ნეემია 9:7-8
შენ ხარ უფალი, ღმერთი, რომელმაც გამოარჩიე აბრამი, გამოიყვანე ქალდეველთა ურიდან და აბრაჰამი დაარქვი სახელად. ერთგულად სცანი მისი გული შენ წინაშე და აღთქმა დაუდე, რომ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, იებუსელთა და გირგაშელთა ქვეყანას მისცემდი მისი შთამომავლობისთვის დასამკვიდრებლად;
გალატელთა 3:9
ამიტომ ისინი, ვინც რწმენისგან არიან, ერთგულ აბრაჰამთან ერთად იკურთხებიან.
ებრაელთა 11:8-12
რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა. რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან – იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად; ვინაიდან ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელი ღმერთია. სარამაც, უნაყოფო რომ იყო, რწმენით მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი. ამიტომ ერთისგან, ისიც ლამის მკვდრისგან, იშვა მრავალი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და აურაცხელი ქვიშა ზღვის ნაპირზე.
რიცხვნი 12:7
მაგრამ ასეთი არ არის ჩემი მსახური მოსე; მთელ ჩემს სახლში ის არის ერთგული.
ებრაელთა 11:24-28
რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძეობაზე. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში; ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა. რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო. რწმენით მოაწყო პასექი და სისხლის პკურება, რათა არ გაკარებოდა შემმუსვრელი მათ პირმშოებს.
რიცხვნი 14:24
მხოლოდ ხალებს, ჩემს მსახურს, მივიყვან იმ ქვეყანაში, რომელიც ნახა, რადგან სხვა სული ჰქონდა და ბოლომდე მომყვებოდა; მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.
მეორე რჯული 1:36
მხოლოდ ხალებ იეფუნეს ძე იხილავს მას; ის და მისი ძენი დაიმკვიდრებენ იმ მიწას, რომელსაც ფეხი დაადგა, რადგან ბოლომდე მიჰყვა უფალს”.
იესო ნავეს ძე 14:8-9
ჩემმა ძმებმა, ჩემთან ერთად რომ წამოვიდნენ, გული გაუტეხეს ხალხს; მე კი ბოლომდე მივყევი უფლის, ჩემი ღმერთის კვალს. და ასე დაიფიცა მოსემ იმ დღეს: ქვეყანა, რომელსაც ფეხი დაადგი, შენი და შენი შვილების სამკვიდრო იქნება უკუნისამდე, რადგან ბოლომდე მიჰყევი უფლის, შენი ღმერთის კვალს.
3 მეფეთა 19:14
თქვა: „უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან”.
1 მეფეთა 29:5
მოუხმო აქიშმა დავითს და უთხრა: „ცოცხალია უფალი, უმწიკვლო ხარ; ჩემთვის მოსაწონია შენი შესვლა და გამოსვლა ჩემს ბანაკში, რადგან არ შემინიშნავს შენში ბოროტება ჩემთან შენი მოსვლიდან დღემდე, მაგრამ მთავრებს არ მოუდიხარ თვალში.
2 მეფეთა 9:6-7
მოვიდა მეფიბოშეთი, საულის ძის, იონათანის ვაჟიშვილი დავითთან, პირქვე დაემხო მის წინაშე და მიწაზე განერთხა. უთხრა დავითმა: „მეფიბოშეთ!” მიუგო: „აქა ვარ, შენი მსახური!” უთხრა დავითმა: „ნუ გეშინია, სიკეთეს გიზამ მამაშენის, იონათანის, გულისთვის, დაგიბრუნებ მამაშენის, საულის, მთელ მიწებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს”.
2 მეფეთა 22:22-24
რადგან ვიცავდი უფლის გზას, და ჩემი ღმერთისთვის არ შემიცოდავს. რადგან ჩემ წინაშეა მისი მცნებები და არ გადამიხვევია მის დადგენილებათაგან; უბიწო ვიყავი მის წინაშე და ცოდვას გავურბოდი.
4 მეფეთა 20:3
„უფალო! ახლა გაიხსენე, როგორ ერთგულად და მთელი გულით დავდიოდი და კეთილად ვიქცეოდი შენ წინაშე”. მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
ესაია 38:3
ამბობდა: „გევედრები, გაიხსენე უფალო, ჭეშმარიტებით და მთელი გულით რომ დავდიოდი შენ წინაშე და კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში”. მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
2 ნეშტთა 31:20
ასე მოიქცა ხიზკიაჰუ მთელს იუდაში და გააკეთა ის, რაც სამართლიანი და ჭეშმარიტი იყო უფლის, თავისი ღვთის წინაშე.
დანიელი 6:4
ამიტომ საბაბს დაუწყეს ძებნა მთავრებმა და სატრაპებმა, რათა დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში დაედოთ ბრალი; მაგრამ ვერავითარი საბაბისა და დანაშაულის პოვნა ვერ შესძლეს, რადგან ერთგული იყო იგი და არავითარი შეცდომა და დანაშაული არ აღმოჩნდა მასში.
დანიელი 6:10
როცა შეიტყო დანიელმა რომ ასეთი წერილი დაიბეჭდა, ავიდა თავის სახლში, რომელსაც ღია სარკმლები ჰქონდა იერუსალიმისკენ, ზედა ოთახში, სადაც დღეში სამჯერ იყრიდა მუხლს, ლოცულობდა და მადლობას სწირავდა თავის ღმერთს, როგორც ამას ადრეც აკეთებდა.
1 ტიმოთეს 1:12
მადლიერი ვარ მისი, ვინც ძალა მომცა, ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც ერთგულად მიმიჩნია და მსახურებაში განმაწესა.
1 კორინთელთა 7:25
ქალწულთა შესახებ არ მიმიღია ბრძანება უფლისგან, მხოლოდ რჩევას გაძლევთ, რადგან სარწმუნო ვარ უფლის წყალობით.
2 ტიმოთეს 4:7
კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.
1 კორინთელთა 4:17
ამისთვის გამოვგზავნე თქვენთან ტიმოთე, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში, რომელიც გაგახსენებთ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორც ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში.
2 ტიმოთეს 1:5
მახსენდება შენი წრფელი რწმენა, უწინ დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში რომ იყო დამკვიდრებული და მწამს, რომ იგი შენშიცაა;
საქმეები 16:25
შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
გამოცხადება 2:10
ნუ შეგეშინდება ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ზოგიერთ თქვენგანს საპყრობილეში ჩააგდებს ეშმაკი, რათა გამოიცადოთ. გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.
გამოცხადება 2:13
ვიცი რომ იქ ცხოვრობ, სადაც სატანის ტახტი დგას, და რომ გიჭირავს ჩემი სახელი და არ უარყავი ჩემი რწმენა, ჩემი ერთგული მოწამის, ანტიპას დღეებშიც კი, რომელიც მოკლეს თქვენს შორის, სადაც სატანა მკვიდრობს.
გამოცხადება 12:11
და მათ გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და თავიანთი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს თავისი სული თვით სიკვდილამდე.
დაბადება 5:22-24
მეთუშალახის დაბადების შემდეგ ენოქი სამასი წელი დადიოდა ღმერთთან და შვა ძენი და ასულნი. ენოქის დღეები სულ სამას სამოცდახუთი წელიწადი იყო. ღმერთთან დადიოდა ენოქი და აღარსად იყო, რადგან ღმერთმა აიყვანა იგი.
ებრაელთა 11:5
რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.
გალატელთა 6:9
სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით!
ებრაელთა 11:7
რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.
იესო ნავეს ძე 24:14-15
ახლა გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად; მოიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში; უფალს ემსახურეთ. და თუ ბოროტებად თვლით თქვენს თვალში უფლის მსახურებას, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ – იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ იორდანეს გაღმა, თუ – ამორელთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც მკვიდრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით”.
4 მეფეთა 22:2
სწორად იქცეოდა უფლის თვალში და დადიოდა მამამისის, დავითის გზით, არ გადაუხვევია არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
ნეემია 13:13-14
საგანძურთა ზედამხედველებად შელემია მღვდელი, ცადოკ მწერალი და ფედაია ლევიანი დავნიშნე და ეს იყო მათი საქმე. მათთან იყო ხანანი, ძე ზაქურ მათანიას ძისა, რადგან სანდოდ მიიჩნეოდნენ ისინი და მათზე იყო ძმათა შორის ყველაფრის დანაწილება. გახსოვდე მე, ღმერთო ჩემო, ამის გამო და ნუ წარხოცავ ჩემს ერთგულ საქმეებს, რომელიც ღვთის სახლისა და მისი სამსახურისთვის გავაკეთე.
იობი 23:11-12
მტკიცედ მისდევს ჩემი ტერფი მის ნაფეხურებს, მის გზას ვიცავდი და გვერდზე არ გადამიხვევია; მის ბაგეთა მცნება არ მიმიტოვებია და საკუთარ საზრდოზე მეტად ვიცავდი მისი პირის სიტყვებს;
იობი 27:6
ჩემს სიმართლეს ვეჭიდები და არ მოვეშვები, დღემდე არ გავუმტყუნებივარ ჩემს გულს;
2 ტიმოთეს 2:2
და რაც მრავალი მოწმის თანდასწრებით მოისმინე ჩემგან, ის გადაეცი ერთგულ ადამიანებს, რომელთაც სხვათა განსწავლის უნარიც ექნებათ.
დანიელი 3:16-18
მიუგეს შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ და უთხრეს მეფე ნაბუქოდონოსორს: „არ გვჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გვიხსნას და შენი ხელიდანაც გადაგვარჩინოს, მეფევ, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, დაე, ცნობილი იყოს შენთვის მეფევ, რომ მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს და არც შენს მიერ აღმართულ ოქროს კერპს ვცემთ თაყვანს!”
საქმეები 4:18-20
დაუძახეს მათ და უბრძანეს, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით. მაგრამ მიუგეს პეტრემ და იოანემ და უთხრეს მათ: „თვითონ განსაჯეთ, განა მართებული იქნება ღვთის წინაშე, თქვენ უფრო მოგისმინოთ, ვიდრე ღმერთს? ვინაიდან არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც გვიხილავს და მოგვისმენია”.
კოლოსელთა 4:7
ჩემს შესახებ ყველაფერს გაცნობებთ ტვიქიკოსი, საყვარელი ძმა, ერთგული მსახური და თანამონა უფალში,
კოლოსელთა 4:12
მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, ქრისტე იესოს მონა, რომელიც მუდამ იღწვის თქვენთვის ლოცვებში, რათა მოწიფულნი და მტკიცედ დაჯერებულნი წარსდგეთ ღვთის სრულ ნებაში.