დაბადება 1:1
დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა.
დაბადება 1:31
და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და ძალზე კარგი იყო. და იყო საღამო და იყო დილა – მეექვსე დღე.
კოლოსელთა 2:8
იფხიზლეთ, არავინ წარგატყვევოთ ფილოსოფიითა და ამაო ტყუილებით, ადამიანური გადმოცემებისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით და არა ქრისტეს მიხედვით.
იოანეს 1:3
ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა.
დაბადება 2:7
და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.
ფსალმუნები 8:4-6
რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ? ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე.
ფსალმუნები 32:4-11
რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია. უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა; უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით მთელი მისი საკრებულო. შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები. ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყოველი მკვიდრი სამყაროსი. რადგან მან თქვა და შეიქმნა, მან ბრძანა და არსებობს. უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს. აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად, და თაობიდან თაობამდე – ზრახვანი მისნი.
ფსალმუნები 52:1
თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი”! გაირყვნენ და ჩაიდინეს სისაძაგლე; აღარ არსებობს სიკეთის მქმნელი.
ესაია 42:5
ასე თქვა უფალმა ღმერთმა, რომელმაც შექმნა ცანი და გადაჭიმა ისინი, დააგო დედამიწა მისი აღმონაცენითურთ, მისცა სუნთქვა ხალხს, მასზე მოარულს.
იერემია 9:5-9
ერთმანეთს დასცინიან! სიმართლეს არ ლაპარაკობვნ; ენას ტყუილის თქმა ასწავლეს, დაიქანცნენ თვალთმაქცობით. სიცრუეში გიდგას ბინა; სიცრუე უშლის მათ ჩემს შეცნობას, ამბობს უფალი. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, გადავადნობ მათ და გამოვცდი, რადგან სხვაგვარად როგორ მოვიქცე ჩემი ერის ასულისთვის? წამახული ისარია მათი ენა, სიცრუეს ლაპარაკობს ბაგეებით, თავის მოყვასს მშვიდობას ეუბნება, გულში კი მახეს უგებს. როგორ არ დავსაჯო ამისათვის, ამბობს უფალი; როგორ არ მივაგო სამაგიერო ასეთ ხალხს ჩემივე ხელით.
დაბადება 1:11
და თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარე, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი”. და იქმნა ასე.
რომაელთა 1:18
ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.
2 პეტრეს 3:3-6
პირველ რიგში, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან. და იტყვიან: სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რადგან მას შემდეგ, მამები რომ მიიცვალნენ, ყველაფერი უცვლელად რჩება, როგორც დასაბამიდან იყო. ისინი განზრახ ივიწყებენ, რომ თავდაპირველად ცანი და დედამიწა შეიქმნა წყლისგან და წყლით ღვთის სიტყვის მეშვეობით; და, რომ მაშინდელი ქვეყნიერება წარღვნის წყლით მოისპო.
რომაელთა 1:20-25
რადგან ის, რაც უხილავია მისგან – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრიობა – სამყაროს შექმნიდან მოყოლებული ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, არა აქვთ მათ პატიება. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლი შესწირეს, არამედ ფუჭი გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და შეიშალნენ, და უხრწნელი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათი გულისთქმებით უწმიდურებას, ისე რომ თავად ბილწავდნენ თავიანთ სხეულებს. მათ ღმერთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.
დაბადება 2:1-6
და გასრულდა ცა და მიწა, და მთელი მათი მხედრობა. და მეშვიდე დღეს დაასრულა ღმერთმა თავისი საქმე. და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი თავისი საქმისაგან, რასაც აკეთებდა. და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყოველი თავისი საქმისაგან, რასაც ღმერთი აკეთებდა. ეს არის დაბადება ცისა და მიწისა, როცა უფალი ღმერთი ქმნიდა ცას და მიწას: არცერთი ბუჩქი მინდვრისა ჯერ არ იყო მიწაზე და არც ბალახი მინდვრისა ჯერ არ აღმოცენებულიყო, რადგან უფალ ღმერთს ჯერ არ ეწვიმებინა მიწაზე, და არ იყო კაცი, რომ დაემუშავებინა მიწა. და ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის მთელ ზედაპირს.
დაბადება 1:24-27
და თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი მათი გვარისამებრ – პირუტყვი, ქვეწარმავალნი და მიწის მხეცები მათი გვარისამებრ.” და იქმნა ასე. და შექმნა ღმერთმა ცხოველნი მიწისა მათი გვარისამებრ, და პირუტყვი – მისი გვარისამებრ, და ყოველი ქვეწარმავალი – მისი გვარისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. და თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ბატონობდეს თევზებზე ზღვაში და ცის ფრინველებზე, და პირუტყვზე მთელს ქვეყანაზე, და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იძვრის მიწაში”. და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად – ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად.
იობი 40:15-18
აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ხარივითა ძოვს ბალახს. აჰა, მის წელშია მისი ძალა და მისი ღონე მისი მუცლის კუნთებში. ნაძვივითა დრეკს თავის კუდს, ბარძაყის ძარღვები გადაგრეხილი აქვს, მისი ძვლები სპილენძის მილებია. მისი სახსრები რკინის წნელებივითაა.
მათეს 19:4-6
მან მიუგო და უთხრა მათ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? და თქვა: ‘ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკრობა თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.’ ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ.”