მეორე რჯული 22:13-19
თუ შეირთავს ვინმე ცოლს და შევა მასთან, და შემდეგ მოიძულებს მას იგი, ცილს დასწამებს და სახელს გაუტეხავს და იტყვის: „ეს ქალი შევირთე და მივედი მასთან, და ვერ ვპოვე მასში ქალწულობის ნიშნები”, მაშინ ყმაწვილი ქალის მამამ და დედამ გაიტანონ ნიშნები ყმაწვილი ქალის ქალწულობისა ქალაქის უხუცესებთან, კარიბჭესთან, და თქვას ყმაწვილი ქალის მამამ უხუცესებთან: „ჩემი ასული მივეცი მე ამ კაცს ცოლად და მან მოიძულა იგი, და ცილი დასწამა მას და თქვა: ქალწულად ვერ ვპოვეო შენი ასული. და აჰა, ნიშნები ჩემი ასულის ქალწულობისა”. და გაშალონ სამოსელი ქალაქის უხუცესთა წინაშე. და აიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა ქმარი და დასაჯონ იგი, და დააჯარიმონ ასი ვერცხლით და მისცენ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან სახელი გაუტეხა ისრაელიან ქალწულს. და დარჩება ქალი მის ცოლად: ვერ გაუშვებს მას თავისდღეში.
მეორე რჯული 24:1
თუ კაცი ცოლს შეირთავს, მაგრამ ქალი მადლს ვერ ჰპოვებს მის თვალში, რადგან სამარცხვინოს რასმე უპოვნის კაცი, დაუწეროს გაყრილობის წერილი და მისცეს ხელში და გაუშვას თავისი სახლიდან.
მათეს 5:31-32
ასევე ნათქვამია: ‘ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრილობის მოწმობა.’ მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
იგავნი 19:13
მამისათვის უბედურებაა ბრიყვი შვილი, ხოლო ცოლის ჭირვეულობა – შეუწყვეტელი წვეთა.
1 პეტრეს 3:7
თქვენც, ქმრებო, ასევე გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც შედარებით უძლურ ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.
იგავნი 21:9
ბინის კუნჭულში ცხოვრება სჯობს ანჩხლ ქალთან საერთო სახლში ცხოვრებას.
ეფესელთა 5:21-33
დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთის მოშიშებით. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი. მაგრამ, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც – თავიანთ ქმრებს ყველაფერში. მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით სიტყვის მეშვეობით. რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად, არ ჰქონოდა მწიკვლი ან მანკი, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, პირიქით, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო. ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას. იმიტომ, რომ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი. ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან. დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტეზე და ეკლესიაზე. ასევე ყოველ თქვენთაგანს უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი. ცოლსაც ეშინოდეს ქმრისა.
ეფესელთა 6:1-4
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგან ეს სამართლიანია. „პატივი ეცი შენს მამას და დედას,“ – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, – „რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.“ თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და შეგონებით.
კოლოსელთა 3:18-21
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც ეს შესაფერია უფალში. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ გამწარდებით მათ მიმართ. შვილებო, დაექვემდებარეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგან ასეა მოსაწონი უფლისათვის. მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ დაკარგონ.