული, როგორც შეიტყო შენმა მსახურმა? უფალო, ღმერთო ისრაელისა! გაუცხადე შენს მსახურს!” და მიუგო უფალმა: „ჩამოვა.” და თქვა დავითმა: „თუ მიგვცემენ კეყილელნი მე და ჩემს ხალხს საულს?” და თქვა უფალმა: „მიგცემენ.”

1 თესალონიკელთა 5:17
ილოცეთ განუწყვეტლივ;

3 მეფეთა 17:22
და ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სამშვინველი მასში. და გაცოცხლდა იგი.

3 მეფეთა 18:36-38
მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: „უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ერთი ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მსახური ვარ და შენი სიტყვისამებრ გავაკეთე ეს ყველაფერი. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები.” და ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი. ამოლოკა წყალიც, თხრილში რომ ესხა.


მსგავსი თემები:

პასუხგაუცემელი ლოცვები

Close
Close