გამოცხადება 9:1
არ მოინანიეს ჩადენილი მკვლელობანი, არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი მეძავობანი და არც თავიანთი ქურდობანი.
ეზეკიელი 13:18
უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი იმ დედაკაცებს, ჯადოქრულ სამაჯურებს რომ კერავენ ყოველი მაჯისთვის და ყველა ზომაზე რომ აკეთებენ ადამიანთა სულების გამოსაჭერად. ნუთუ ჩემი ხალხის სულებზე ნადირობით თქვენ სიცოცხლეს შეინარჩუნებთ?
ესაია 47:11-13
მოგეწევა ბოროტი და არ გეცოდინება მისი შელოცვა. დაგატყდება უბედურება და ვერ შეძლებ მისგან გამოსყიდვას, ისე მოულოდნელად მოგივა წარწყმედა, რომ ვერც მიხვდები. დარჩი ახლა შენს ჯადოსნობასა და მრავალ გრძნეულებაში, რაზეც სიყმაწვილიდან ზრუნავდი; იქნებ მიიღო სარგებელი, იქნებ შიში მოჰგვარო ხალხს. დაქანცული ხარ მრავალი რჩევისგან; ახლა ადგნენ და გიხსნან ცისმზომელებმა და ვარსკვლავთმრიცხველებმა, ახალმთვარობისას რომ წინასწარმეტყველებენ და გეუბნებიან რა მოგივა.
დანიელი 1:19-20
ელაპარაკა მათ მეფე და არავინ აღმოჩნდა მათ შორის დანიელის, ხანანიას, მისაელისა და ყაზარიას ბადალი; და შეუდგნენ მეფის წინაშე სამსახურს. ყოველგვარ სიბრძნესა და გონიერებაში, რაც მეფემ გამოჰკითხა მათ, აღმოჩნდა, რომ ისინი სამეფოს ყველა მოგვსა და ჯადოქარზე ათჯერ მეტად გონიერნი იყვნენ.
გამოცხადება 22:14-15
ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში. მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა, ვისაც სიცრუე უყვარს და სჩადის.
მეორე რჯული 18:9-12
როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ნუ გაიმეორებ იმ ხალხთა სისაძაგლეებს. არ იყოს შენს შორის თავისი ძისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული, არც მომჯადოვებელი, არც სულთა და არც მკვდართა გამომკითხველი, ვინაიდან საზიზღარია უფლის წინაშე ყოველივე ამის მოქმედი; ამ სისაძაგლეთა გამო სდევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი.
დანიელი 2:2-13
და ბრძანა მეფემ მოეყვანათ გრძნეულნი, მოგვნი, მკითხავნი და ქალდეველნი, რომ აეხსნათ სიზმარი მეფისთვის. ისინიც მოვიდნენ და დადგნენ მეფის წინაშე. უთხრა მათ მეფემ: „სიზმარი ვიხილე და სული ამიფორიაქდა, მინდა ამ სიზმრის ახსნა”. არამეულად ელაპარაკნენ მეფეს ქალდეველნი: „მეფევ! იცოცხლე საუკუნოდ! უამბე სიზმარი შენს მსახურთ და განვმარტავთ მის მნიშვნელობას”. მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველებს: „მტკიცედ გადავწყვიტე: თქვენ თვითონ თუ არ მეტყვით სიზმარსა და მის მნიშვნელობას, ასო-ასო აიკუწებით და ნანგრევებად იქცევა თქვენი სახლები. მაგრამ თუ სიზმარსა და მის მნიშვნელობას ამიხსნით, ძღვენს, ჯილდოებსა და დიდ პატივს არ მოგაკლებთ. ასე რომ, მითხარით სიზმარი და ამიხსენით მისი მნიშვნელობა”. მეორედ მიუგეს და უთხრეს: „უამბოს მეფემ თავის მსახურთ სიზმარი და ავხსნით მის მნიშვნელობას”. უპასუხა მათ მეფემ: „დანამდვილებით ვიცი, რომ დროის მოგებას ცდილობთ, რადგან ხედავთ, რომ განმიდგა სიტყვა. ხოლო თუ არ ამიხსნით ჩემს სიზმარს, შეთანხმებულხართ, რომ სიყალბე და ტყუილი მითხრათ დროს გასაყვანად; ამიტომ, მიამბეთ მე სიზმარი და გავიგებ, რომ მისი მნიშვნელობის ახსნაც ძალგიძთ”. უპასუხეს ქალდეველებმა: „არ არის დედამიწის ზურგზე კაცი, მეფისთვის ამ ბრძანების შესრულება, რომ შეძლოს; არც ერთ მეფესა და მბრძანებელს არ მოუთხოვია ამის მსგავსი რომელიმე გრძნეულის, მჩხიბავისა თუ ქალდეველისგან. რთულია საქმე, მეფე რომ ითხოვს; არავინ არის, ვინც შეძლებდა მის შესრულებას მეფის წინაშე, გარდა ღმერთებისა, რომელთა სამკვიდრებელიც ხორციელთა შორის არ არის”. ყოველივე ამის გამო ძლიერ განრისხდა მეფე და ბრძანა ბაბილონის ყველა ბრძენი დაეხოცათ. გამოვიდა ბრძანება, რომ დაეხოცათ ბრძენნი; დანიელსა და მის მეგობრებსაც ეძებდნენ მოსაკლავად.
ლევიანნი 20:27
თუ მამაკაცი ან დედაკაცი მიცვალებულის გამომძახებელი ან ჯადოქარი აღმოჩნდება, უსათუოდ მოკვდეს, ქვებით ჩაიქოლოს, მათზეა მათი სისხლი”.