ეგზორციზმი (ეშმაკის განდევნა) ბიბლიის მუხლები

მათეს 7:22
ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?

მათეს 12:25-29
იცოდა იესომ, რას ფიქრობდნენ ისინი და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ვერ გაძლებს. თუ სატანა სდევნის სატანას, თავისავე წინააღმდეგ გაყოფილა იგი და როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მოსამართლენი. მაგრამ თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო. ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და შემდეგ გაძარცვავს მის სახლს.

საქმეები 19:13-16
ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმა იუდეველმაც იწყო უფალ იესოს სახელის ხსენება ავი სულებით შეპყრობილებზე; ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო. ამას აკეთებდა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას შვიდი ვაჟი. მაგრამ მიუგო ავმა სულმა და უთხრა მათ: „იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი, თქვენ კი ვინა ხართ?” დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ იმ სახლიდან.

მარკოზის 1:23-27
იქვე, კაცი იყო სინაგოგაში, არაწმიდა სულით შეპყრობილი და იყვირა:„რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ”. იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან!” არაწმიდა სულმა შეანჯღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან. ყველანი განცვიფრდნენ, ისე, რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც კი ემორჩილებიანო მას?

ლუკას 11:21-22
როცა ძლიერი კაცი შეიარაღებული იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მის ქონებას არაფერი დაემუქრება. მაგრამ, თუ მასზე ძლიერი დაესხმება თავს და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომელზეც იყო მინდობილი და გაანაწილებს ნადავლს.

მათეს 8:16
მოსაღამოვებულზე მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და განკურნა ყველა სნეული.

მარკოზის 1:34
ბევრი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისგან, ბევრი ეშმაკი განდევნა, თან ნებას არ რთავდა ეშმაკებს ელაპარაკათ, რადგან იცნობდნენ მას.

მარკოზის 1:39
დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და დევნიდა ეშმაკებს.

ლუკას 6:17-18
ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე, და უამრავი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ასევე ტვიროსისა და სიდონის სანაპიროებიდან, რომლებიც მოვიდნენ, რომ მოესმინათ მისთვის და განკურნებულიყვნენ თავიანთი სნეულებებისგან; არაწმიდა სულებით გატანჯულნიც იკურნებოდნენ.

მარკოზის 3:14-15
თორმეტნი აირჩია და უწოდა მათ მოციქულნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ და საქადაგებლად გაეგზავნა ისინი, და რომ ჰქონოდათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება.

მარკოზის 6:7
მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათგან ორ-ორის გაგზავნა; და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე.

ლუკას 10:17
სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდაათნი და ამბობდნენ: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან”.

საქმეები 5:16
იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც ბევრნი მოდიოდნენ, მოჰყავდათ ავადმყოფები და არაწმიდა სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.

ლუკას 8:27-35
ნაპირზე რომ გადავიდა, შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან. ეშმაკები დაუფლებოდნენ მას და დიდი ხანის მანძილზე არც სამოსელი ჩაეცვა და არც სახლში ცხოვრობდა, არამედ სამარხებში. როგორც კი იესო დაინახა, შეჰყვირა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იყვირა: „რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო უზენაესი ღმერთისა, გევედრები, ნუ მტანჯავ”. რადგან ამ კაცისგან გამოსვლა უბრძანა არაწმიდა სულს, ვინაიდან დიდხანს სტანჯავდა მას, ჯაჭვებითა და ბორკილებით ჰკრავდნენ, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ ის საკვრელებს წყვეტდა და ეშმაკის მიერ უდაბნოში იდევნებოდა.  ჰკითხა მას იესომ: „რა არის შენი სახელი?” მან უთხრა: „ლეგიონი”, რადგან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული; და ევედრებოდნენ იესოს, რომ არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა. იქვე ღორების დიდი კოლტი ძოვდა მთაზე. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, ნება დაგვრთე მათში შევიდეთო; და დართო ნება. გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაციდან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან ტბაში გადაეშვა და ჩაიხრჩო. ეს ამბავი რომ მეღორეებმა დაინახეს, გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს. გამოვიდნენ მომხდარის სანახავად. მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ; იგი შემოსილი და გონსმოსული იჯდა იესოს ფერხთით; და შეეშინდათ.

ლუკას 7:21
იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან, ასევე ავი სულებისგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა.

Close
Close